|
დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორი დიდი იმედიც არის... დიდგორში მაშინ დანთებულ სანთლებს არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ალი...
დიდგორი დიდი იმედიც არის. ...და წასალეკად ჩვენს ველს და ზეგანს მოაწყდა მტერი მუქარით, დავით... მაგრამ თურქ-სელჯუკ დუშმანთა ზედან აღიღო ხმალი მეფემან დავით.
წამოიგრაგნენ რაზმები ფიცხლად. პირველ დავითმა ცხენ-კაცი გასჭრა და წვერი ხმლისა უწვდინა მიწას.
მოზიდეს შვილდიც, ბოძალიც სტყორცნეს... მეფის ნახმლევი თითო-ოროლა ახლაც შრეებად ატყვიათ ბორცვებს.
თავზარი დასცეს, დაცხრილეს ზეცა, გატორეს ტევრი... და თუმც სჭარბობდათ მომხდური ასჯერ, დაცალეწეს და აოტეს მტერი...
რამეთუ დაცვა მშობელი ერის, რამეთუ დაცვა რჯულის და ენის ერთს აქცევს ასად... დიდგორის ომმა მაშინ ჰყო ნათელ, - როდია მთავარ სიმრავლე ჯარის...
დიდგორი დიდი იმედიც არის. დიდგორით მტერი შემდეგშიც ვმუსრეთ, რეკდა დიდგორი „ჰკა მაგრად“, „ვაშად“... ცოტნე დადიანს ეხატა გულზე, ხმალს უფხავებდა შამქორში ლაშქარს.
დედების ლოცვად, ხმა დიდგორისა მამების რისხვად გვიხმობდა მებრძოლს, გლეხკაცს თუ მგოსანს: - სამშობლო ვიხსნათ!
გმირი აჩრდილი მრავალგზის ვიხმეთ... იქნებ დიდგორიც რუსთველის გმირებს აღებინებდა ქაჯეთის ციხეს?!
მარტყოფს, მარაბდას გვედგა დავითის აჩრდილი დიდი. ის გვამხნევებდა და გვიფარავდა და დავითფერულს თამამად ვცდიდით.
...ჩვენს მთებს, დიდგორის კალთებს მთვარედ დაჰნათის დავითის ფარი... დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს, დიდგორი დიდი იმედიც არის! |


