კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:08

 

 

მესტვირული

 

სტვირის გუდა მაქვს ბლიაძის,

ქამანჩა ქებაძისაო,

დაბლა ქვეყნის ვარ მღერალი,

შემამკობელი ცისაო;

თან დამაქვს გულის გავსილი

და ცარიელი ქისაო.

ჩემი როცა მაქვს, არ ვზოგავ

არა მინდა რა სხვისაო!


სიმდიდრედ მყოფნის სიტურფეც

ხმელეთისა და ზღვისაო.

ამ ქვეყნის ჭრელა-ჭრულები

გულმა ვერ შეითვისაო!

არც ბატონი მყავს, არც ყმა ვარ,

მონა ვარ მეუფისაო,

მის ნება-სურვილს ვასრულებ,

მორჩილი გულის თქმისაო.


გული სარკედ მაქვს ქცეული,

ენა საყვირად ზეცისა,

უნდა, რაც ჩამესახება,

გავიმეორო მეც ისა.

მოკანანახე ცხოვრების,

ფერადად მრავალ-კეცისა,

ვერ ვაქებ მუნჯის მჭევრობას,

შორ-მჭვრეტელობას ბეცისა.


შეუპოვარი სიმართლე ,

ნაბრძანები მაქვს მე ცისა,

თვარა ჩემ თავად მე რა ვარ,

მსგავსი მატლის და მხეცისა,

ადვილად დასაფშვნელი რამ,

როგორც ჭურჭელი კეცისა...


- უკვდავი მხოლოდ ღმერთია

და ძალაც მისი სრულია,

სხვა ყოლიფერი ნაარსი

მისგანვე გახსნილ-კრულია;

რასაც კი დასაბამი აქვს,

თანვე ჰდევს დასასრულია;

ხორც-შესძულ კაცის შეგნება

მოკლე და უმეცრულია!..


რაც გარეგნობით თვალსა ჭრის,

ის შიგნით გამოხრულია;

ნაგვიანები ცხოვრება

ზოგისთვის ნაადრულია

და ვაი, სოფლის მიმყოლსა!

მისი მოყვრობაც მტრულია.


- მაშინ შევიგნე ეს ყველა,

ღონე რომ გამომელია...

ავის და კარგის გარჩევი

გამოცდილება ძნელია!

მართალი უთქვამს მგოსანსა:

«რაც ელავს - ყველა ბნელია!»

თურმე შავია ქვეყანა

შიგნით, გარეთ რომ ჭრელია;

გულგრილად ბრუნავს თავისთვის,

სხვა გვარად გამძრახველია;

ავიც და კარგიც იმისი, -

ორივე საეჭველია... -

და რაც ახალი გვგონია,

ის თურმე ძველის-ძველია!


ერთხანად მეც ეს სოფელი

ვარდისფრად მეჩვენებოდა:

ოცნების ზღვაში მცურავი,

სული ნეტარი ტკბებოდა,

თან ხორციც გაბრიყვებული,

ტკბილ-ჟრუანტელით დნებოდა,

იქ, სადაც სხვები ტიროდნენ,

მე მარტოს მეცინებოდა,

სიტკბოში მღვიძარს, ღამ-ღამით

გულ-მშვიდად მეძინებოდა,

არას ვნაღვლობდი საჩემოს,

არც სხვისი მენანებოდა

და თვით ოცნება-სიზმარიც

ნებაზე ამეხსნებოდა!..


ის დრო წავიდა! ირაოდ

გადაფრენილი ბუდითა!

დამიგდო გამოცდილება

მისი კარგით და ცუდითა;

სულ ჩამაშხამა, რაც მომცა

სწორი გზით, ანუ მრუდითა,

წიხლი მკრა, გამაბურთავა,

ქვა მასროლინა კუდითა.

და მშრალზე დამსვა მარტოკა

ჩემი ქამანჩა-გუდითა!...

მეც მიტომ ვწუნობ ქვეყანას

იერემიას ქუდითა!...


ვინც იყო იერემია,

ან ჰგლოვდა რომელ ერსაო?

ამას ბიბლია მოგვითხრობს

და ძველი აღთქმა წერსაო.

გოლგოთის აღმართს შეუდგა,

დადგა მთის მაღალ-წვერსაო:

დაცქერდა იერუსალიმს,

ატყობდა ყოლიფერსაო,

იგლოვდა იმის მომავალს,

იგლეჯდა თმა და წვერსაო:

„იუდიანთა დიდებავ!

ჩაუარდები მტერსაო,

ბევრ რასმეს მოგანატრებენ,

დაგავიწყებენ ბევრსაო,

მუსრს გაავლებენ ერთ-გვარად

ქალს, კაცს, მოყმეს და ბერსაო...

ახალი ძველსა შელახავს,

შეუცვლის ხორცს და ფერსაო!...


შენც, სოლომონის ტაძარო,

ზურგზე აგადენ მტვერსაო,

მაგრამ ჯერ ბრმა ხარ, ისრაილ,

ვერ ხედავ ვერაფერსო.

და მტერი აღარ გგონია,

ვინც დღეს მოყვრულად მღერსაო!..

- მე რა მრჯის იმის მიბაძვას?

სად წმინდა კვერთხი, სად ჩხირი?

სად ჩემი სტვირი, სად მისი

იერიქონის საყვირი?!

ის მაღალ ჰანგზე ჰგოდებდა,

მე ბლიაძურად გავჰყვირი,

თუმც-კი ორივეს საგლოვის

ერთია სარჩულ-სპირი:

ის ჰგლოვდა საფლავს იუდის,

მე - ირაკლისას დავტირი...


"პატარა კახო, გმირთ-გმირო,

ქვენად მეუფის სახელი,

სულით მაღალო, მაღალთა

მეფეთა მეინახეო! ,

დიდ ხანს ვერავინ გაგიძლო,

ვისაც კი ხელი ახეო!..

ბოლოს გიმუხთლა სოფელმა,

ქეშ-ქვეშ დაგიგო მახეო..

მთლად საქართველოს აღმდგენი

მცხეთაში დაიმარხეო,

თან ჩაიტანე საფლავში,

რაც გულში გაიძრახეო

და ახლაც შენი კურთხევა

მაღლიდან გადმოგვძახეო!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen