|
ბირჟაზე დავიწყე გადათვლა და მეცამეტესთან შევდექ: გვარები მორჩა და დაიწყო: და სხვები და ასე შემდეგ. გამრიგემ ბევრი და მრავალი თავთავის სკამებზე დასხა, გარიყა დანარჩენები და მეც ბევრჯერ ვიყავი და სხვა. ვიყავი და ასე შემდეგიც და ველოდებოდი შედეგს, კვლავ ველი, ნეტავ ვინ იქნება შემდეგი და ასე შემდეგ. გასინჯა უსახელაური თამადამ და მისმა თასმა, დათვრა და სასხვათაშორისოდ გამორჩა ცამეტი და სხვა. მავანი მარილზე გაგზავნეს, მავანი ტყემალზე დასვეს, ხანდახან ვერც განასხვავებდი და სხვებსა და არა და სხვებს. და რაკი გვარი და სახელი ანსხვავებს მარშალს და ზემდეგს, სახელის მოხვეჭა სჯობია ყოველსა და ასე შემდეგ. თბილისის აშუღმა სასწორზე დაგვიდო ვარდი და გოგრა, ჩვენც სახელისათვის ვჩალიჩობთ და გვესახელება გოგლა. ვერ გადაარჩინა კრწანისი მაჩაბლის პატარა დასმა, მარაბდას ახსოვს და თბილისსაც ურიცხვზე ურიცხვი და სხვა. თბილისთან - უარს არ გვეტყვიან მცხეთა და ლისი და ძეგვი - დიდგორის მახლობლად ჯვარივით აღვმართოთ და სხვების ძეგლი. წავშალოთ ნიშნები კითხვისა, გავშიფროთ - ვინ იყო ვინ და ჩვენ სამი წერტილი არ გვინდა... ჩვენ ორი წერტილი გვინდა: |
| პოეზიის გვერდი • • • |


