|
ჩემი მეეტლე გზად მღერის მრავალ ლექსსა და არაკსა, ეს რომ არ იყოს, ისე ხომ მოსაწყენია შარაგზა.
ჩემსკენ რომ გამოიხედა, მათრახი განს გაიშვირა, სთქვა: სახლსა ხედავ იქეთა?
მსურს გითხრა მისი ამბავი, თქვენ ხომ მწერალი ბრძანდებით, საქმეა დასასტამბავი.
კაცი კი არა, ჭოტია, ამაღლებული ვინმეა, სახელად ჰქვია ოტია.
პირს ხომ გააღებს ყველგანა, კბილებით არვინ შობილა, პირით კი - მთელი ქვეყანა.
მტერსაც შეებმის თვითონ ის, ენაც სასწორის მსგავსი აქვს - რასაც დაუდებ, იწონის.
ვინა ხარ, საით მოდიხარ? იმისგან ვერას გაიგებ, თუ ენამ არ გამოტეხა.
ვერც აუკრძალავ რაიმეს. სასიხარულო როცაა, მაშინ იძახის “ვაიმეს”.
წყნარია, მოუბარია, ცხვარია იმისი ენა, საქმე ქაჯივით ცხარეა.
მეზობლისას სწვდა ის ასე, რაც ულვაშისგან აიღო, წვერს მიუმატა თვისასვე.
მივარდებოდა ოტია: ხელზე რომ ხუთი თითია, ყველა ერთგვარი როდია.
ეს რა მითხარით „საჯაყი“, ჩემივე ხელით ჩემს ფეხზე, რათ შემოვიკრა ნაჯახი?
ვერ გავსცემ, ეს ზღაპარია! რომელი თითიც მოვიჭრა - ტკივილი თანაბარია!
ვინც არ სვამს, არც უჭამია, თუ არ მიიღებს რაიმეს, ხომ არას კარგავს, ძამია.
და ჩამოერთვა მიწები, ვეღარ შველოდა ვერარა საბუთი დანამტკიცები.
უგზობა, უღვთისმშობლობა, ჩამორჩენილის სხვებისგან ქეციან ძაღლის ობლობა.
იგრძნობს, რაც მისთვის სჯობია, მივიდა თემ-აღმასკომში, სთქვა: მიწა დამიგმობია.
არტელი რა მნათობია. ბრმამაც კი იცის, რომ დოში მარილიანი რამეა;
თქვენი კაცი ვარ, ძამია! მართლაც მიიღეს, მაგრამ რა? თავისთავს სურს ემსახუროს, ქაჩალი ფარავს სიქაჩლეს, სანამდის ქუდი ახურავს.
წინად ნაწყენი ოტია, მისწვდა ბეღლებსაც, მაგრამა სინათლე ბნელში როდია,
გაგიგეთ შენ რაც გწადია, და რაკი ხელს ჩასჭიდებენ, არც გაუშვებენ, ცხადია.
როგორ ენდობი გარეგანს. აბა, - გასძახა მეეტლემ და კვლავ ცხენები გარეკა. |


