|
მზეო ნათელო, ჩვენო დიდო იმედო, მამავ, ჩვენო სულისდგმავ, თვალისჩინო და გახარებავ, ვისაც მოგესმის დღეს გუგუნი მილიონ ხმათა, მილიონ გულთა ჟრუანტელი და აღსარება!
ჩვენო დიდო იმედო, მამავ, გულთამხილავო, შემოგხარით ქართველთა ცისკარს - მწარე ცხოვრება და ნაღველი ვინც დაგვიამა, მთელ დუნიაზე ქართველ ხალხის ბედი რომ სჭედა.
ჩვენო დიდო იმედო, მამავ, კოშკო ნაგებო ჩვენი ქვეყნის რკინა-კირითა, შენმა გენიამ სამშობლოს ცა ააკამკამა, და შეჰკრა ხალხი ერთი გულით, ერთი პირითა.
ჩვენო დიდო იმედო, მამავ, ჩვენი გულები საიმედო სანგრებად გედოს, გზა დიდ სიცოცხლის დაგიამოს ვარდმა, იამა, სულ რომ სულში ხარ, გული სალამს იმიტომ ბედავს.
ჩვენო დიდო იმედო, მამავ. ვისაც სამშობლოს დიდი სული მარად სულს გინთებს, ვინც ხალხის ბედი, უკუღმართი, წარმართა წაღმა და ქვეყანაზე გამარჯვება გააჯირითე.
ჩვენო დიდო იმედო, მამავ, ვინაც ქართველ ხალხს გაუმართე გამწყდარი წელი, ლერწი ვაზისა, სანამ ხეზე ამქვეყნად გავა, იყავი მარად, მუდამ დღე და მუდამ მზე გრძელი.
ჩვენო დიდო იმედო, მამავ, კოშკო ნაგებო ჩვენი ქვეყნის რკინა-კირითა, სადაც პირველად თვალგახელილს გესმოდა ნანა, ფესვმაგარ მუხას შემოგხარით შენი ძირიდან.
ჩვენო დიდო იმედო, მამავ, დიდლელოელო დიდო ლელოვ, მიწავ კახურო, ციხევ გორისა ვერ დაგფაროს მაღალმა ცამა, მაღალ ცის ქუდი ჩვენს ქართველ ხალხს თავზე დახურე.
ჩვენო დიდო იმედო, მამავ, ჩაგრულთა მხსნელო, უძლეველო ხალხის მარჯვენავ! შენმა სიკეთემ ჩვენ, ბეჩავნიც, გაგვათამამა და შენს სხივებთან სასაუბროდ აგვიდგა ენა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


