მაჯგუფებელ კავშირიანი რთული თანწყობილი წინადადება
ძირითადი მაჯგუფებელი კავშირია და, რომელიც შერწყმულ წინადადებაში ერთგვარ წევრებს აერთებს, რთულ თანწყობილში კი - ერთგვარ წინადადებებს.
ამ კავშირით შეერთებულ წინადადებებში გადმოცემულ მოვლენათა აზრობრივი მიმართება სხვადასხვაგვარია.
ეს მიმართება შეიძლება იყოს:
1. მოვლენათა ერთდროულობა: გარეთ ისევ წვიმდა და შემოდგომის ცივი ქარი ზუზუნებდა. (კ. ლორთქ.).
2. მოვლენათა თანამიმდევრობა: მარულა გათავდა და ყაბახი და იწყო. (გ. აბაშ.).
3. მოვლენათა თანამიმდევრობა და მიზეზ-შედეგობრიობა: ბინდა დაეშვა ენგურის ჭალებზე და დაბნელდნენ გარშემო გზები. (გამს.).
უარყოფითი რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებში განმეორდება ც დართული უარყოფითი ნაწილაკები: არც, ვერც, ნურც.
და კავშირი შეიძლება იყოს, შეიძლება - არა. თუ და კავშირი არ არის ნახმარი, ერთი წინადადება მეორისაგან მძიმით გამოიყოფა, მაგალითები:
არც ჩოჩქოლი ისმის, არც შექუჩული ხალხი მოჩანს (ჯავახ.).
ნურც იმათი ძაღლი იყეფებს ჩვენს ქუჩაში, ნურც იმათი მამალი იყივლებს ამ ჩვენს უბანში. (დ. შენგ.).
რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებს შეიძლება საერთო ჰქონდეს რომელიმე სიტყვა, რომელიც ან ერთი და იგივე წევრია, ანდა - სხვადასხვა:
ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო. (ს. ორბ.).
მანანა მაგიდას უჯდა და წინ ხელნაწერები ეწყო (არ.სულაკ).
პირველ მაგალითში საერთო სიტყვაა შენ, რომელიც ქვემდებარეა რთული თანწყობილი წინადადების ორივე ნაწილში. მეორე მაგალითში საერთო სიტყვაა მანანა, რომელიც ქვემდებარეა რთული წინადადების პირველ ნაწილში, ხოლო მეორე ნაწილში იგულისხმება ირიბ დამატებად.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გაეცით პასუხი კითხვებზე: როგორია წინადადება აგებულების მიხედვით? როგორია შეერთება და სად რა სასვენი ნიშანია დასმული? როგორია რთული წინადადების ნაწილებში გადმოცემულ მოვლენათა აზრობრივი მიმართება?
1. წვიმა არ იკლებდა და არ ცხრებოდა ქარი (ოტ. იოს.).
2. ცა მოიწმინდა და მზის შუქმა იქაურობა გაანათა (ყაზ.).
3. ცხელი ზაფხული გათავდა და გრილი შემოდგომა მოვიდა (ჯავახ.).
4. ციოდა და ამის გამო პალტო შემოვიჭუჭკნე (არაგვ.).
5. იმ ღამეს არც მამუკას დაუძინია, არც ცაგოს ეძინა (გ. აბაშ.).
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი სიტყვაა საერთო, რა წევრია (ან რა წევრად იგულისხმება) ის რთული წინადადების პირველი ნაწილისათვის და რა წევრი (ან რა წევრად იგულისხმება) მეორე ნაწილისათვის.
1. ვენახს ქერივით ძალიან კარგად უვლიდა, ძალიან აპატიებდა და ვენახიც კარგ მოსავალს იძლეოდა. (ჭავ.).
2. მეფემ ბარათი ჩაიკითხა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა. (გ. აბაშ).
3. თორელს ცრემლი წასკდა და თვალებზე ხელი აიფარა (გ. აბაშ.).
4. ამასობაში კოკაც ავსებულიყო და ვიღაცას აქეთ გადმოედგა. (დ. შენგ.).
5. წყალი დავლიე და იმან ცოტათი დამამშვიდა, (არაგვ.).
6. მამა გავიდა მეორე ოთახში და ჩვენც გავყევით. (ჭავ.).
7. ყორანი იჯდა მუხის ერთ ხმელ ტოტზე და თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა (ვაჟა).
სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ერთი და იგივე სიტყვა, რომელ წინადადებაში აერთებს ერთგვარ წევრბს და რომელში - რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებს.
ა) 1. უცებ ცამ დაიგრიალა და გაისმა ქუხილის ხმა. (ნ. დუმბ.).
2. ლომი სიბრაზისაგან თვალებიდან და კბილებიდან ცეცხლსა ყრიდა (ვაჟა).
ბ) 1. სისხლი სისხლით არც დაბანილა, არც დაიბანება, (ვაჟა).
2. ერთ სოფელში არც ძაღლი ყეფდა, არც მამალი ყიოდა.
გ) 1. ნუ მოუშვებ ჩემთან ნურც ქორს, ნურც ალალს, (ვაჟა).
2. ნუ მოფრინდება ჩვენს ეზოში ნურც ქორი, ნურც ალალი გამოიქროლებს.
მაცალკევებელ კავშირიანი რთული თანწყობილი წინადადება
მაცალკევებელი კავშირები ჩვეულებრივ მეორდება რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებში: ან... ან/ან... ანდა, ან კიდევ; ხან... ხან/ხან... ხან კიდევ/.
ან... - ან მიგვითითებს, რომ რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებში დასახელებულ ამბავთაგან ერთ-ერთია შესაძლებელი: ღამით სადმე ან ტურა დაიჩხავლებს, ან აფთარი აგოდდება, ან მგელი დაიღმუვლებს. (ჯავახ.).
ხან... - ხან მიგვითითებს, რომ რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებში გადმოცემული მოვლენები ერთმანეთს ცვლიან: ვენახში ხან მამაკაცების ხმამაღალი გადაძახილი ისმოდა, ხანაც ქალების მხიარული სიცილი, ხან კიდევ ყოველივე გაირინდებოდა. (რ. ჯაფ.).
ბოლო წინადადებას წინასთან შეიძლება აერთებდეს და კავშირიც: ცელქი გოგონა ხან თავდავიწყებით იცინოდა და ხან დარდიანი ჟუჟუნა თვალები ცრემლით ერთვილებოდა. (ი. შენგ.).
მაცალკევებელ კავშირიანი რთული თანწყობილი წინადადების ნაწილები ერთმანეთისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ მათ შორის არ არის ნახმარი და კავშირი.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რა სახის წინადადებაა თითოეული მათგანი, როგორია შეერთება, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რომელი წესის შესაბამისად.
1. ძირს ან გარეული ღორი ჩიჩქნიდა ფოთლებს და კვნეტდა რკოს, ან ჯაფარა ქექავდა (რაზ.).
2. ხან თოვდა, ხან კიდევ ძვალსა და რბილში გამტანი წვიმა სცრიდა, (კ. ლორთქ.).
3. კარში ხან ბარდნის, ხან წვიმა სცრის. (მრევლ).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები, დასვით სასვენი ნიშნები. კავშირს გაუსვით ქვეშ ხაზი.
1. ჩვენი კალმახები ან მორბედას იგონებდნენ ხან ტყვეობაში მყოფი მერცხალა დაუდგებოდათ თვალწინ, ხანაც განრისხებულ უშიშასთან შეხვედრაზე ფიქრობდნენ (გ. შატბ.).
2. ხან წვიმდა, ხან თოვდა (რაზ.).
3. საბრალო შველი ან მგლების კერძი უნდა გამხდარიყო ან მელა-ტურები შეჭამდნენ ან მთიდან დაქანებული ზვავი მოიტანდა მის ქვეშ ან კიდევ სადმე გადაიჩეხებოდა და ყვავ-ყორნების საჯიჯგნი გახდებოდა (ვაჟა).
სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ერთი და იგივე მაერთებელი კავშირი რა შემთხვევაში აერთებს ერთგვარ წევრებს და რა შემთხვევაში - რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებს,
ა) 1. ცა კიდევ ერთხელ შეირყა და არემარე ბნელში გაეხვია. (ევდ.).
2. თრთის და კანკალებს ცაზე ვარსკვლავი. (ტაბ.),
4) 1. მზე ხან გამოაშუქებს, ხან თვალებს ხუჭავს. (ევდ.).
