ეგეოსელების მეფე ავგეასი მთელს ელიდაში დიდად სახელგანთქმული იყო თავისი უთვალავი სიმდიდრით.
მეფის უზარმაზარი ბოსლები და სანახირო ეზოები სავსე იყო საუკეთესო ჯიშის ძროხებითა და ხარებით.
მთელი ათეული წლების განმავლობაში ბოსლებში დაგროვილი ნახირის პატივი საოცარ სანახაობას წარმოადგენდა.
ამ ბოსლებისა და სანახირო ეზოს გასუფთავება ადამიანის ძალღონეს აღემატებოდა.
მეფე ევრისთენეს დავალებით, ჰერკულესს უნდა გაესუფთავებინა ავგეასის ბოსლები მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პატივისაგან.
ძლევამოსულმა გმირმა მიმართა მეფე ავგეასს და აღუთქვა ერთი დღის განმავლობაში გავასუფთავებ ბოსლებს და ყველაფერს წესრიგში მოვიყვანო.
როცა მეფე ავგეასმა ჰერკულესის ეს გაბედული წინადადება მოისმინა, სიცილით უპასუხა თავმომწონე გმირს: „თუ მართლაც შენ ერთი დღის განმავლობაში გაასუფთავებ ჩემ ბოსლებს, ჩემი სამი ათასი საუცხოო ხარის მეათედ ნაწილს საჩუქრად მიიღებ“.
მეფე ავგეასი დარწმუნებული იყო, რომ ჰერკულესი ამ სამძიმო საქმის შესრულებას ვერ შეძლებდა.
საბერძნეთის ძლევამოსილი გმირი არ შეუშინდა საქმის სიძნელეს და თავისი დაპირების შესრულების თადარიგს შეუდგა.
ჰერკულესმა დაუყონებლივ გაანგრია სანახირო ეზოს უზარმაზარი ქვის კედლები და შიგ მახლობელი მდინარეების, ალფეასა და პენეის, კალაპოტები გადმოიყვანა.
მდინარეების აზვირთებული წყლები ფართოდ გაიშალნენ სანახირო ეზოში და მრისხანედ შეიჭრნენ ავგეასის ბოსლებში.
მდინარეების მოვარდნილი ზვირთები მთელი დღის განმავლობაში დანავარდობდნენ ბოსლებში და ელვის სისწრაფით გამოქონდათ წლობით ბოსლებში დაგროვილი პატივი.
საღამოს ჟამს, როცა ძლევამოსილმა გმირმა ბოსლები მთლიანად გაასუფთავა, ორივე მდინარე ძველ კალაპოტებში ჩააყენა.
ასე მოხერხებულად შეასრულა ჰერკულესმა მეფე ევრისთენეს სამძიმო დავალება და ამით კიდევ უფრო დიდი სახელი მოიხვეჭა მთელ საბერძნეთში.


