|
ერთად იწვიან და ერთურთს აბრწყინებენ, ძმებს არ ამცირებენ, მტერს არ აცინებენ, ავსულს თრგუნავენ და კარგს ყმას ამკვიდრებენ და ღმერთს ადიდებენ - ჩემი ქართველები!
ხვნაში - კაცობენ და მკაში - კაფიობენ, ჯილდოდ ჯინჯილებს და ჩინებს არ ითხოვენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები!
თავად კოტრდებიან და სხვებს ამდიდრებენ უხვად არიგებენ სარჩოს, სალხინებელს და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები.
ხატებს ხატავენ და ლოცვებს აღავლენენ, კოშკებს აგებენ და ტაძრებს ამაღლებენ ქართულ ჩუქურთმებით ჩემი ქართველები.
დილას აღამებენ, ღამეს აცისკრებენ და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები.
წელზე ფეხს იდგამენ, მაღრიბ-მარშიყობენ ცეცხლთან არშიყობენ გენთა გახელებით და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები!
გლახაკთ განიკითხვენ, მაშვრალთ ქომაგობენ, მგზავრებს გზააბნეულთ თვალს არ არიდებენ ხელებს უწვდიან და უფსკრულს არიდებენ. და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები!
ლხინში ნავარდობენ, ჭირშიც თამადობენ, გულ-ხელს არ იკრეფენ, ღვინოს არ იკლებენ, ქვეყნებს არ იკლებენ ბოღმით ქართველები.
უცხოს, უშვილძიროს - კერას არ ანდობენ, დამუნჯდებიან და ენას არ დათმობენ დაყრუვდებიან და ალგეთს არ დათმობენ, დაბრმავდებიან და ჯვარზენს არ დათმობენ, მიწას არ დათმობენ, ზეცას არ დათმობენ, თბილისს არ დათმობენ ჯილა ქართველები.
დედას იფიცებენ, მამულს აღმერთებენ და ღმერთს ადიდებენ, და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები. |


