ცენტონი - ლირიკული თამაშია, რომელშიც სხვადასხვა დროისა და ქვეყნის პოეტები (და არა მარტო პოეტები) მონაწილეობენ.
|
აბა, კარგად დააკვირდით, ძმებო, სანატრელებო, იცინიან პოეტები და დამტვრეულ ტელეფონს
ატენი და ადენი და ათენი და ათონი.
ნაწვიმარი სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში.
სიყვარული აგვამაღლებს: იგი ვარდობს, შენ იე.
მინდა გული დარიალის კარებივით გავაღო.
უწინდელი წითელი და შარშანდელი შანდალი.
ჩრდილზე ფეხს რომ დამადგამენ, ტანში გამაჟრიალებს.
ერთხელ კიდევ გამიღიმე, ღმერთი დედას გიცოცხლებს!
ეს თოვლია თუ მიმინომ დააფეთა მტრედები?
ორთაჭალის ბაღში მნახე, - აი რას გთხოვ, აი რას.
მოვაგროვე მანეთი და მანეთი და მანეთი.
ზოგი მიყვარს ნივთივით, მტკვარზე - ტივი. ტივი. ტივი. მტკვარზე ტივის ტივტივი.
ლურჯი, ლურჯი დღე არის, თუ არ შეგებრალები და მე არ ველი უარესს.
იით მოაიავე და მოაიასამანე.
შენგან მეფე მონას ეყმო, შენგან ბრძენი ხელად რებს.
შენს გამო და მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა -
შარშანდელი შემოდგომის ღვინო გამომიგზავნა.
და მე მინდა, რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.
უნუგეშო ვანუგეშო: მირ სპასიოტ კრასატა!
დამეხსენი, ერთგული ვარ, ორგულობა არ მინდა.
ნაცნობები ვეღარ მცნობენ, რაც ცხოვრება ვიცანი.
ან აქ - რის და ან იქ - რის? - ქარი ქრის და ქარი ქრის და ქარი ქრის და ქარი ქრის.
პოეტებო, ხელმწიფეებს არ ჩაუჯდეთ ნავებში!
სიძესა და ზესიძეს, მე არ ვწერ და როცა არ ვწერ, მაშინ ვწერ და ლექსი მწერს.
ქრიან ლურჯა ცხენები და კრთიან ეფემერანი.
გავეშუროთ, გათავდება გზა ვიდრე და ცა ვიდრე,
აგერ არის, ბატონებო, სახინკლე და სამწვადე,
ბუბას ჰარყილ ხაკუჩელა, - რახი მოიხალისა.
თარი - რას და არფა - რას? - მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არ ფარავს.
იბზარება, როგორც ფეხით ჩატეხილი ყინული.
მეჩვენება: ქვისმთლელები ჩემს დარდს აქუცმაცებენ.
არაფერი არ მოსწონდა, ყველაფერი უყვარდა:
Aut Ceasar, aut nihil! Per aspera ad astra!
ვერ ვუშოვნე მე ვერსად, აქაც კარგი კაცი იყო, იყო წელსა მერვესა...
თვალი მოჰკრა ანგელოსს, მაგრამ ვიდრე შეიცნობდა ან სურნელს და ან გემოს,
ია ვ დოლგუ პერედ ვამი, ბაგდადსკიე ნებესა!
ალმაცერი... და დაიწყო უცებ წიფის გვირაბი.
თან ყორანი ეწვია და დასჩხაოდა: Nevermore!..
მერე თოვლი წავიდა და მერე მიწა მოვიდა,
გარდაცვლილთან მეგობრობა იოლია, იოლი.
ვიცი, ღმერთი არ გასწირავს კაცს კაცისგან განაწირს.
ღმერთო, უცხო პლანეტაზე გამაღვიძე ოდესმე!..
მოდი, მაშინ წამიყვანე, უფრო ახლოს ვიქნები.
და მივყვებით ჩრდილებივით ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ეს ერთი და სხვა ათასი კომედია დამთავრდა!
ნუვინ ჩივის, საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი.
კაკაბი და კოკობი და კოკები და კოკა და
ასეთია სიტყვის ბედის, რითმის ღმერთის კაპრიზი.
მონას გაამონარქებ, დროზე შაში თუ არ მოვა, რა ქნას კარგმა მონარდემ? |


