|
სარკმელში ღამის მხრები ელავენ, პალტო ჩრდილივით აგდია კართან, ის კი მეასედ ყვება ყველაფრს, ძველსა თუ ახალს, ტყუილს თუ მართალს.
და ეფერება საკუთარ ხალათს და ამოუხსნელ ბუნების ძალით ბედნიერების ნახევარს მალავს.
სხვა ვერ გაიგებს იმ ორის გარდა, ის ჰყვება პირველყოფილი ვნებით და გულწრფელია საკუთარ თავთან.
თავზე მოხვეულ თვისებებს კარგავს, თვალებში მშვიდად უყურებს ღამეს და როგორც ცოცხალს - უყურებს საგანს.
ღალატობს თავის წესს და ბუნებას და ეწირება მათ გულწრფელ განცდას, როგორც ყველაზე ძლიერ ცდუნებას.
ფრინველის მსგავსი საათი ყვინთავს, სარკმელი მკერდით აკავებს ავდარს, სარკე ყველაფერს ირეკლავს მშვიდად.
მიშვებულ ნიჩაბს თუ ფრინველს ბაძავს, ხოლო ოთახში ნახევრად ბნელა და ჰგავს ოთახი პატარა ტაძარს.
მოსვენებული ჰყავდეთ გონება და ვერ ამჩნევდნენ, რომ ყველა წამი უფრო ნათელს ხდის მათ განშორებას,
რომ სიხარულიც ძაფით აბია და რომ ათასგვარ სიძნელის გარდა, არსებობს მკაცრი გეოგრაფიაც.
არსებობს თვალი, სმენა და ენა... მაგრამ არსებობს უსაზღვრო გულიც, უსაზღვრო ნდობაც, უსაზღვრო რწმენაც.
წყალს მიაქვს მათი ალერსის ფასად და იყურება სარკმელში ღამე, ცერებზე შემდგარ მოზარდის მსგავსად. |
| პოეზიის გვერდი • • • |


