კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:14

 

ვით არ მიყვარდეს სამშობლო ლამაზ

და სურნელოვან ველებით სავსე, 

ნანგრევი, რაიც სცდება აკლდამას 

დაუცხრომელი მდინარის ხმაზე.


ვეტრფიალები მაისის საფლობს,

კორდებს საირმეს, ველებს სათაფლოს,

აფერადებით რომ სცდება დაბლობს, 

მიდის თანდათან და ადის მთაზე.


მუდამ ხმაურობს, კვლავ, უწინარეს 

ჩემთვის მყინვარის გიჟი მდინარე -

მასთან ყრმა ვიყავ და აწცა ყრმა ვარ, 

მოუსვენარი, დაუძინარე.


ვით არ ვუმღერდე გაშლილს უვრცესად 

უმშვენიერეს ჭალას და ტყესა,

ასე რომ ელავს იმათი ზეცა,

იმათი ზეცა პირმოცინარე.


ვით არ მიყვარდეს, ვით არ მათრობდეს 

მობიბინეთა ამ არეთ ბედი;

ეს არის ღვიათ, 

ეს არის ვარდთა, 

ეს არის შქერთა 

უსაზღვრო ტბეთი.


თვალს როგორ მოვწყვეტ, თუ ვით მუხა შორს

დაფიქრებული გასცქერის მთა-გორს,

როგორ გადახნის თვალწინ ჰორიზონტს 

ასწლოვანი ხის მოხრილი ქედი.


მე მუდამ ვიგრძნობ - ვით მშვენიერ ფრთებს, 

აღაგზნებს ვერხვებს ჩრდილ-ფერიები,

და დაეცემა ყანებს და ვაზებს

უულურჯესი - ვინემ იები.


როგორ არ გავყვე ფრენად ცვლილ რონინს, 

მოგონებების ტალღათა მკრეფი,

როს დავინახო კავკასიონის

უამაყესი, ბრგე რელიეფი.


ვით არ მაგზნებდეს დაბლიდან ნელი

სიამეთ მგვრელი შეხება ქროლვის,

დასაბამიდან უარმყოფელი 

ყოველნაირთა კვდომათა ჟრჟოლის.


მშობლიურია - გარს რომ მევლება 

ხალისიანთა ნიავთ ჭევლება,

თავბრუდახვევა და სურნელება 

გადასარევად ცოცხალ ფოთოლის.


კარგი მიდამო. აღმართ-დაღმართით, 

ვინმე იმნაირს ვერ ნახავს ეზოს,

რომ ხე არ ერგოს და იავარდი

და სილაჟვარდე გარს არ ეთესოს.


ეხლაც იქ ვდგევარ, სადაც მრავალ ხის

ჰაეროვანი თრთის ძოწეული

და იღუშება წარბი ძველ ციხის,

კედელს ხშირ-ხშირად სუროხვეული.


ეხლაც იქ ვდგევარ ხორხზე, ხევებზე,

მწვანით დაბურულ მოსახვევებზე,

რაც ყოველ ბიჯზე მდგარ ნანგრევებზე 

აფეთქებული სჩქეფს ბროწეული.


ეხლაც იქ ვდგევარ... ფეხგადადგმაზე 

რაც კი წუთია და ნაბიჯია,

თითქო ამ წმინდა, სპეტაკ ქალაქზე

თანდაყოლილი რამე ნიჭია.


სდგას დილდილობით შეურხეველი, 

უნარნარესი ალვათა წელი,

მუხები ძველი, ცაცხვები ძველი,

ძელქვები ძველი და გლედიჩია.


როგორ დავტოვო ყოველივე ეს,

რაც უჩვეულო შვენებას ახვევს,

ამ საოცარი მიდამოს ისეც 

უბურუსო და უღრუბლო სახეს.


ოდეს ფერი ცის ამ საყვარელ გზებს,

გადეფინება და დაანათებს -

კიდევ უფრო მეტ შვენებას მატებს,

მეტ სიდიადეს და სიამაყეს.


მე არ გავცვლი გზას, რომლის წარსული 

თვალუწვდენელი წელიწადთ ტყეა,

უხსოვარ ხნიდან დროგადასული,

აქ დარჩენილი მისი სახეა.


ამბობენ თითქო სამიათას წლის

და იქნებ მეტთა მანძილთა მწდომის,

მომსწრეა იგი 

მრავალი რისხვის,

მრავალი ცეცხლის, 

მრავალი ომის.


ამბობენ, თითქო ამ გზების წინა,

აწ დანგრეული ზღუდე და ბინა,

უფრო ძველია, ვიდრე ათინა

და უფრო ძველი, ვიდრე თვით რომი.


როგორ დავტოვო და წაიღოს დრომ, 

რომელიც გზნებათ მრავალთ საწყვია

იქ რომ კორდია და იმ კორდზე რომ

გადარჩენილი სამი ცაცხვია.


ის სამი ცაცხვი, მათ ქვეშ შთენილთა 

აღფრთოვანებით, იმედთა შლილთა

და ოცნებათა გადახდენილთა,

ჩემთა ოცნებათ გროვა აწყვია.


იქ ძველის ძველი, უხსოვარ ხნობის,

რაც კი ბილიკი და ნანგრევია,

მას ჩემი ყომობის, საოცარ ყრმობის,

უნელებელი ოხვრა ჰხვევია.


ნანგრევი... როგორ მიყვარდა მე ის...

რამდენი სევდის, რამდენ სიამის,

მე, დაფიქრებულს, ვინ უწყს, რა წვაში

მღელვარე ღამე იქ მითევია.


როგორ არ მიყვარს გაშლილი ფარად,

კედლებზე, კარად, ფერფლზე იმ დროის,

ღელავს მთელი ტყე, მთელი ზღვა, მარად 

მწვანე ხეების, მწვანე სუროის.


იგი მკვიდრია რაც მათ შრიალა

ჩემს სიყმაწვილეს შთაბერეს ძალა:

ჟამმა ხელით ვერ გამომაცალა

იგი, ტკბილი თუ მწარე, ფიალა.


მედგრად! გრძნობამ წინ რომ გაიწიოს

მეშინის ვისი, მეკრძალვის რაის?

ამ ნანგრევებთან მშობლიურ სიოს

მარად ვუპოვით უჭკნობელ მაისს.


და მგზნებარ ხელით ჩართულ-გადართულს

რით კაცი გულში ხანჯალს ჩაიგებს -

ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს,

ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen