კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:28

 

თანდებულის რაობა

 

თანდებული ჰქვია დამხმარე სიტყვას ან ბგერათა ჯგუფს, რომელიც დაერთვის ამა თუ იმ ბრუნვის ფორმას და აღნიშნავს საგნის მდებარეობას, მიმართულებას, მსგავსებას და სხვ.

მაგ:  ხ ე ს თ ა ნ  ქ ვ ა  გდია; იგი  ხ ი ს კ ე ნ  მიდის; გივი  ლ ო მ ი ს ე ბ რ  იბრძოდა. თან მიცემითის ფორმას დაერთვის, კენ და ებრ კი - ნათესაობითისას. პირველი (თან) საგნის მდებარეობას აღნიშნავს, მეორე (კენ) - მიმართულებას, მესამე (ებრ) - მსგავსებას.

მდებარეობას აღნიშნავს თანდებულები: - ში, ზე, შუა, შორის, თან;

მამართულებას აღნიშნავს თანდებულები: - (ით-გან →} იდან (-დან), კენ, მდე (მდის);

თანყოფნას (ანუ თანაობას): - ურთ (დაბრუნდა ცოლ- შვილითურთ):

მსგავსებას - ვით, ებრ (ლომივით, ლომისებრ);

მოქმედების ჩამდენობას: - მიერ (მონადირის მიერ მოკლული დათვი); გარდა იხმარება გამოსარიცხავად (ვანოს გარდა ყველა იქ იყო).

ზოგიერთ თანდებულს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. მაგ: ნათესაობითთან ხმარებული გან გამოხატავს  მ ო ქ მ ე დ ს  (ძ მ ი ს გ ა ნ გამოგზავნილი ბარათი),  მ ა ს ა ლ ა ს  (ხ ი ს გ ა ნ  გამოთლილი ჯამი),  მ ი ზ ე ზ ს  (ბეკინა ამ სოფლად აღარ იყო  ჯ ა ვ რ ი ს ა გ ა ნ. (კლდ.) და სხვ.

ზოგი თანდებული ორ ბრუნვასთან იხმარება. მაგ: ვით დაერთვის როგორც სახელობით, ისე მიცემითის ფორმასაც: ლომივით (სახ. ბრ.), ლომსავით (მიც. ბრ.).


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. თანდებულები გამოყავით დეფისით და გაუსვით ქვეშ ხაზი. აღნიშნეთ, რომელ ბრუნვას დაერთვის და რა მნიშვნელობას აძლევს სახელს ეს თანდებულები.

1. ხალხი ფუტკარივით ირეოდა (გვ.).

2. მანაც სალამურისებრ დაიკვნესა (ევდ.).

3. ბაღში შვლები დაკუნტრუშობდნენ (ვაჟა)

4. ბუხართან კატა კრუტუნებდა (რაზ.).

5. აივანზე კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა (ევდ.)

6. კოლმეურნეები სასოფლო კალოებისაკენ მიდიოდნენ (ჯავ.).

7. ოტია გაშრა სირცხვილისაგან (კლდ.).

8. ქვისაგან ციხეებს აგებდნენ ჩვენი წინაპრები (დად.).

9. გამწარებული ხოსრო ბარტყებისათვის თუთის მოსატანად გაიქცა (გვ.).

10. სხვებს არც გვადი ჩამორჩებოდა თავის შვილებითურთ (ქიაჩ.).

11. დაღონდა სპარსთა მეფე ბორგენილი და თურმე ყოვლით იმედმიხდილი ქართლითგან წასვლას დააპირებდა (ბარ.).

12. ქუთაისამდის ორი დღის სავალი იყო (წერ.).

13. მზეს ჭალამდე ვერ ჩაეღწია (რაზ.).

 

ცალკე მდგომი და შერწყმული თანდებულები

 

ზოგი- ერთი თანდებული შეზრდილია ბრუნვის ფორმასთან და სახელთან ერთად იწერება, ზოგი თანდებული კი ცალკე ერთეულად გვესმის და ამის გამო ცალკე იწერება.

ამის მიხედვით თანდებულები ქართულში ორგვარია: ცალკე მდგომი და სახელთან შერწყმული.

1. შ ე რ წ ყ მ უ ლ ი ა  - ერთმარცვლიანი თანდებულები: თვის, კენ, გან, ზე, ში, თან, ვით, ურთ, მდე (მდის), ებრ.

2. ც ა ლ კ ე  მ დ გ ო მ ი ა - ორ- და მეტ მარცვლიანი თანდებულები, როგორიცაა: განო, მიერ, მიმართ, შორის, შუა, გარდა, შესახებ.

ზოგიერთი თანდებული ძველად სხვა სახით იხმარებოდა. მაგ: ზე მიღებულია ზედა-საგან, თან კი - თანა-საგან. ეს თანდებულები იშვიათად (მაგ, ც ნაწილაკის დართვისას) ძველი სახითაც გვხვდება: ამხანაგზედაც, ამხანაგთანაც.

