|
ღამეა. მკვდარი ღამე წევს მკვდარი ქალაქის მკერდზედა, ცას შეჰყინვია მთვარე და მტკვრის გულისცემაც ჩერდება, სისხლში იხრჩობა ქალაქი - ჩემი ტანჯული ბერდედა.
სისხლით გაჟღენთილ ჭილობზე, ნაცემი, ძეძვზე ნათრევი, წევს და ილოკავს ჭრილობებს და... კაცისმკვლელი ლაჩრები თავის მართლებას ცდილობენ.
მუხლს მაცილის წინ იყრიან, ისევ ასტკივდა გორგასალს ისრით გაჭრილი იღლია, მთვარე გაფითრდა: - ეს სისხლი ძმისგან მოკლულის სისხლია!..
მაჯა მიმკვდარა ვადაზე, ხელს იწვდის მთვარე, სისხლიან ღრუებლებს ცახცახით გადასწევს: - არც სპარსთ, არც არაბთ... თბილისი თბილისელებმა გადაწვეს!
ეს მერამდენედ გადასწვეს და მთვარე - ჟამთაღმწერელი საუკუნეებს გადასცემს: - არც თურქთ, არც მონღოლთ... ამჯერად თბილისელებმა გადასწვეს! |


