ერთ დროს თეთრი იყო ყველა ჩიტი.
და მაშინ მათ ფრენა უყვარდათ ძალიან.
ჩიტებს ახლაც უყვართ ფრენა, მაგრამ ის სიყვარული სხვა იყო.
ყველა თავისებურად ფრენდა: ზოგი ნარნარად ცურავდა ჰაერში ფრთაგაშლილი, ზოგი ზეცისკენ აიჭრებოდა უცებ, ზოგი ფრთებს აფართქალებდა და ზოგი კამარას ჰკრავდა ყოველ წამს.
ფრინავდნენ ჩიტები.
ადამიანები იპოვიდნენ თუ არა დროს, მაშინვე ცას შეაჩერდებოდნენ ხოლმე. ყველას თავისი ჩიტი ჰყავდა ამორჩეული და ისე უყვარდათ, დაფიცება რომ უნდოდა ვინმეს ვინმესი, ეუბნებოდა, შენი ჩიტის ფრენამაო.
ჯერ კიდევ დილაბნელში იწყებდნენ ფრენას ჩიტები და მთლად რომ დაბინდდებოდა, მხოლოდ მაშინ ტოვებდნენ ცას.
ხალხმა კი იცოდა, რომ ქალაქის მახლობლად ტყეში ცხოვრობდნენ ჩიტები, მაგრამ არავის მოსვლია აზრად ხეზე ან მიწაზე მჯდარი ენახა ისინი.
დაფრინავდნენ ჩიტები მთელ დღეს.
ცა იყო მათი სიცოცხლე.
და სიკვდილითაც ცაში კვდებოდნენ ფრენისას.
საღამოს პირას უსკდებოდათ პაწია გული. გადატრიალდებოდნენ ჰაერში და ფრთაგაშლილნი მოექანებოდნენ მიწისკენ გულაღმა, თითქოს ეთხოვებოდნენ ცას, მზეს და მოძმეებს...
შეეხებოდა თუ არა მიწას, ქრებოდა ჩიტი იმწამსვე და მის მაგივრად თეთრი ყვავილი ჩნდებოდა.
შენი ყვავილის ნათებამაო, ეუბნებოდნენ თავისი ჩიტის სიკვდილით დამწუხრებულ კაცს.
კაცი უვლიდა თეთრ ყვავილს, მაგრამ ხშირად გაურბოდა თვალი ცისკენ და წყალსასხურიდან მიწას ეღვრებოდა ყვავილს აცდენილი ჭავლი.
ჩიტებს უმღეროდნენ მომღერლები.
ლექსებს უწერდნენ პოეტები.
და მხატვრებიც ცაში მონავარდე ჩიტებს ხატავდნენ.
მშვენიერი იყო ის ნახატები: მხოლოდ ცისფერი და თეთრი ფერის ნაზი ნარევი.
ოღონდ ხანდახან, როცა მიწისკენ წამოსულ მომაკვდავ ჩიტს ხატავდნენ, ჩამავალი მზის წითელ ბურთსაც აქცევდნენ მხატვრები ნახატის ჩარჩოში და მაშინ ჩიტის თვალში ცრემლიც წითლად იწყებდა ელვარებას.
ერთხელ ერთი ნაღვლიანი მხატვარი ხატავდა ჩიტებს.
ალბათ მიხვდით მისი სევდის მიზეზს: თეთრ ყვავილს უვლიდა ის მხატვარი. ჩიტი აღარ ჰყავდა უკვე.
ფიქრობდა თავის ჩიტზე და ხატავდა.
და მოგონებებში გართულმა შემთხვევით ცისფრად შეუღება ფრთა დახატულ ჩიტს. დახედა, „ოჰ, ეს რა მომსვლიაო!“ - იფიქრა და მაშინვე თეთრად დაუწყო შეღებვა, მაგრამ უცებ გაჩერდა, ჩაფიქრდა და თქვა: - მართლაც, რა ლამაზი იქნებაო!