ზოგი ცალკე მოგომი თანდებული შეიძლება შეგვხვდეს სახელის წინაც. მაგ, ითქმის, როგორც „იმ ამხანაგების  გ ა რ დ ა“, ისე  „გ ა რ დ ა  იმ ამხანაგებისა".


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები ცალკე მდგომ თანდებულებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, სახელთან შერწყმულებს - ორი.


1. პატარა კეკეს სიცივისაგან ხელები ეყინებოდა (გოგ.).

2. ირინემ არაფერი იცოდა დღევანდელი კრების შესახებ (ჯაფ.)

3 ძლიერი ქარის გამო სახლის ჭერი მეტად შეინძრა (გოგ.).

4. მზე დასავლეთისაკენ გადაიწურა (ვაჟა).

5. მზეს პირი მოეკრა მთების წვერებისათვის (რაზ.).

6. ბავშვებმა ბულბული გალიაში ჩასვეს (გოგ.).

7. თადულას მიერ მოტანილმა ახალმა ცნობამ საერთო გამოცოცხლება შეიტანა ქალებში (კაფ.).

8. კუდიგორასთან ერთი ტყე არი, უწინ ყაჩაღის იყო საფარი (ჭავ.).

9. შალვას ანკესი ძუითურთ ნინიამ გაუმართა (ვაჟა)

10. მელა, ერთხელ არაფერი უჭამია, გარდა დამპალი ვაშლებისა (გოგ.).

11. ცაზე ღრუბლები ირეოდნენ (ქიაჩ.).

12. ვახტანგმა თავისი ამხანაგის მიმართ დიდი გულისხმიერება გამოიჩინა.

13. თათბირს ესწრებოდნენ, ნექტარინას გარდა, ბარამი, ბათე და თედორე (დად.).

14 ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს, იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე (ჭავ.).

15. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდის შრომობს, ირჯება ერთგულად (გოგ.).

16 სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა (რუსთ.).

17. მორჩენის გზაზე დამდგარი მეომრები კარვებს შორის მიმოდიოდნენ (გვ.).

18. თაგვის კუდი ჭიაყელასავით იკლაკნებოდა (რაზ.).

19. ქვებს შუა ათასობით ეწყო თევზის პაწაწინა კვერცხები (გოგ.).

 

თანდებულის ხმარება ბრუნვის ფორმებთან

 

თანდებული სრულიად არ დაერთვის ორ ბრუნვას: მოთხრობითსა და წოდებითს. სახელობითში მარტო ვით გვხვდება, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფუძე თანხმოვანზე თავდება: ლომი, ლომი-ვით. აქაც ყოველთვის შეიძლება მისი შეცვლა მიცემითით - ლომსა-ვით.

დანარჩენ ბრუნვებს მოითხოვს შემდეგი თანდებულები:

მ ი ც ე მ ი თ ს: - ვით, თან, ზე, ში, შორის, შუა;

ნ ა თ ე ს ა ო ბ ი თ ს: - მიერ, გამო, გარდა, მიმართ, თვის, კენ, გან, ებრ, შესახებ;

მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ ს: - ურთ, გან (→ -იდან |-დან);

ვ ი თ ა რ ე ბ ი თ ს: - მდის / მდე.

ცალკე მდგომი თანდებულები უმეტესად ნათესაობით ბრუნვას მოითხოვენ: ამის გამო, ამხანაგის მიერ, მეზობლის მიმართ, ვახტანგის გარდა, იმის შესახებ.

შუა და შორის იხმარება ორ სახელთან მიცემითში ან მრავლობითში დასმულ ერთ სახელთან, ან კიდევ ერთი სახელის მხოლობითის ფორმასთან, რომელსაც მსაზღვრელად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სახელი. მაგალითები: თბილისსა და მცხეთას შუა, ქუთაისსა და თბილისს შორის; მთებს შუა, მეგობრებს შორის, ორ მთას შუა, ორ მეგობარს შორის.

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ წინა სავარჯიშოს მაგალითები თანდებულიანი სახელები ამოიწერეთ და დაალაგეთ ბრუნვათა მიხედვით. ბრუნვის ნიშანი და შერწყმული თანდებული გამოყავით დეფისით, დაკარგული ბრუნვის ნიშანი აღადგინეთ და ჩასვით ფრჩხილებში.

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ: ა) ვით თანდებული რა შემთხვევაში დაერთვის სახელობითი ბრუნვის ფორმას და რა შემთხვევაში მიცემითისას; ბ) როგორ სახელებთან არის ნახმარი შუა და შორის თანდებულები.

ა) 1. დატიტვლებულ-დაშიშვლებული ხეები ქარის ქროლვაზე ბუზებივით ბზუიან და ნადირივით ღმუიან (რაზ.).

2. მზაღომ წნორის ფურცელსავით თრთოლა დაიწყო (ყაზ).

3. ხან ბეღურებივით ჟივჟივებდნენ, ნიბლიებივით წიწინებდნენ, ხან მზეწვიასავით წრიპინებდნენ და ღობემძვრალასავით წიოდნენ (რაზ.).

ბ) 1. კარის თავზე ობობას აბლაბუდები გაება კედელსა და ჭერს შუა (ჯაფ.).

