|
უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი, როცა პაატა მომკვეთეს მკერდით. ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.
მე სიყვარულის პოემას ვწერდი. ჩემი ხატია, გულს მახატია: იყალთო, გრემი და ალავერდი.
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა, მაშინ მამულის საკურთხეველზე ჩემი თითები ენთო სანთლებად.
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა. ხან თეირანში და ხან სტამბოლში, როგორც სამკაულს, მყიდდნენ მე ძვირად.
განუკურნები დამრჩა იარა. მაწამა და ვერ გადამარჯულა, მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.
და წამებული მიწოდა ხალხმა, თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც, მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!
უტეხი სული ჩემი განძია. ასე ავაგე სვეტიცხოველი და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.
ჩემი ციხენი ძლევის ხმებია. გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია, ზურგში, - არც არვის უმიზნებია!
და არ ვიცოდი, რა იყო მონა. თან წამოვიღე ფერეიდანში ჩემი ქართული სიტყვების კონა.
შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით და... მღერის მთელი ფერეიდანი ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.
ჩემებრ ტანჯული ქართული ენა, მტერმა ვერასდროს გადამაგვარა, მტერმა ვერასდროს გადამაშენა.
მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი. ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.
რამდენს გავუძელ, რა შემძლებია, - ჩემი სამგორის სამივე გორა ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!
და ყოველივე გულზე სწერია! ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებს საქართველოზე მისთვის მღერიან.
ბერლინზე დროშა მე ავიტანე. და ვდგავარ, როგორც ალაზნის მუხა, ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.
და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად, მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი, საუკუნენი თავს რომ უხრიან.
ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით, ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდა მე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.
გპირდებით ახალ დავითს და საბას. დე, კაბადონზე ცათა სამრეკლო მათი დიდების ყვებოდეს ამბავს.
ყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს, მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველის ნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს! |