ეს სიტყვები ადამიანებს ბევრ სისულელეს აკეთებინებს ხშირად.
იმ ღამით მხატვარი წავიდა ტყეში, ავიდა ხეზე და ჩამოიყვანა ერთი ჩიტი.
ჩიტს ეძინა.
სიზმრადაც ცაში ფრენენ და ამიტომ ძნელად ეღვიძებათ ჩიტებს.
წამოიყვანა მხატვარმა მძინარე ჩიტი, დასვა ოთახში მაგიდაზე და შეღება ნაირფერად.
მთელ ღამეს თავს დასტრიალებდა ფუნჯით ხელში.
ჩიტმა გაიღვიძა თუ არა, ფანჯრებს მიაწყდა, მაგრამ ამაოდ ეხეთქებოდა, დახურული იყო ფანჯრები.
ჩიტი რომ დაიღალა, დაიჭირა კაცმა, მიიყვანა და ჩაახედა სარკეში. თავისი თავი აჭრელებული რომ დაინახა, ჩიტმა ტირილი დაიწყო.
მაშინ მხატვარი დაიხარა და ჩურჩულით უთხრა: - შეხედე რა ლამაზი ხარო.
თურმე ეს სიტყვები ჩიტებსაც ავიწყებთ ყველაფერს.
დამშვიდდა ჩიტი...
მზე რომ ამოვიდა, მხატვარმა ააფრინა ცაში ფერადი ჩიტი.
გაუკვირდათ ჩიტებს და ფერადი ჩიტის ირგვლივ დაიწყეს ფრენა.
ჩიტმა იფიქრა, თუ ვიფრინე, კარგად ვერ დაინახავენ, რა ლამაზი ვარო, და ხის კენწეროზე ჩამოჯდა.
დაფრინავდნენ მის გარშემო ჩიტები, უცქეროდნენ ფერად ჩიტს ადამიანები და ფერადი ბუმბულით მოხიბლულთ არც ჩიტებს უფიქრიათ და არც ადამიანებს, რომ ეს იყო პირველი ჩიტი, უძრავად მჯდარი ყველას წინაშე.
იმავე ღამით რამდენიმე ჩიტი თვითონ შეფრინდა განგებ ღიად დატოვებულ ფანჯრებში.
იმათაც ლამაზად მოუხატა ტანი და ფრთები მხატვარმა.
მერე და მერე თანდათან იმატა გაფერადების მსურველი ჩიტების რიცხვმა.
და მალე ჩიტების დიდი რიგი დადგა მხატვრის სახლის წინ.
აფერადებდა ჩიტებს მხატვარი.
სურდა ყველა ლამაზი ყოფილიყო, მაგრამ ერთმანეთს არ ჰგვანებოდნენ. ზოგს ძალიან აჭრელებდა, ზოგზე ერთ-ორ ფერს ხმარობდა.
ჩიტები ისე გაიტაცა სილამაზის სურვილმა, რომ სულ დაკარგეს ჭკუა: ბუმბულს იგლეჯდა ზოგი ყელზე, ზოგი - ფრთებზე და ბოლოზე, ასე უფრო ლამაზი ვიქნებიო.
ბუმბულს ჯილდოდ უტოვებდნენ მხატვარს.
ის კი ბედნიერი იყო, ჩიტებს ვალამაზებო. ჩიტების ბუმბულით დიდი ბალიშები აავსო და, როცა ჩიტების გაფერადებით იღლებოდა, იმ ბალიშებში ჩაფლული იძინებდა.
გარეთ აღარ გადიოდა. ან ჩიტებს აფერადებდა, ან ეძინა.
რამდენჯერმე მივიდნენ მასთან სხვა მხატვრები და სთხოვეს, დაფიქრდი, რას სჩადიხარო, მაგრამ ის ყურს არავის ათხოვებდა.
