თრაკიაში მცხოვრებ ბისტონების მეფე დიომედეს ჰყავდა ველური ბედაურები, რომლებიც ადამიანებს არ ინდობდნენ და ქერსავით ჭამდნენ.
დედამიწის ზურგზე ვერცერთი ადამიანი ვერ ეკარებოდა ამ ველურ ბედაურებს, ყველას მათი ეშინოდა და ყველანი ფეხაკრეფით გაურბოდნენ.
მეფე დიომედეს განკარგულებით, შიშის ზარდამცემი ბედაურები უზარმაზარ კლდეზე იყვნენ მაგრად მიჯაჭვულნი და საჭმელად სულ საგანგებოდ დაჭერილი უცხოელების ხორცს აწვდიდნენ.
მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა გაეხედნა და მოეშინაურებინა დიომედეს ველური ბედაურები.
ძლევამოსილი გმირი დაუყოვნებლივ გაემგზავრა თრაკიაში მეფისაგან დავალებული მეტად მძიმე საქმის შესასრულებლად.
ჰერკულესმა თრაკიაში მისვლის უმალვე დაატყვევა მეფე დიომედე და მეჯინიბეები, რომლებიც ბედაურებს სდარაჯობდნენ, და კლდეზე მიჯაჭვულ ბედაურებს მიჰგვარა.
გამხეცებულმა ბედაურებმა მეფე დიომედე და მისი მეჯინიბეები ნაკუწ-ნაკუწად აქციეს და ჩვეულებრივი სიხარბით შთანთქეს.
ჰერკულესმა ამის შემდეგ ჩამოხსნა კლდიდან ველური ბედაურები, თავისი მძლავრი მკლავებით მაგრად დატუქსა და ყველანი ერთბაშად მოათვინიერა.
ძლევამოსილმა გმირმა უკვე მოთვინიერებული ბედაურები ზღვის ნაპირას გაიყვანა საბერძნეთში წასასხმელად.
ფინიკიელებმა, როგორც კი გაიგეს მეფისა და მეჯინიბეების დაღუპვა, საშინელი განგაში ატეხეს და გატაცებული ბედაურების უკან დაბრუნებას შეეცადნენ.
ჰერკულესსა და ფინიკიელებს შორის ცხარე ბრძოლა გაიმართა.
სანამ ძლევამოსილი გმირი ფინიკიელების წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდა, ზღვის ნაპირას დარჩენილი ბედაურები ისევ ძველებურად დაგიჟდნენ და ელვის სისწრაფით ჩაყლაპეს ჰერკულესის გულითადი მეგობარი გაიდერი, რომელსაც ბედაურები მოსავლელად ჰყავდა ჩაბარებული.
ჰერკულესმა მძლავრი ცემით ისევ მოათვინიერა დაგიჟებული ბედაურები და მეფე ევრისთენეს მიჰგვარა.
მეფემ სრულიად მოთვინიერებული და მოშინაურებული ბედაურები შესწირა ღმერთების მამამთავრის ზევსის მეუღლეს, ყოვლად მოწყალე ქალღმერთ ჰერას.
გულითადი მეგობრის გაიდერის დაკარგვით დამწუხრებული ჰერკულესი ძლევამოსილ გმირ იაზონთან ერთად კოლხიდაში გაემგზავრა არგონავტების ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად.


