|
სეტყვა შეთვალებულ ისრიმს წვრილი საფანტივით ისვრის, ელვის მოქნეული შუბით ფატრავს შუაღამის შავ ტანს, დამაბრმავებელი შუქი ვაზის ფესვებამდე ატანს.
იავარმყოფელი ყოვლის სარჩო-საბადებელს მეხავს, ქვეყნად არიალებს ურვას, მუსრავს მსხმოიარე ვენახს, მიწის საწნახელში წურავს.
როგორც დათოფილი ვეფხვი განსახიერება რისხვის - ბორგავს, ეჩხუბება ელვას, უფლის გასაგონად ისმის მისი დედაკაცის წყევლაც.
მათი თითისხელა ბავშვი, პერანგს გაიღეღავს რიხით იჭერს ჩამოქცეულ სეტყვას და ცხელ საგულეში იყრის, - სადაც გაზაფხული ფეთქავს.
მაგრამ კაფანდარა ბავშვი ცაში გაყუჩებულ ღრუბლებს ისე აცქერდება ერთხანს, თითქოს გასრულდაო უკვე მისი საუბარი ღმერთთან...
ყინვით უბესავსე ბიჭი დიდი მოლოდინით სდუმდა, აღარ აჰყურებდა ზეცას, ჩუმად ინახავდა გულთან ხვალის მობდღვრიალე მზესაც.
და ღრმა მოხუცივით დაღლილს ფეხქვეშ ემღვრეოდა გუბე, შუბლზე შარავანდი ერტყა; მისმა უწმინდესმა უბემ წვიმად მოაქცია სეტყვა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


