|
ძმებო ლაზებო, შავშნო, მესხებო, აჭარელნო და არტანუჯელნო, მოულოდნელად თქვენთან შეხვედრა ლამის თვალებსაც არ დავუჯერო.
ნაიარები ბედის, შავბედის... დადუმებულხართ ტბეთის ზარივით, დაღონებულხართ, როგორც შატბერდი.
მათი ძვლებია აქ ჩამარხული, ხოლო თვალები თავს დაგვბრწყინავენ, როგორც სანთლები ძველი ხახულის.
სულშიც ქართვლის მზე გაქვთ ჩაფანტული ნენემ ქართული ნანა გიმღერათ, ნენემ გასწავლათ ენა ქართული.
თქვენ რომ ეძახით ნენეს ალერსით, მისი ჭაღარა თმების ნათელი ნამუსის ქუდად გიდგათ თვალებში.
შერჩეთ ჩუქურთმა, შერჩეთ ნახატი, რას ვიფიქრებდით: მაჰმადიანნი რომ ქრისტეს ტაძრებს შეგვინახავდით.
რად გამახსენდა - გთხოვთ მომიტევოთ, ისე მცირეა ჩვენი მთა-ბარი ქრისტეც, მაჰმადიც ვერ დაეტევა?!
ღმერთი კეთილი, ღმერთი მრისხანე ყველა მათგანი კრძალვის ღირსია დაგვრჩა მათი მზის თითი მისხალიც.
ის ყველა ღმერთზე უფრო მძლავრია, უკვდავ მირონით ხარ განათლული თუ შუბლზე მისი შუქი გავლია.
დედა-სამშობლო - ღმერთი უცვლელი, მის სამსხვერპლოზე ცეცხლად დავენთოთ და დავიფერფლოთ მისთვის გულწრფელად.
ერთმანეთი რომ აღარ გვეთმობა, ეს გაუმარჯოს ტანჯვით შენახულ, მალვით შენახულ თქვენს ქართველობას! |


