|
ნაპირს, რასაც საოცარი სილაჟვარდით ავსებს წყალი, სადაც დაფნის ტყეებია და მზიური ფორთოხალი, ნაპირს, რის მსგავსს ზღვათ მავალი ვერსად ნახავს კაცის თვალი, გადმოვიდა მოყმე ვინმე, ამაყი და სახემკრთალი.
თაყვანი სცა მშობელ მიწას, რამდენჯერმე ეამბორა, კვლავ დაემხო, კვლავ ცრემლები სისხლის რუებრ მოატბორა, მეღირსაო შენი ნახვა, აწც ვინ დაგვაშორიშორა?
დაგიბრუნდი შენი შვილი, ვეჭვ, რაიმე დიდი გარგო, გარნა ერთი სიცოცხლე მაქვს, მინდა შენთვის გარდავაგო, სიბრძნეს - ვეყმო, მოძმეს - ვეძმო, საკადრისი მტერს მივაგო.
როსმე წყნარი და უღრუბლო, ზამბახივით ხარი ბავშვი... ვნახე უცხო მხარეები, გადავეშვი სიბიარძნეთ ზღვაში, ხან სიცხეში, ხან ავდარში, ხან გრიგალში, ხან ნიავში.
ცისკრისათვის, რასაც დილის ჰქვია მიმოსინათლობა: იარისთვის, ჩემს დასისხლულ ფეხს რომ აჩნის, ვითარ გზობა, ყველაფრისთვის, რაც არა მაქვს და ანუ მაქვს: გრძნობა, ცნობა.
ზევით, ქვევით ცის ლაჟვარდი, გადაშლილი სივრცეები. ცადაწვდილი დგას ხეები, კვლავ კლდეები, სახეები, ახლო მესმის: ჩონგურები აშრიალდნენ. ვით დღეები.
ნაყოფიერ მინდორთ ნუგეშს, მზეთა ნუგეშს, ოქროს ხვავებს, გმადლობ ზღვისთვის, არემარევ! ამგვარად რომ ააყვავებს აღმომხდარ მზით, ჩამავალ მზით იმ მთვარესა და ვარსკვლავებს.
მოიარო სხვა ქვეყანა, ვერ მოისმენ ამგვარ ნანას. ხამს შესწირო კაცმა თავი მხარეს - ედემს ამისთანას... მის ვეფხვობას, მის სიუხვეს, სიყვარულს და ოქროს ხანას! |