2. მის შორიახლო ხან შავარდენი გამოინავარდებდა, ხან ქორი გამოიქროლებდა (ვაჟა).
1) 1. ან მონადირე წამომადგება თავს, ან მგელს შევეფეთები. (ევდ.).
2. ჩხიკვი ან შველსავით დაიხავლებდა, ან ხის ტოტებზე ქურდულად დაიწყებდა ფრენას. (ვაჟა).
მაპირისპირებელ კავშირიანი რთული თანწყობილი წინადადება
მაპირისპირებელი კავშირი (მ ა გ რ ა მ, ხ ო ლ ო, კი) საწინააღმდეგო შინაარსის წინადადებას აერთებს წინა წინადადებასთან. მ ა გ რ ა მ და ხ ო ლ ო იწყებენ ბოლო წინადადებას და მათ წინ მძიმე იწერება.
კი საპირისპირო წინადადების შიგნითაა და ამიტომ მძიმე იწერება არა მის წინ, არამედ წინა წინადადების ბოლოს, მაგალითები:
დღე იყო, მ ა გ რ ა მ მზე გამქრალიყო. (ვაჟა).
ერთი ამბობდა ლექსს, ხ ო ლ ო სხვანი ბანს ეუბნებოდნენ. (ვაჟა.).
მნათობი მთებში გადაიმალა, სხივი კ ი ისევ ცას აელვარებს. (ტაბ.).
მ ა გ რ ა მ-ს ზოგჯერ აძლიერებს მ ა ი ნ ც: ზამთრის პირი იყო, მ ა გ რ ა მ მ ა ი ნ ც გაზაფხულის დღეები იდგა. (წერ).
კ ი ზოგჯერ სხვა მაერთებელ ან მაპირისპირებელ კავშირს აძლიერებს:
მოსაუბრე გაჩერდა და გოჩა კი მთლად სმენად გადაიქცა. (ყაზ.).
ელგუჯა მიდიოდა ლაშქრად, მ ა გ რ ა მ გული კი შინ დარჩენოდა (ყაზ.).
თვალშავამ ყურები ცქვიტა, ხ ო ლ ო ვირი კ ი თავდაკიდებით იწვა, ღრმა ფიქრებში გართული. (ვაჟა).
შესაერთებლად ერთი მაპირისპირებელი კავშირიც საკმარისია, ასე რომ გასაძლიერებლად სხვა მაერთებელი კავშირის ხმარება საჭირო არ არის.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ერთი და იგიეე მაერთებელი კავშირი რა შემთხვევაში აერთებს ერთგვარ წევრებს და რა შემთხვეევაში - რთული თანწყობილი წინადადებას ნაწილებს, აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რომელი წესის შესაბამისად.
ა) I შუა ზამთარი იქნებოდა, მაგრამ ჯერ თოვლის ერთი ფანტელიც არ დაცემოდა ქუთაისს, (გვეტ.).
2. კალმახებმა კარგა ხანს იმოგზაურეს, მაგრამ არც ახლა გაეცალნენ იქაურობას, (კ. ლორთქ.).
ბ) 1. ხოსრომ თუთის ნაწილი გალიაში, ჩაყარა, ხოლო დანარჩენი პეშვით თვითონ შეჭამა. (გვეტ).
2. კოდალა დღე გაკიოდა და მთელ ტყეს ახმაურებდა, ხოლო ღამღამობით ბუ ეწეოდა მის მაგივრობას. (ვაჟა).
გ) 1. ზურა და სულხანი ისევ გზას გაუდგნენ, ყურშა კი არსენას ძებნას შეუდგა (ჯავახ.).
2. თვალებს გაღმა ვაცეცებთ, გამოღმა კი ვერაფერს ეხედავთ (კ. ლორთქ.).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები, დასვით სასვენი ნიშნები, ერთგვარ წევრთა მაერთებელ კავშირს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, რთული თანწყობილი წინადადების ნაწილების მაერთებელს - ორი, შემდეგ მაგალითები წაიკითხეთ გამომეტყველებით.
1. აყვავდა ვაზი და მწვანე ლერწები დაიტეირთა სავსე მტევნებითო (დ. შენგ.).
2. ზამორისაგან დამზრალ მდელოს მზე ათბობს და ახალისებს (გრიშ.).
3. ფრინველები ისევ წამოიმალნენ, მაგრამ არც ახლა გაეცალნენ იქაურობას (კ. ლორთქ.).
