|
ნიკალ!.. ჰა, ნიკალ! - შემოგძახეს აქეთ-იქიდან, მარტო რად სვამო?.. და ცა თვალებს ვერ ახამხამებ. მთვარობის ჭინკა ძეწკვს გახარბებს - ბოლო ჭიქიდან და ჭიქიანად ტყდება ეს ღამე!
შუბლში ჯამებს იჯახუნებენ! შავ მუშამბიდან მეეზოვე შემოგბღვერს ცოცხით. ცა შეგიწამლავს შაბიამნით და... ღმერთიც გიცოცხლოს! მაინც...
ცოცხალს და ფერებს... არ სჯობდა ბედი დაგეჭირა - თუნდაც... ლიფსიტა?! რა მუზის ჩაი აიჩემე ვინ დაიჯერებს, რომ გულს იჯერებ ცივ ჩაის სმითა?!
ამ თვალმშრალებს რა გაეგებათ. ჩაილულიო... და დუქნისკენ გაჩქარდებიან! ხომ ხედავ, ხაშის ხსენებაზე ენა ებმით და შენც... არყის სურდო გადაგდებია.
ბედის ხუნდი შემოფრთქიალდა!.. ადე, ბერბიჭავ, დაახატე მხარზე აქტრისას. მტრისას, ხურდით თუ დაიჭირეს... ბე - ვერცხლია და თამასუქივით ჩაბარდება ობობა - ქისას.
ვარდს მიართმევ - წინანდლისასა!.. რაღა დარჩებათ ჭავჭავაძიანთ? ნიყვიყლაპია რუსი ეტრფის იმათ ნინას და ჭაჭაადრიან აიძაღლებს ენას - ღვარძლიანს!
ამოყანთდა გოგრის ყვავილი - იმტოლა მთვარე ამოგორდა ცა ამოქოლა! ჩამომიტეხე ნამგლისხელა... ბზობის ყვავილით ნუ მაჩხავლებ და ნუ მაქციე დუქნის ბოქლომად!
მხატვრის რა ვთქვი... ჯამიმც გამიტყდეს, ცის მოლზე თუ არ ვაბალახო შენი ჟირაფა!.. გულის სამერცხლულს გამოვუღებ ლოთიან სიტყვებს და ქარონისა გაჭმევ შილაფლავს!
გულში ოდენ ფუნჯი იწობა? არა, ნიკალა, მანდ სველდება მშრალი კალამიც; ჩვენთან ეშმაკსაც ვერ გაუვა თავპატიჟობა, განა, თავად არ გვიჯამჯამა ეს ჯამჯალამი?!
მაცხოვარი ბატკანს აძოვებს, საყდარში უკვე ბიბინებენ სანთლები - მოლად; ადექი, ვიდრე ამოსჭრია ცისკარს სარძევე, თორემ, ხვეწნაში სულის ღამე ამომებოლა!.. |


