|
- მე დავიკარგე... დავიკარგე თუ დღეს აღმოვჩნდი? დავრთგუნე სული, თუ ეს სული მე დღეს გავწმინდე? ვარ სამშვიდობოს ვარ აღმართზე თუ თავდაღმართში? რა უნდა ერქვას ჩემს აქ ყოფნას, სუნთქვას აწინდელს.
ძველი ჩემი გახმა ყვავილი კვლავ ახალ ვარდთა, უფრო კარგთა დღეს ვარ მფლობელი? კვლავ ვფარავ სულში, თუ გულმართლად დავთმე ყოველი? დავთმე? და, იქნებ, არმც რამ მქონდა დასათმობელი.
დიდ განგებას როდის გარდაველ, როდის დავაკელ სითბო ლოცვას, ლოცვას მონებრივს, მაგრამ თუ ზოგჯერ ვერ ვუჭერდი ფიქრსაც სადავეს - რად მომეც ნიჭი, გულისყური, თვალი გონების.
არც მეთვლება ეს მკრეხელობა და შენ, პირიქით, მცირედ მითვლიდი ჩემს შემართებას; იქნებ ამაოდ შენთან ვიწყებ თავის მართლებას. მე - სხვა ბუნების მოწოდება, მე - სხვა ხელობა.
რა ხმა მქონდა, რა საკუთრება? ვიყავ მმართველი, ხმელთა რისხვა, ზღვათა მპყრობელი? მე მეპყრა სკიპტრა? მბრძანებლობის მქონდა უფლება? ვიყავ ქალაქთა აღმმართველი, დამამხობელი?
ბედი კაცთა მე არ მებარა, ჩემად ნუგეშად, ჩემად ტანჯვად მე ეს მეყოფის.. მე კაციც ვიყავ, მეც ამ მიწის მედო ბეგარა: - მე ვიყავ მონა სიყვარულის და ერთმეფობის.
თუ მაინც მთვლი სულად ცოდვილად, თუ მიხმობს შენი ხმა დამსჯელი, მაღალ-მეფური - ჰა, მოველ შენთან გულგახსნილად, დედიშობილად, უკვე სამარის კარს მიმდგარი, დაღამებული.
სად ვარ მცდარი, სად ვარ მართალი? დღეს მარტვილი ვარ, ყარიბი ვარ, ვარ განდეგილი; მარქვი, მე ჩემი გაზაფხული, ჩემი ზამთარი... პანტოკრატორო, შენს წინ ვდგავარ მუხლმოდრეკილი. |


