|
მე ვარ მოსკოვში და დავიწყე პირველ დღესვე საქმე დამჭერი იოტამდე ჩემი აზრისა, ასე გადიან სამუშაოდ, როცა სთესავენ, ან თუ წერაქვმა ცხელი რკინის ზოდი დასრისა.
სიჭაბუკეში ქართულ ლექსის ერთი არსენი, ახლა ორმოცი წელიწადის ზღვარზე შემდგარი სამგორის დარდმა, სამგორის ხმამ არ მომასვენა.
მეტიჩრობა ვამტყუნებდი ჩემს თავს ადვილად, მაგრამ დასტურმა დიდ მოსკოვის დეპეშებიდან უიმედობის მოფიქრებაც გააბათილა.
ახალი მიწა და ედემი ერთის გახედვით, უფრო ლამაზი, ვიდრე ყველა სიტყვა მხატვრული, და გულზვიადი ისე როგორც მთელი კახეთი...
ყვავილთ სურნელი ასქელებდა ვარდისფერ ჰავას, და მთელი მიწა დასერილი დინჯი არხებით მოსავალს სდგამდა პოხიერი ხორბალის ხვავად.
გაუხმა ქერქი ძველ სამგორის მიწას იშვიათს; ახლა, ჩიტებო, თქვენ ერთმანეთს ცივად შეჰწივით, ცვარი გწყურიათ, ფეტვის წვრილი მარცვლები გშიათ.
ყოველი კაცი შენ უდაბნოს ბერი გგონია, და ისტორიის საშინელი უბედურება შენს გამხმარ მკერდში განაჩენად ჩაგიკონია.
გაცოცხლებული საქართველოს ახალი ძალა, შენმა იორმა ახლა უნდა დაგიდასტუროს, რომ დაფიტული საძირკველი გამოგეცალა.
აღსდექი მიწავ, უხვიანი მოგვეცი კვება, სამი წლის შემდეგ თვითეული შენი მტკაველი ყანებს და ბაღებს, მდიდარ ბოსტნებს დაუთმონ ქვებმა!
მარტყოფის სადგურს ელექტრონის ძალის მოცემა, აგაფერადონ, გაგამდიდრონ ცხვართა ჯოგებმა, გეგმის ჩარჩოში აღდგენილო ჩემო ოცნებავ! |
| პოეზიის გვერდი • • • |


