|
დე, გარეთ ცივა, ქარმა ისევ ფრთები შეისხა, აქ ამინდებმა ამინდიც და სულიც არიეს, ახლა გავუშვებ, რომ იფრინონ, დე ბავშვობისას ასანთის ყუთში შეგროვებულ ჭიამარიებს.
დე, ვლოცულობ და ლოცვებიც კი ვეღარ მშველიან, მე რომ მჯეროდა ბავშვობაში, იმ ზღაპარივით, მგონი უფალიც სიტყვებს შორის შემომელია...
ვგრძნობ წვიმაც უფრო საშიშია, უფრო ცივია, მივშტერებივარ, როგორც სურათს - ნატვრას მაშინდელს, რომელიც ახლა ფერწაშლილი ნეგატივია.
ვამბობ და რაღაც შეიძლება მაინც ვერ ვთქვა დე, ქუჩის ბოლოში ეჭვგარეშე ვიცი ღმერთია, მაგრამ ეს ქუჩა ვერასოდეს მივა ღმერთამდე.
აქ ღალატია, სიკეთისთვის აქ არ იბრძვიან, მე კი მიყვარდეს შემიძლია მთელი არსებით, და ამის მეტი არაფერი არ შემიძლია.
მაგრამ აქ ურჩმა ამინდებმა სულიც არიეს, ფრთები დაემტვრათ, დე, საფრენი ფრთები დაემტვრათ, ასანთის ყუთში შეგროვებულ ჭიამარიებს!.. |


