|
შენ მშვიდად გძინავს ჩემი ფანჯრის წინ, შენი ფანჯრის შიგნითა მხრიდან. ჩემს მწვანე ნაძვს შენი სახლის საძირკველიც შეუდგამს ფესვზე. გირჩებში მოსჩანს, როგორ იღვიძებ, მტრედებს აყოლებ ბუნდოვან მზერას. შენი ოთახიც იმავე მზის სხივზე ფენია, რომელზეც ჩემი და ზუსტად ვიცი, რომ ფერები გადაუვათ ერთმანეთისგან, როგორც პეპლები და მწვანე მტვერი, სიყვარულის ჰამაკებივით ნაძვებს შორის გაკიდებული. გამთენიისას ჩვენი ქუჩის კენწეროზე, მუდამ ერთი ფირფიტა ბრუნავს - "ასიათასი ჩიტის ნისკარტით გამოთქმული ბედნიერება მეეზოვის დირიჟორობით". როგორც გვირილებს მიწის სიშავე გულისპირზე ყვითლად უღვივით, ჩვენ სიზმრებშიაც მღვიძრება გვიჩანს მუხლივით. ვერც ვიფარებთ სიშიშვლეზე პატარა ქუჩას, არა გვწვდება ერთი მთვარე, სამი ნაძვი და ჰორიზონტი - ეგ სულ მუდამ წკიპზე ჰკიდია, სულ ცალ ანჯამზე და ჭრიალით იბერტყავს დღეებს, ნამცეცებიან ტილოს რომ ვფერთხავთ ჩიტებისთვის, სწორედ იმგვარად. ჩვენს ფანჯრებს მინის მაგიერი ქარები უდგათ, ხეებმაც ქარი გამოისხეს კარგახანია და როცა არ გვაქვს სალაპარაკო, ისე გვივსებენ სიჩუმეს და გვეხეთქებიან, ისე გვაგლეჯენ პირიდან სიტყვებს, რომ აღარც ვაცლით ერთმანეთს სათქმელს. თმებს გვიწეწავენ, მტვრის თაიგულებს გვიკრეფენ ხოლმე, რომ გაუჩინონ საქმე როგორმე ჩვენს უღონოდ ჩამოყრილ ხელებს - ერთმანეთისკენ გაგვაწვდენინონ, რადგან საქმედ იმას სულაც არავინ გვითვლის, რომ ყოველ დილით ნისლში ვფუთნით და ვარკაჭაჭას სილურჯეებს ვაწვეთებთ თვალში ამვლელ-ჩამომვლელს, სიყვარულის უმისამართო ბარათებსაც ვკითხულობთ ღამით. ნაგავსაყრელზე კი არ გაგვაქვს ურიკებით და რახა-რუხით, სახლის უკან, მწვანე მინდორზე, ვმარხავთ უხმოდ და ვჭირისუფლობთ, როგორც მკვდარ ჩიტს - უბნის ბავშვები. ვინ გითვლის რამედ ან მარტოობას, ან სიხარულს ვინ გითვლის რამედ. ამათ ჰგონიათ, უნდა დაგვღალოს ცხოვრებამ ისე, როგორც თვითონ დაიღალნენ ჩვენი გაძლებით. მე კიდევ მოგწერ... |


