|
1
ქალს რომ შევუყვარდებით და ჩვენც ვეტყვით, მიყვარხარო, სწორედ იმ წამიდან იწყებენ ისინი შენს გადაკეთებას - აი, აქ ცოტა კიდევ მოუშვი, საყვარელო, თავისუფლად რომ ვისუნთქო, აქაც ოდნავ დამიმოკლე და ფეხები უკეთ გამომიჩნდება - მერე კი, ტანზე კარგად რომ მოგვირგებენ და დაქალის დაბადების ღამიდან შინ დაბრუნებულები ერთიც თავმომწონედ დატრიალდებიან ტრილიაჟის სარკის წინ, გარდერობში მიგაკიდებენ და ახლა კიდევ ახალი გრეგორი პეკის გამო მოჰყვებიან ოხვრას და ოცნებას.
2
ქალი რომ შეგვიყვარდება და ისიც გვეტყვის, მიყვარხარო, სწორედ იმ წამიდან იწყებ შენ ღიპის დადებას და მუთაქებზე არხეინად გორაობას - რასაც ზოგჯერ, არცთუ ისე იშვიათად, სხვათა შორის, შუბლის სულ სხვადასხვანაირი განტოტილი წანაზარდებით დამშვენებაც მოჰყვება ხოლმე - მერე კი, საბოლოოდ ჩვენს საკუთრებად რომ დავიგულებთ (ორი ოფიციალური ბეჭდით - თითზე და ქაღალდზე), ცოლქმრული ერთგულებისთვის სისტემატიურად აჯილდოებ მას გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით და სამ-ოთხ-ხუთ-ექვს-შვიდ-რვა დღეში ერთხელ ორწუთიანი ზანტი ალერსით ტრადიციულ ქართულ პოზაში... აპ-აპ-აპ-აპ-აპ, არანაირი გადახრები საოჯახო სარეცელზე! კარგი სექსისთვის ხომ ცუდი ქალები არსებობენ. |


