მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა მოეტანა მეფის ასულის ალმეტესათვის ამაზონელთა ქალების დედოფლის იპოლიტეს ოქროთ ნაქარგი სარტყელი, რომელიც დედოფალმა თავის საყვარელ მამის არესისაგან მიიღო საჩუქრად.
ეს მეტად სამძიმო დავალება რომ პირნათლად შეესრულებინა, ჰერკულესმა შეკრიბა საბერძნეთის საუკეთესო მეომრები, ნავებით გადალახა შავი ზღვის აბობოქრებული ტალღები, მეოტიდის ზღვის ნაპირას მდებარე ამაზონელი ქალების სატახტო ქალაქს თემისცირას ალყა შემოარტყა და დაუყოვნებლივ გამართა მოლაპარაკება დედოფალ იპოლიტესთან.
დედოფალს ძლიერ მოეწონა ჰერკულესის ვაჟკაცური შესახედაობა და დიდის თავაზიანობით შეხვდა საბერძნეთის სახელოვან გმირს.
დედოფალმა ჰერკულესს აღუთქვა თავისი ოქროთი ნაქარგი სარტყელის ნებაყოფლობით დათმობა.
როცა ამაზონელმა ქალებმა გაიგეს დედოფლის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეიარაღდნენ და თავს დაესხნენ ჰერკულესსა და მის ძლევამოსილ მეომრებს.
საშინელი ბრძოლა გაიმართა. ამოზონელი ქალები იშვიათი მამაცობით იბრძოდნენ ბრძოლის საბედისწერო ველზე.
ჰერკულესი და საბერძნეთის ძლევამოსილი მეომრები სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთებოდნენ ამაზონელი ქალების ცხენოსან რაზმებს და საუკეთესო მხედრებს სიცოცხლეს ასალმებდნენ.
დახოცილთა გვამები სისხლის მორევში ცურავდა.
დაჭრილთა კვნესა და გმინვა ბრძოლის ველს კიდით-კიდემდის სწვდებოდა.
ძლევამოსილმა ჰერკულესმა რამდენიმე იერიშის ზედიზედ მიტანის შემდეგ დაამარცხა ამაზონელი ქალები და მრავალი მათგანი
სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო ვინც კი სიკვდილს გადურჩა, ყველა სამარცხვინოდ უკუაქცია.
დედოფალმა იპოლიტემ თავისი დაპირება შეასრულა და ჰერკულესს ნებაყოფლობით დაუთმო თავისი ოქროთი ნაქარგი სარტყელი.
ძლევამოსილმა გმირმა მადლობა შესწირა დედოფალს და თავისი მამაცი მეომრებით საბერძნეთში დაბრუნდა.
ჰერკულესი ათავისუფლებს ლაომედონის
ქალიშვილს ჰესიონას
სანამ ჰერკულესი თავისი სამშობლოს საზრვრებს მიაღწევდა გზაში მეტად სამძიმო საქმის შესრულება მოუხდა.
ტროადის ნაპირებზე ჰერკულესმა დაინახა უზარმაზარ კლდეზე მიჯაჭვული მეფე ლაომედონის ქალიშვილი ჰესიონა, რომელიც მშობლებს გაეწირათ პოსეიდონ ღმერთის მიერ მოვლენილი საზარელი გველეშაპის საძიძგნელად.
საბრალო ჰესიონა ყოველ წამს მოელოდა საბედისწერო გველეშაპს და მის განუწყვეტელ ტანჯვას საზღვარი არა ჰქონდა.
პოსეიდონ ღმერთმა ტროადის მეფეს ლაომედონს განსაზღვრული სასყიდელით აუგო ტროადის ირგვლივ მაღალი ქვის კედლები. მაგრამ ყველგან და ყოველთვის დაუნდობელმა მეფემ ყოვლად შემძლებელ ღმერთს არ გადაუხადა კედლების ასაგებად დაპირებული სასყიდელი.
მეფის ასეთმა უმართებულო საქციელმა დიდად გაანაწყენა პოსეიდონ ღმერთი.
ზღვის მბრძანებელმა პოსეიდონ ღმერთმა მთელ ტროადის მხარეს მოუვლინა საშინელი გველეშაპი, რომელიც მუდამდღე არბევდა ადგილობრივ მოსახლეობას და მთელ მის დოვლათს შეუბრალებლად ანადგურებდა.
ხალხის რისხვად მოვლენილი საშინელი გველეშაპი არავის არ ინდობდა, ყველას სიცოცხლეს ასალმებდა და თავის გაუმაძღარ მუცელს განუწყვეტლივ იყორავდა.
გულთმისნის წინასწარმეტყველებით, ტროადელები მხოლოდ მაშინ იქნებოდნენ უზრუნველყოფილი ამ საშინელი უბედურებისაგან, თუ მეფე ლაომედონი თავის საყვარელ ასულს ჰესიონას საშინელი გველეშაპის გაუმაძღარი მუცლის ამოსავსებად გაიმეტებდა.
ხალხი დაჟინებით მოითხოვდა მეფეს ასეთი მსხვერპლი გაეღო.
მეფე ლაომედონი იძულებული იყო თავისი საყვარელი ჰესიონა ხალხის საკეთილდღეოდ სასიკვდილოდ გაეწირა.
სწორედ იმ დროს, როცა საბრალო ჰესიონა მაღალ კლდეზე მიჯაჭვული უსაზღვროდ იტანჯებოდა და სიკვდილის მოლოდინში ცხარე ცრემლებს აფრქვევდა, ტროადაში გზად ჩამოიარა ამაზონელი ქალების ბრძოლის ველიდან დაბრუნებულმა ჰერკულესმა.
მეფე ლაომედონმა საბერძნეთის ძლევამოსილ გმირს სთხოვა, თუ ჩემ ასულს ჰესიონას სიკვდილს გადაარჩენ, სამაგიეროდ ღმერთების მამამთავრის ზევსისაგან ბოძებულ ბედაურებს საჩუქრად მოგიძღვნიო.
ჰერკულესი სიამოვნებით დათანხმდა მეფე ლაომედონის ამ წინადადებაზე.
ძლევამოსილი გმირი სამკვდრო-საციცოცხლოდ შეებრძოლა ტროადელების თავზარდამცემ საზიზღარ გველეშაპს.
საბერძნეთის სახელოვანი გმირის მიერ მძლავრად ნატყორცნმა ისარმა გამოასალმა სიცოცხლეს ხალხის დაუძინებელი მტერი.
მაგრამ მუდამ დაუნდობელმა მეფე ლაომედონმა არ შეასრულა თავისი დაპირება და ჰერკულესს უარი განუცხადა აღთქმული საჩუქრის მიცემაზე.
მეფის უმართებულო საქციელმა დიდად შეურაცხყო ჰერკულესი, მაგრამ რადგან სახელოვან გმირს იმჟამად დრო არა ჰქონდა მეფე ლაომედონს საკადრისად გასწორებოდა, დაუნდობელი და მატყუარა მეფის სასტიკად დასჯა უფრო მოხერხებული დროისათვის გადადო.
ჰერკულესი საბერძნეთში მშვიდობიანად დაბრუნდა და მეფე ევრისთენეს გადასცა ამაზონელი ქალების დედოფლის იპოლიტეს ოქროთი ნაქარგი სარტყელი.


