პირველი ყავის ხის ნარგავები ანგოლაში ჯერ კიდევ მე-XVIII საუკუნეში შეიტანეს პორტუგალიელმა კოლონისტებმა.
მას შემდეგ, ყავის პლანტაციების გაშენებამ მიიღო მასიური ხასიათი და უკვე მე-IX საუკუნეში ანგოლა შედიოდა ყავის ძირითადი მწარმოებლების რიგებში და წარმოებული პროდუქციის მოცულობით ეჭირა საპატიო მეოთხე ადგილი.
წლის განმავლობაში ანგოლა ექსპორტზე აგზავნიდა 3.5 მილიონ ტომარა ყავას. პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ნიდერლანდებში, ესპანეთში, იტალიაში, შეერთებულ შტატებში და პორტუგალიაში.
წარმოებული ყავის 90%-ს შეადგენდა რობუსტა, 10%-ს კი არაბიკა. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხობრივად და საგემოვნო თვისებებით რობუსტა კლასით დაბლა დგას არაბიკაზე, ანგოლური რობუსტა ამ მხრივ გამონაკლისია და ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა აფრიკაში.
1975 წელს, ანგოლაში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა მკვეთრად შეარყია ქვეყნის ეკონომიკის აგრარული სექტორი და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ყავის მრეწველობას. ომი 30 წელი გაგრძელდა და დასრულდა მხოლოდ 2002 წელს და აღმოჩნდა, რომ ანგოლამ დაკარგა ყავის წარმოების პოტენციალის ნახევარზე მეტი.
დღესდღეობით ანგოლა მთელი ძალებით ცდილობს აღადგინოს ყავის მრეწველობა, რაშიც მას გაეროს საერთაშორისო სააგენტოც ეხმარება. მრავალრიცხოვანი ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის ქვეყნის მთავრობას გამოყოფილი აქვს მსხვილი თანხები, რაც ყველა აუცილებელ პირობას უქმნის ფერმერებს წარმოების აღორძინებისთვის.
მიმდინარე პროგრამებისა და ღონისძიებების დადებითი შედეგები დღეს უკვე თვალსაჩინოა: გაიზარდა ყავის პლანტაციების რაოდენობა, აღდგა ძველი და აშენდა ახალი ყავის ქარხნები, რამაც თვალსაჩინოდ შეამცირა უმუშევრობის დონე.
ანგოლაში ყავის წარმოების ტემპები ყოველწლიურად იმგვარად იმატებს, რომ მალე ქვეყანაში ყავის ინდუსტრიის სრულ აღდგენას ელოდებიან.
ანგოლას ყავის ინდუსტრიის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ყავის პლანტაციები გაშენებულია ქვეყნის ჩრდილო რეგიონების დაბლობებზე, ცნობილი მდინარის კონგოს მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ანგოლური რობუსტა გამოირჩევა განუმეორებელი საგემოვნო თვისებებით. ყავის მარცვლებს აქვს ერთგვაროვანი ზომა და სუფთად მუშავდება ტრადიციული მშრალი მეთოდით.
თავად ყავას კი აქვს ნეიტრალური, მაგრამ საკმაოდ მაგარი ნაყენი მძლავრი არომატით. ხშირად ანგოლური რობუსტა გამოიყენება შესანიშავი ყავის ნაზავების და კუპაჟების დასამზადებლად.
დაბლობების გარდა ყავა მოჰყავთ ქვეყნის მთიან ტერიტორიებზეც, სადაც შედარებით ზომიერი კლიმატია - ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. ასეთი ტერიტორიები ანგოლაში ცოტაა - სულ 10%, სადაც მოჰყავთ საუცხოო ხარისხის არაბიკა, რომელიც განუმეორებელი გემოსა და მიმზიდველი არომატის გამო ძვირად ფასობს სართაშორისო ბაზარზე.
ამრიგად, ანგოლური ყავა თანდათან იბრუნებს პოზიციას მსოფლიო ბაზარზე. უკვე ცხადია, რომ აფრიკის ამ სახელმწიფოს უდიდესი პოტენციალი აქვს ყავის ინდუსტრიის განვითარებისთვის და ყავის მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისთვის.
ანგოლური ყავის ცნობილი ბრენდებია: Cazengo Coffee, kwanza sul, Ginga (Njinga) და სხვა...