4. დათქმული დილაც გათენდა მაგრამ პაპა პეტრე არსად ჩანდა (გ. შატბ).
5. ქარი ხან სტვენდა. ხან ტიროდა გულამოსკვნილი (ტაბ.).
6. ხან ეკალი ედება ხან მაყვალი სწევს უკან (ევდ.).
7. მგელს წითელი ენა გადმოეგდო ხოლო თავის ნამოქმედარს თვალს არ აშორებდა (ვაჟა).
8. დაჭრილა იყო ონისე ხოლო ზეზე იდგა გელა (ყაზ.).
9, ან მონადირე წამომადგება თავს ან მგელს შევეფეთები (ევდ.).
10. ან მოგიყვან იმ ცხენს ან თავს შევსწირავ შენს მეგობრობას (წერ).
11. ღამით თაგვები ცუდად ხედავენ. ჭოტს კი ღამით უჭრის თვალი (გოგ.).
12. ჩემს ლექსს მღეროდა შინაარსი კი არ იცოდა (გრიშა).
უკავშირო და კავშირიანი რთული თანწყობილი წინადადება
უკავშირო რთული თანწყობილი წინადადება ხშირია, როცა რომელიმე მოვლენის აღწერაა, სადაც სურათები სწრაფად ცვლი ან ერთმანეთს, ან ჩამოთვლაა სხვადასხვა ამბისა, ან კიდევ დაპირისპირება.
მაგალითი:
დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ მტევნები,
აღაჟღაჟდნენ ვაშლები, გადაყვითლდნენ ტევრები (ასათ.).
თუ რთული თანწყობილი წინადადება ორზე მეტი მარტივი (ან შერწყმული) წინადადებისაგან შედგება, შეერთება შეიძლება კავშირიანიც იყოს და უკავშიროც. კავშირი ჩვეულებრივ უკანასკნელს აერთებს წინასთან.
მაგალითები:
ცა აირია, დაბნელდა უცებ და წამოვიდა სეტყვა შხუილით. (ჭავ.).
"გადათეთრდა მთა და ბარი, თოვლის ფიფქი დასრიალებს, კურდღელი კ ი ბუჩქის ძირას შიშისაგან ნაბავს თვალებს, (გრიშ.).
იჭექა, გრგვინვა მოისმა. იელვა სადღაც ცაშია, მ ა გ რ ა მ ნამი კი არა ჩანს არსად ცის კამარაშია. (ერ.).
თუ რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებს ერთი და იგივე ზმნა აქვთ, იგი ჩვეულებრივ წარმოდგენილია პირველ წინადადებაში, მომდევნო წინადადებაში (თუ წინადადებებში) გამოტოვებულია და იგულისხმება. გამოტოვებული ზმნის ადგილას ტირე იწერება.
მაგალითები:
წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას - ვაშლი წითელი (ტაბ.).
ზღვა არის ლურჯი ან ცისფერი, ნაპირი - რუხი, ქვიშიანი. (გ. რჩ.).
სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. დასვით სასვენი ნიშნები გამოარკვიეთ, როგორია თითოეული წინადადება აგებულებისა და შეერთების მიხედვით შემდეგ წინადადებები წაიკითხეთ გამომეტყველებით.
1. ქვითინებდა შველი კვნესოდა ჯეირანი ოხრავდა ირეში (ევდ.).
2. ქვეყანა მაჯას გაიხსნის გული დაიწყებს ძგერასა და საიდუმლო სიმებით იწყებს ბუნება ჟღერას (წერ.).
3. მუხა გმინავს წიფელი ბურტყუნებს თელა კვნესის იფანი მიშინებს ხმელი ხე ჭრიჭინებს და ნედლი ოხრავს (ჯავახ.).
4. კაცს თევდორე ერქვა ლედაკაცს: ეფემია (რ. ინანიშ.).
5. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა (წერ.).
რთული თანწყობილი წინადადების გარჩევის ნიმუში
შავი ღრუბლები გაიფანტა და დასავლეთისაკენ გადახრილი მზე გამოჩნდა. (არ. სულაკ).