2 კასრებსა და ქილებს შუა იჯდა პატარძალი (ყაზ.).

3. მომაკვდავი მტრედი თავდაყირა ბალახებს შუა ჩავარდა (რაზ.).

4. ანკარა წყალს ახავერდებულ ნაპირებს შორის სარკესავით გაჰქონდა ლაპლაპი (ლომ.).

5. ორ ზღვას შუა ძველისძველად, საომარი იყო ლელო (ტაბ.).

6. და დღეიდან ჩვენ ორს შუა მოციქული არის ტყვია (წერ.).

7. ჩვენ შუა ხიდია ჩატეხილი (ჭავ.).


სავარჯიშო 3. შეადგინეთ მარტივი წინადადებები და გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი სახელები:


ა) ში თანდებულის დართვით: ქარქაში, ულვაში, კომში, ანგარიში, თასი, კლასი.

ბ) ზე თანდებულის დართვით: იალბუზი, კოვზი, ასპარეზი, ხაზი, თევზი, ვაზი, ხავსი, ტანისამოსი.

გ) თან თანდებულის დართვით: საათი, კალათი, სვანეთი, კახეთი, ბურთი.


სავარჯიშო 4. წაიკითხეთ მაგალითები. კუთხური ფორმები გაასწორეთ და ისე გადაიწერეთ.


1. ამ დროს სოფლიდამ მამლის ყივილი მოისმა (ვაჟა).

2. ფუტკარიც მიზუზუნებს ყვავილისკენ თაფლისთვინა (ერ.).

3. დილიდან საღამომდისინ არ მქონდა მოსვენებაო (ხალხ.).

4. ეს კუნძი ცეცხლისთვინაც გამოდგება (ლომ.).

5. მარცვლებს ვხვრეტ ჩემი სატეხისავით კბილებით (რაზ.).

6. დათიკო სადღაც წავიდა და საღამომდინ შინ არ შემოუხედნია (ჭავ.).

 

ზმნიზედა თანდებულის მნიშვნელობით

 

ზოგიერ ზმნიზედა ხშირად თანდებულის მნიშვნელობით იხმარება. ასეთებია, განსაკუთრებით, ადგილისა და დროის ზმნიზედები: წინ, უკან, ქვეშ, ზევით (ზემოთ), ქვევით (ქვემოთ), წინათ, შემდეგ, ირგვლივ, გარშემო, ახლოს, აქეთ, იქით, გაღმა და სხვ.

მაგ:  ი რ გ ვ ლ ი ვ  ზმნიზედაა, როცა ვამბობთ: ი რ გ ვ ლ ი ვ  სრული სიჩუმე  ჩამოვარდნილიყო (ყაზ.). მაგრამ თანდებულია ამ წინადადებაში ჭ ა ბ უ რ ღ ი ლ ი ს  ი რ გ ვ ლ ი ვ  ფუსფუსებდნენ მუშები (ევდ.).

თანდებულის მნიშვნელობით გამოყენებული ზმნიზედები მოითხოვენ მიცემითის ან ნათესაობითის ფორმას.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. ადგილისა და დროის ზმნიზედებს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, თანდებულის მნიშვნელობით გამოყენებულს - ორი.

1. ა) სოფლისა გაღმა გორია, დამწვარი, ქვიშიანია (ვაჟა).

ბ) გაღმა ჩანს ქისტის სოფელი, არწივის ბუდესავითა (ვაჟა).

2. ა) გარშემო სრული მყუდროება სუფევდა (ყაზ.).

ბ) ამ საბძლის გარშემო ადამიანის კვალი არ ჩანდა (ჭავ.).

3. ა) გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია (წერ.).

ბ) ყუნწში მოსწყვიტა ნაყოფი, ძირს მოდის ბზრიალ-ტრიალით (წერ.).

4. ა) ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული (ქავ.).

ბ) ღორი ასწლოვან მუხის ქვეშ რკოთი გაძღა, გაიბერა (ცახ.)

5. ა) მეგობრებო, წინ, წინ გასწიო! (ევდ.).

ბ) ხუთი-ექვსი წიწილა მოგროვდა კრუხის წინ (რაზ.).

6. ა) შემდეგ გაახსენდა წუხანდელი ეჭვი (ყაზ.)

ბ) ამის შემდეგ ხალხი თავიანთ სახლში წავიდ-წამოვიდა (ლომ.).

7. ა) ორი კაცი ჭიშკრის უკან აიტუზა (ჯავ.)

ბ) მელიამ კუდი უკან გაიშვირა (რაზ.).

გ) დედა კატა კარს უკან ცუცქს, გრძელ კუდ-ამოძუებული (წერ.).

8. ა) მზე აჭარის მთებს იქით ნელა ეშვება (გვ.)

ბ) გვრიტი ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით (გოგ.).

9 ა) ბოლოს ერთხმივ დაადგნენ იმ აზრს (გოგ.).

ბ) სოფლის ბოლოს რომ გავედი, ვიცოდი, არ შემრჩებოდა (ხალხ.).

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen