|
ჯაჭვის რგოლებით ყელგაგუდული ზღვა გაწოლილა ქვებზე და შფოთავს. აფრების ჩრდილი, როგორც ურდული, ადევს ფიქრსა და მოწყენილ ოთახს.
ფანჯრის რაფაზე თვლემს ჭრელი კატა, და თეთრ კედელზე ბიჭი ნახშირით ცერებზე შემდგარ გოგონას ხატავს.
ამ ქვის კედელზე სურს რომ დატიოს, რას ფიქრობს ნეტავ პატარა ბიჭი გადაცრეცილი ვით ბურატინო.
თითქოს უღიმის უცნაურ ამინდს და გრძნობს - ზღვა მალე გადაიყოლებს მის სასაცილო მიჯნურს და რაინდს.
შემდგარი გოგო - ფიქრში გართული ჩნდება ქალაქის სოველ კედლებზე ბავშვის გულიდან გადახატული.
ისიც პირველად ხედავდეს იქნებ ასე უბრალოდ - ქვით და ნახშირით შექმნილ იმედებს, რწმენას და ფიქრებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


