რთული წინადადების რაობა
წინადადება, აგებულების მიხედვით სამგვარია: მარტივი, შერწყმული და რთული.
რთულია წინადადება, რომელიც შედგება ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადებისაგან:
1. ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით
და ეცლება ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით. (ტაბ.).
2. უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაჰბარდა. (ასათ.).
3. ტურა-მელები ფრინველებს იპარავდნენ, მგლები ოთხფეხს იტაცებდნენ და დათვი იქაურობას ტორავდა და ანადგურებდა. (წერ).
პირველი წინადადება ორი მარტივისაგან შედგება, მეორე შერწყმულისა და მარტივისაგან, მესამე - ორი მარტივისა და ერთი შერწყმულისაგან.
სავარჯიშო. წაიკითხეთ მაგალითები ღა გამოარკვიეთ, რა სახის წინადადებებია აგებულების მიხედვით.
1. უღრუბლო ცაზე სავსე მთვარე მიცურავს წყნარად. (გ. ძნელ).
2. ვარდის რტოზე შერჩენილი ხმელი თესლი აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა. (ა. კალ).
3. ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა (წერ.).
4. შემოღამდება და მყინვარის ქარაფებიდან დაქანებული არწივების ქარი გრიალებს. (გომ.).
5. ყვავილები დაყვავილდნენ, გადაწითლდა ხეზე ბილი, ირგვლივ ისმის ჩიტუნების მხიარული მოძახილი (გრიშ.).
6. ჩაბნელდებიან ხევები, გაჩნდება მეხთა ტკრციალი, ათრთოლდებიან ხევები (ვაჟა).
რთული წინადადების ტიპები
რთული წინადადება ძირითადად ორგვარია: რ თ უ ლ ი თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ი და რ თ უ ლ ი ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ ი.
მაგალითად, შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი წინადადება: 1) ღრუბელი გაიფანტა და კვლავ გაზაფხულის მშვენიერი დარი დადგა. (ჯავახ.). 2) ღრუბელი რ ო მ გაიფანტა, კვლავ გაზაფხულის მშვენიერი დარი დადგა.
პირველ მაგალითში თ ა ნ წ ყ ო ბ ა ანუ ერთმანეთის მიმართ თანასწორი წინადადებების შეერთება გვაქვს, მეორეში - ქ ვ ე წ ყ ო ბ ა ანუ ერთიმეორის მიმართ არათანასწორი წინადადებების დაკავშირება. ამათგან: „კვლავ გაზაფხულის მშვენიერი დარი დადგა“ მთავარი წინადადებაა, „ღრუბელი რომ გაიფანტა" - დაქვემდებარებული.
რთულ წინადადებას, რომელიც შედგება ერთმანეთის მიმართ თანასწორი წინადადებებისგან, რთული თანწყობილი წინადადება ჰქვია. მაშასადამე, „ღრუბელი გაიფანტა და კლავ გაზაფხულის მშვენიერი დარი დადგა“ რთული თანწყობილი წინადადება..
რთულ წინადადებას, რომელშიც ერთი წინადადება ზემდგომია, მეორე კი მასზეა დაქვემდებარებული, რთული ქვეწყობილი წინადადება ეწოდება. მაშასადამე, „ღრუბელი რომ გაიფანტა, კვლავ გაზაფხულის მშვენიერი დარი დადგა" რთული ქვეწყობილი წინადადებაა.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, როგორია რთულ წინადადებათა შედგენილობა და რომელია მათგან რთული თანწყობილი წინადადება და რომელი - რთული ქვეწყობილი.
ა) 1. ცა მოიწმინდა და გამოჩნდა მზე. (ლორთ).
2. ცა რომ მოიწმინდა, გამოჩნდა მზე.
ბ) 1. როცა სიცხე დგას, ცხელ ქვიშაში ღმუის მძაფრი ქარო.
2. სიცხე დგას ღა ცხელ ქვიშაში ღმუის მძაფრი ქარი. (ტაბ.).
გ) 1. ცა ვარსკვლავებით შემოიჭედა, წყნარად აცურდა ნარნარი მთვარე, ძილს მისცემია მშვიდი მინდორი და დაფიქრებით დგას მთა მდუმარე (ტაბ.).
2. როცა ნიავი, მთით მოწყვეტილი, ტყის მწვანე კალთებს შეეპარება, მაშინ ირღვევა გამეფებული მკვდარი სიჩუმე და მდუმარება (ტაბ.).
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელია დასახელებულ წინადადებათაგან რთული თანწყობილი და რომელი - რთული ქვეწყობილი.
1. რადიატორი გახურდა და წყალმა დუღილი დაიწყო. (გ.რჩ).
2. შავი ღრუბლები რომ გაიფანტა, დასავლეთისკენ გადახრილი მზე გამოჩნდა (არ. სულაკ).
3 რადიატორი რომ გახურდა, წყალმა დუღილი დაიწყო.
4. შავი ღრუბლები გაიფანტა და დასავლეთისკენ გადახრილი მზე გამოჩნდა
5. თავჯდომარემ ზარი რომომ დააწკარუნა, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა (დად.).
