|
შენი კივილი მკვეთრია ვით ცხელი შურდული. შენს სასახლეში ყეფს წითელი საშინელება, ჭვარტლიან ბაღში აღტაცება არ გეძნელება, შენ ხარ მხედარი შეშლილი და გზა დაბურდული. საღრჩობელები, კვამლი, სისხლი, სახე ქურდული, მშიერთა ურდო, რკინის კვნესა, მზის დაბნელება. ვერჰარნ! ვიღრჩობით. ცეცხლის ზღვაში რა გვეშველება. ოცნება ოხრავს ვით ფრინველი ფრთადასუდრული. ო! ეგ სიჩუმე! აწი ვინღა შეგედარება! სილამაზისთვის საშიშია ეგ მდუმარება. მშვენიერებას მოევლინა დღე ნისლიანი: მიგასვენებენ თეთრი დები სიჩუმის ნავზე... შენი აჩრდილი იმართება ვით სისხლიანი და საშინელი ქანდაკება ქალაქის თავზე. |