გულში ფიქრობდა, ალბათ შურთ, ცა რომ ავავსე ჩემი ფერებითო.
ერთხელ კი გადადო ფუნჯი, მოდი, დავტკბები ჩემი ნამოქმედარითო.
გაიხედა ფანჯარაში.
და მაშინვე გულგახეთქილი გავარდა გარეთ.
ცარიელი იყო ცა.
არ დაფრინავდა არცერთი ჩიტი.
მხატვრის ეზო და ახლომახლო ქუჩები თეთრ ჩიტებს აევსოთ.
მოუთმენლად ელოდნენ გაფერადების რიგს.
ხოლო გაფერადებულები დაგოგმანებდნენ და ერთმანეთს თავს აწონებდნენ.
შეძრწუნდა მხატვარი. აუქშია ჩიტებს. დაიწყო ხელების ქნევა, მაგრამ არ იძვროდნენ ჩიტები.
უკვირდათ, რა უნდაო.
შევარდა მხატვარი სახლში.
დაამტვრია ფუნჯებიც და პალიტრაც. შორს მოისროლა საღებავები.
მერე ბალიშებს დაერია.
დაფხრიწა. მიფანტ-მოფანტა.
თეთრი ბუმბულით აივსო სახლი.
რიალებდა ოთახში ბუმბული...
და სასოწარკვეთილი იდგა კაცი ჰაერში მოფარფატე ბუმბულს შორის...
დაღამდა.
იჯდა კაცი სახლში და უსმენდა: გარედან მძინარე ჩიტების შფოთვა ისმოდა. ცას აღარ ხედავდნენ სიზმრად. სიზმარშიც თავს ხედავდნენ გაფერადებულს და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ლამაზიაო.
შფოთავდნენ ჩიტები...
მხატვარი იატაკზე თეთრად დაფენილ ბუმბულს დასცქეროდა...
...დილით მზე რომ ამოვიდა, ხალხმა დაინახა: იმ კლდის თავზე, ქალაქს რომ გადმოჰყურებდა, მხატვარი იდგა.
მხატვარს ჩიტების თეთრი ბუმბულით ფრთები გაეკეთებინა და თვითონ ჰგავდა ახლა დიდ თეთრ ჩიტს.
- შემომხედეთო, - გადმოსძახა ჩიტებს.
გადმოეშვა კლდიდან, გაშალა ფრთები.
იწყო ფრენა ქალაქის თავზე.
ფრინავდა ფრთაგაშლილი და უცქეროდნენ ჩიტები.
ბოლოს დაეღალა ხელები, წამოვიდა შხუილით და, ვიდრე მიწაზე დაეცემოდა, მოასწრო დაენახა, როგორ აიჭრნენ ჩიტები ცაში.
კვლავ დაფრინავენ ჩიტები.
მაგრამ ადამიანებს ახლა ძველებურად აღარ უყვართ ჩიტების ცქერა. თუ ვინმე გაერთობა ჩიტების ცქერით, უკვირთ კიდევაც. აღარც ჩიტები ჰყავთ ამორჩეული და ერთიმეორეს დაცინვით თუღა ეტყვიან, შენი ჩიტის ფრენამაო.
აღარც ჩიტების ფრენაა ისეთი, როგორც უწინ იყო. აღარც ფრენისას კვდებიან. აღარც მათი მიწაზე დაცემის ადგილას ამოდიან თეთრი ყვავილები და აღარ ანათებენ ღამეში.
ცოტას გაიფრენენ, გამოიფრენენ ჩიტები და ჩამოსხდებიან ხეთა ტოტებზე.
ისევ თავის სილამაზეზე ფიქრობენ.
ესაა სწორედ უბედურება, რომ ჩიტებსაც დავიწყებიათ:
თუ ფრენა შეგიძლია, მშვენიერი ხარ ამით.
უნდა იფრინო!
და არ გინდა სხვა სილამაზე.


