|
უჟამო ჟამის ყანაში ვდგავარ, ჩემი ცოდვილი წამის პურს ვიმკი. მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი.
რომ სიყვარული არის მარადი! თორემ, რითიღა უნდა გავმართლდე, უფალს საკუთარ თავს რომ ვპარავდი
ბედნიერების ხვავრიელ ალაფს. განა იკმარეს?! დღემდე სხეულზე ცეცხლით მოხატულ სვირინგებს ვმალავ.
ტკბილი ყოფილა ხორცი ადამის. საზღვარი აღარ ემჩნევათ სკნელებს, ვერ მივაკვლიე წყაროს სათავეც.
გზა-გზა და ბილიკ-ბილიკ ვილევი. რომელ ჭალაში გაიხლართება ჩემი იმედის თეთრი ირემი?
შემოუძახე მარადისობას, თორემ რაღა ვქნა, რომ დავიჯერო წარმავლობა და არავისობა...
საკუთარ თავზე მისხლითაც მეტი, მაგრამ ახერხებ, ჩვენს სიმწირეში მარადისობის ჩატიო ღმერთი!
შენს სიჯიუტეს ვენდობი ახლაც, მზე ფრთებს გიდნობდა და შენ ლოცვებსაც არ ღირსებიათ სამოთხე სახლად.
ჩემი ცოდვილი წამის პურს ვიმკი. მოხვალ და ყველას აჯობებს, შენ რომ ჩემს სადარდელზე ლამაზად იტყვი. |