6. თავჯდომარემ ზარი ღაწკარუნა და დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.
რთულში შემავალ წინადადებათა შეერთების საშუალებები
რთული წინადაღება შეერთების მიხედვით ორგვარია: კ ა ვ შ ი რ ი ა ნ ი და უ კ ა ვ შ ი რო.
უკავშირო რთული წინადადების ნაწილთა შეერთების საშუალებაა ინტონაცია, კავშირიანისა კი - საგანგებო სიტყვები, რომელთაც საკავშირებელი სიტყვები ჰქვია.
რთულში შემავალ წინადადებათა შესაერთებლად გამოყენებულია საკუთრივ კავშირები და მიმართებითი სიტყვები: მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ე ბ ი და მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი ზ მ ნ ი ზ ე დ ე ბ ი.
საკუთრივ კავშირი მხოლოდ რთული წინადადების ნაწილთა შეერთებისა და მათ შორის გარკვეული მიმართების დამყარების საშუალებაა, მიმართებითი სიტყვები კი ამასთან ერთად წინადადების ამა თუ იმ წევრსაც გადმოსცემენ, მაგალითები:
ცა იწმინდება და სისხამ დილით მზე ერეკება ღრუბლების ფარას. (ასათ.).
გურამი მიხვდა, რომ ვაჟაც იმასვე ფიქრობდა. (გ. რჩ.).
კაცი ის არის, ვინც მამულს გამოადგება შვილადა. (ერ.).
ნელი ნიავი იქით უბერავდა, ს ა ი დ ა ნ ა ც დათვი უნდა გამოსულიყო. (ჯავახ.).
აქ ნახმარია დ ა და რ ო მ კავშირები და წინადადების წევრი არც ერთია, არც მეორე. ვ ი ნ ც მიმართებითი ნაცვალსახელია, ს ა ი დ ა ნ ა ც - მიმართებითი ზმნიზედა. ორივე წინადადების წევრია: ვ ი ნ ც ქვემდებარეა, ს ა ი დ ა ნ ა ც - ადგილის გარემოება.
რთულ თანწყობილ წინადადებაში გამოყენებულია მაერთებელი კავშირები, რთულ ქვეწყობილში - მაქვემდებარებელი კავშირები და მიმართებითი სიტყვები.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, კავშირიანია შეერთება თუ უკავშირო. აღნიშნეთ, კავშირიანი შეერთებისას როგორი სიტყვაა გამოყენებული რთული წინადადების ნაწილების შესაერთებლად და რა წევრია მიმართებითი სიტყვა.
1. ორმა უკან დაიხია, ხოლო მესამე წინ წამოდგა (ლორთქ.).
2. აი, აქ ბრძანდება ის კაცი, ვინც ეს მითხრა. (ლომა).
3. ცხრა მთა, რომ გადაიარეს, ვაკე გამოჩნდა. (წერ.).
4. ფანჯარაში მსხლის ტოტები მოჩანდა, რომელთაც ოდნავ არხევდა ქარი. (ოტ. იოს).
5. ჯარისკაცმა მონახა ადგილი, სადაც თავისი ათეული ეგულებოდა (არ სულაკ.).
6. კარგა გათენებული იყო, მაგრამ ეზოში კაცი არსად ჭაჭანებდა (კ. ლორთქ.).
7. ირმამ ვერ გაარკვია, თუ რომელი მხრიდან მოდიოდა ხმა. (გვეტ).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. დასვით სასვენი ნიშნები. საკუთრივ კავშირს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, მიმართებით სიტყვას - ორი და მარჯვნივ (ფრჩხილებში) შემოკლებით მიუწერეთ, რა წევრია ის.
1. ირმამ ვერ გაარკვია თუ რომელი მხრიდან მოდიოდა ხმა (გვეტ.).
2. ბაღებში ხილი შემოვიდა და ვენახებში ყურძენი შემწიფდა (გ. აბაშ.).
3. კაცი ის არის ვინც მამულს გამოადგება შვილადა (ერ.).
4. ვნახე ენგური რომელიც კლდეს ღრიანცელით ეხლება (მ. მაჭ.).
5. მივიხედე იქით, საიდანაც ხმა მომესმა (გ. ფანჯ).
6. ანაზდეულად შევნიშნე რომ კოხტა-გორა მოფენილი იყო სამყურა ბალახით (ქიაჩ).
5. შუადღე გადასული იყო როდესაც თეიმურაზი ლევნაშენს მიადგა (ჯავახ.).
სავარჯიშო 3. მასწავლებლის მიერ მითითებული თხზულებიდან ამოიწერე ერთი უკავშირო და სამი კავშირიანი რთული წინადადება (საკავშირებლად ერთში იყოს საკუთრივ კავშირი, მეორეში - მიმართებითი ნაცვალსახელი, მესამეში - მიმართებითი ზმნიზედა), საკუთრივ კავშირს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, მიმართებით ნაცვალსახელს - ორი, მიმართებით ზმნიზედას - კლაკნილი. მიმართებით სიტყვას მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ, რა წევრია ის.


