|
ოთახში დამწყვდეულ დღეების ექოებს აქანებს სიჩუმე, როგორც ძველ მარაოს, ქანაობს, ქანაობს და ღამის სხეულსაც უნედლებს კედლების უღიმარ ანარეკლს. დგას აკვარიუმი - კამკამა ზანზალაკს ხანდახან გასცვივა ჩქამივით ფუსფუსი უფსკრულის. თევზის ფარფლს, უსუსურს უსმენ და იოცებ, რომ ნაბიჯს ამღერებს ნაჟღერებ სიმივით, დღე - წყლისქვეშ გასუსულს. წინ მთელი ღამეა. გაითევს ოთახი მოცხარის ფერნაკრეფ ცისკრამდე შობასაც. ობობას - დუმილის ანგელოზს შეაჩქვეფს ნიავი სინათლის ნასახლარს და სხივის ხსოვნასაც შეამსხვრევს იაკინთს. ღამეში ჩათესილ სინათლის ყვავილებს ჰკიდიათ აკვნები - ბიისფერ აბაჟურებს არწევენ ექოები - ფიქრები მეგობრების - მარადი ძიძები… დაძებნი ოთახში შენსავე მარტოობას, ნატრობ, რომ სულ გჩხვლეტდნენ წიწვები - წამები არსებობის! ნამდვილი არსებობის! და მაინც არა წამს, ხმას აძლევ ამ გამძლე მარადისობას, რომელიც გაიძულებს, ტკივილებს ემონო! გეგონოს, ასე სჯობს, რომ არც მთლად უმიზეზოდ ზუიან ფიქრების ფუტკრები - უტკბილეს ნექტარს გიგროვებენ ცრემლის ცვილით ამოქოლვილ ღამის თეთრ სკებში, ღამის თეთრ სკებში, ღამის თეთრ სკებში, სადაც მსგეფსია, სულ მსგეფსია სიყვარულისა. თავად ხარ მარხვა და აკრძალული, უკვდავებისთვის! ბიისფერ აბაჟურთან ყულფივით ქანაობს სინათლის ყვავილი... |