ეს წინადადება შინაარსით თხრობითია, წართქმითი, აგებულებით - რთული; შედგება ორი მარტივი წინადადებისაგან. ეს წინადადებები ერთმანეთის მიმართ თანასწორია და შეერთებულია მაჯგუფებელი დ ა კავშირით. მაშასადამე, მოცემული წინადადება კავშირიანი რთული თანწყობილი წინადადებაა. გადმოცემულია მოვლენათა თანამიმდევრობა და მიზეზ-შედეგობრიობა: იგულისხმება, რომ ჯერ „შავი ღრუბლები გაიფანტა“, ხოლო შემდეგ „დასავლეთისაკენ გადახრილი მზე გამოჩნდა“. ამასთანავე, პირველ წინადადებაში აღნიშნული მოვლენა ერთგვარი მიზეზია იმისა, რაც მომდევნო მარტივი წინადადებით არის გადმოცემული.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა. შეიძლება გაირჩეს რთულში შემავალი მარტივი წინადადებებიც, მარტივი (და შერწყმული) წინადადების გარჩევის ნიმუში თქვენთეის ნაცნობია და ამიტომ აქ რთულში შემავალ მარტივ წინადადებათა გარჩევა არ არის მოცემული.
1. სახლის ჭერი მეტად შეინძრა და მერცხლების ბუდე ძირს ჩამოვარდა. (გოგ.).
2. ბალახმა ცხვარი ამოიტყუა და მეც ამოვყევ ფარასა ცხვრისას. (ჭავ.).
3. ირმა ტარანს ძმრიან საწებელში აწყობდა, ხოლო ეფროსინე კეცებზე მჭადებს აკრავდა. (გვეტ.).
4. მონადირე ნადირს დასდევდა, ნადირი კი მონადირეს თითონვე წააწყდა. (ჯავახ.).
5. წვიმამ გადაიღო, მაგრამ მზე მაინც არა ჩანდა. (ვაჟა.).
6. ფიქრი ფიქრს წაება, მოგონება - მოგონებას. (დ. შენგ.).
კითხვები გასამეორებლად
1. როგორ წინადადებას ჰქვია რთული?
2. რამდენგვარია რთული წინადადება? რა და რა? დაასახელეთ სათანადო მაგალითები.
3. როგორი სიტყვებია გამოყენებული საკავშირებლად რთულ წინადადებაში? რა განსხვავებაა საკუთრივ კავშირებსა და მიმართებით სიტყვებს შორის? დაასახელეთ სათანადო მაგალითები.
4. რომელი ჯგუფის კავშირებია გამოყენებული რთულ თანწყობილ წინადადებაში? რთული ქვეწყობილში? დაასახელეთ სათანადო მაგალითები.
5. რა მსგავსება და განსხვავებაა რთული თანწყობილსა და შერწყმულ წინადადებას შორის? დაასახელეთ ერთი და იმავე კავშირით ერთგვარ წევრთა და რთული თანწყობილი წინადადების ნაწილთა შეერთების მაგალითები.
6. როგორია აზრობრივი მიმართება რთული თანწყობილი წინადადების ნაწილებში გადმოცემულ მოვლენათა შორის? დაასახელეთ სათანადო მაგალითები.
7. რა სასვენი ნიშნები იხმარება რთულ თანწყობილ წინადადებაში? დაასახელეთ, რა შემთხვევაში იხმარება მძიმე და რა შემთხვევაში - ტირე.
სავარჯიშო 1. დასახელებული მაგალითები განაგრძეთ და ერთი და იმავე კავშირის გამოყენებით შეადგინეთ ჯერ შერწყმული წინადადება, შემდეგ - რთული თანწყობილი.
ნ ი მ უ შ ი: ზღვა საშინლად ღელავდა. 1. ზღეა საშინლად ღელავდა და სანაპიროს წალეკვით ემუქრებოდა. 2 ზღვა საშინლად ღელავდა და უზარმაზარი ტალღები სანაპიროს წალეკვით ემუქრებოდნენ.
1. მზე ამოვიდა.
2, ჩვენი პატარა მდინარე ადიდდა.
3. ძლიერი ქარი ამოვარდა.
4. მერცხლები მოფრინდნენ.
სავარჯიშო 2. გაეცანით რთული თანწყობილი წინადადების გარჩევის ნიმუშს. ისარგებლეთ ამ ნიმუშით და ერთი რთული წინადადება გაარჩიეთ წერილობით კლასში ან შინ მასწავლებლის მითითებისამებრ.


