|
ალბათ ამ ღამეს, მატარებლის მწვანე ნეკნიდან გამოუთლიან ჩონგურებს, აკვნებს ზღვისკენ გაქცეულ გვიმრიან მინდვრებს. შემოდგომას წვიმიან ნაკვთებს ჩამოუქნიან. სევდას ექნება იმდენი საქმე, თითქოს წუხელის ვაჟი ეყოლა. სახვევებივით მოესალტება მგზავრს ძველი სახლი. ეზოში ყვითლად სასოება მოილოგინებს. მოვლენ ფიქრები, როგორც მოგვები, ხელისმომკიდედ და ბროწეულებს მომაშტერებენ. გათენების ფეშხუმები დაეფინება ნისლით მოღობილ ზეცის ეზოებს, სიყვარულის ზვინებით სავსეს, თვალებს გავახელ. აქ არც სტუმარი გაუკვირდებათ, ჩადგება წვიმა - გუბეებში, სიტყვებში - სული, მოშივდებათ ხვალინდელი დღეები მგზავრებს - სინანულის მღვიმეების სველი კედლები. სახლში მოსულნი შემოდგომის ცეცხლის გზით წავლენ. ბილიკს შერჩება ხმელი ფოთლის მიმქრალი ნავლი. გაზაფხულამდე ქარი სევდით აგვივსებს საბძლებს. თითქოს წუხელის მომაძიძა ელიამ შვილი და ჩვილ სინათლეს ვარწევ ხელებით, რძე ჩამდგომია მზისთვალივით გამშრალ ძუძუში, მათენდება ხეებიდან ნათელი ღვარი. მთებს აჯაგვრიათ ბალანივით თეთრი ნისლები, ცის გეში აქვთ დაბადებიდან. მეც გამომთალეს წუხელ სიზმრიდან, მეც მიმახატეს კედელს მგლისფერი, ამომეხავსა უშენობით მწვანედ თვალები. დღე-ღამეების გასაყარზე, ფიქრის ყანაში, მოდით ჩიტებო, არ დაგაფრთხობთ, შიმშილი კენკეთ, სანამ საბრალოდ არ მოიწყენდეს ჩემი სიკვდილი, სანამ უფალი ამოაცლიდეს გვერდიდან ნეკნებს და სიცოცხლეს შეუქმნიდეს თავისმართლებად. ნანა, პატარავ, დაიძინე, ყოველთვის მოდის, ვისაც ელიან. გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომას ჩვენს ფიქრზე მეტი ფოთოლი რომ აქვთ, ჩვენს ფიქრზე მეტი ფიფქები აქვს ზამთარსაც, მაგრამ... და რამდენი სიზმარია ჯერ სანახავი. |


