როცა თეთრი ფანტელები
აახდენენ ჩვენს მოლოდინს,
ჟივჟივებენ პატარები
- თოვლი მოდის! თოვლი მოდის!
თუმცა, ერთმანეთისაგან
განსხვავდება ბევრი თოვა,
მოდი ვნახოთ, წინაპარმა
რა სიტყვები დაგვიტოვა:
ფიმფლვა არის თოვა, როცა
ფანტელები მოდის ნელა,
ბარდნა ხვავრიელია და
ბრილვა კიდევ - მსხვილფანტელა.
ბურხლი არის წვრილი თოვა,
უფრო წვრილს კი ჰქვია წირხლი,
დიდი ფიფქი ფანტელია
წვრილი ფიფქი არის ფირფლი.
თოვლიც ნაირ-ნაირია,
ცუფქარაა გამომშრალი,
ჟატყი არის სველი თოვლი,
ნამბული კი წყალგამჯდარი.
ქურხლი - ხეზე დადებული,
არხლი - შემბალ-შეყინული,
ხორტი - ფერდობს შერჩენილი.
ფირნი - ყინვით შემარცვლული.
პაპყი - თხელი, ლილო - მინდორს
ალაგ-ალაგ შერჩენილი,
შვავი - მთიდან მომზღვლეული,
ზვავი - ზათქით მოვარდნილი.
ხოშორაა შეყინული,
ნაბიჯის ქვეშ რომ ხუშხუშებს,
გამაგრებულს ჭოდს ვეძახით,
ნამქერს - ქარით მონაქუჩებს.
ფშატალაა წყალნარევი,
წყლად ქცეული - ლანქერია,
ყველას ვეღარ ჩამოგითვლით,
სათვალავი ამრევია.


