ყველა ამბავი, რაც ამ წიგნში წაიკითხეთ, ერთმა მოხუცმა კაცმა მიამბო.
იქნებ თქვენც გინახავთ ის მოხუცი. და თუ გინახავთ, ალბათ გახსოვთ კიდეც.
ჩაფიქრებული დადიოდა ქუჩებში და ყურადღებას არ აქცევდა ქალაქის ხმაურს. ხანდახან შეჩერდებოდა, ქუდს მოიხდიდა, თავს უკან გადასწევდა და შეჰყურებდა ცას.
მერე კვლავ განაგრძობდა გზას ფიქრიანი.
მარტოდმარტო ცხოვრობდა იგი. მისი პაწია ოთახი სულ წიგნებით იყო სავსე.
ოთახს ერთი ფანჯარა ჰქონდა და ფანჯრის რაფაზეც იმდენი წიგნი ეწყო, რომ სინათლე ვერ შემოდიოდა და დღისითაც კი ბინდი იდგა ოთახში.
საღამოობით მივიდოდი ხოლმე სტუმრად მოხუცთან და ის მიყვებოდა ათას ამბავს.
სულგანაბული ვუსმენდი...
ყველაფერი უყვარდა ამ ქვეყანაზე: ხე, ქვა, ბალახი, ნადირი თუ ფრინველი... მზად ვიყავი მთელი სიცოცხლე მესმინა მისთვის...
მაგრამ ერთ საღამოს მოხუცი შეუძლოდ დამხვდა. შევშფოთდი... ექიმს მოვიყვან-მეთქი, შევთავაზე.
მოხუცმა თავი გააქნია, არ მინდაო. მერე გამიღიმა და მითხრა:
- ექიმი არაა საჭირო. დაჯექი და მომისმინე, მინდა კიდევ ერთი ამბავი მოგიყვეო.
და აი, რა მიამბო:
წინათ ქალაქში იყვნენ ხელოსნები, რომლებიც მინებს სვამდნენ გატეხილ ფანჯრებში.
მათ ზურგით დაჰქონდათ მინის დიდი ნაჭრები, დადიოდნენ ქუჩებში და ყვიროდნენ:
- შუშა, აბა, შუშა! ვის უნდა შუშა ჩავუსვათო!
მთელ ქალაქს შემოივლიდნენ ხოლმე და საღამოს კმაყოფილი ბრუნდებოდნენ შინ.
უხაროდათ, ფანჯრები რომ ბრჭყვიალებდა ჩამავალი მზის შუქზე.
უხაროდათ, რომ პატარებს არ შესცივდებოდათ თავიანთ ოთახებში.
განსაკუთრებით ერთ მეშუშეს უყვარდა ბავშვები. იგი მარტოხელა იყო. ცოლი ადრე გარდაცვლოდა და შვილიც არ დარჩენოდა.
ერთ საღამოს, ეს მეშუშე შინ რომ დაბრუნდა და მეორე დღისთვის ამზადებდა მინის ნაჭრებს, უცებ კაკუნი გაისმა კარზე.
გააღო კაცმა კარი და დაინახა პატარა გოგონა.
საოცრად ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა გოგონას.
უყურებდა კაცი განცვიფრებული.
გოგონამ ჰკითხა:
- შეიძლება თქვენთან ვიცხოვრო?
კაცს გაუხარდა, შეიყვანა სახლში, დასვა მაგიდასთან, მოუტანა ვაშლები და ტკბილი წყალი დაალევინა.
თვითონ კი თავისი საქმე განაგრძო: სხვადასხვა ზომაზე ჭრიდა მინას.
ფანჯარაში მოჩანდა ჩამავალი მზე და მის სხივებზე ბრწყინავდნენ მინის ნაჭრები.
გოგონას მოეწონა ეს. აიღო მინის ნაჭერი და ატრიალებდა ხელში.
კაცმა მუშაობას თავი ანება და ღიმილით უცქეროდა გოგონას თამაშს. ატრიალებდა გოგონა მინის ნაჭრებს. ცეკვავდნენ არეკლილი სხივები.
ჩადიოდა მზე.
და როდესაც მზე მთლად მიეფარა თვალს, გოგონა იქცა ყვავილად.
გაოცდა კაცი.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ეშინოდა, არაფერი დაემართოს ყვავილსო.
დილით, ვითომც არაფერიო, ყვავილი კვლავ გოგონად იქცა. კაცმა გაიცინა და მხიარული სტვენით გასწია სამუშაოდ.
და ცხოვრობდნენ ასე.
ღამით ყვავილად იქცეოდა გოგონა, დღისით თამაშობდა სახლში და ელოდა, როდის დაბრუნდებოდა ოსტატი.
ყველა თამაშზე მეტად მინებზე სხივების აცეკვება უყვარდა გოგონას. დაჰყურებდა მინის ნაჭერს და აფახულებდა გრძელ წამწამებს... მეორე დღეს ის მინები მიჰქონდა მეშუშეს და სვამდა ფანჯრებში.
და აი, რა მოხდა:
დღისით ის ფანჯრები ჩვეულებრივი ფანჯრები იყო, ღამით კი უცებ ცისფრად იწყებდნენ ციმციმს.
ციმციმებდნენ ფანჯრები.
უყურებდნენ მათ ბავშვები. უყურებდნენ დიდხანს.
მერე აღებდნენ ფანჯრებს და მიფრინავდნენ ჰაერში.
დაფრინავდნენ და მღეროდნენ მთვარით განათებულნი.
იმ ბავშვებსაც კი, მშობლებს ძალით რომ დაჰყავდათ მუსიკის სასწავლად, ახლა ვიოლინოები ეჭირათ ხელში, დაფრინავდნენ და სიამოვნებით უკრავდნენ.
დაფრინავდნენ ბავშვები. მღეროდნენ საამოდ.
ჩიტებიც ხომ სწორედ იმიტომ ჭიკჭიკებენ ისე, რომ ცაში შეუძლიათ ფრენა.
ბავშვებთან ერთად ზოგი დიდიც კი ფრენდა, მაგრამ დიდების უმრავლესობას ყოველივე ეს არ მოეწონა და სულ ჩაამტვრიეს ფანჯრები.
მაგრამ უფანჯროდ ხომ არ იქნებოდნენ.
სხვა მეშუშეებს სთხოვეს, მინები ჩაგვისვითო.
მეშუშეებმა ერთმანეთის გატანა იცოდნენ, შეკრეს პირი და ყველანი იმ კაცს ართმევდნენ მინებს.
კვლავ ციმციმებდნენ ფანჯრები ღამით.
კვლავ ბრაზობდნენ ვიღაცები და ბუზღუნებდნენ, ბავშვები რომ დაფრინავენ და მღერიან, ვეღარ ვიძინებთო.
ბოლოს ერთი-ორმა ისიც კი თქვა, თუ ბავშვები ფრენას არ მოიშლიან, თოფის სროლას დავუწყებთო...
მაშინ კაცმა უთხრა გოგონას:
- ნუღარ ითამაშებ მინის ნაჭრებითო.
- რატომო? - გაუკვირდა გოგონას.
კაცმა უამბო ყველაფერი.
გოგონა დაღონდა და უთხრა კაცს:
- მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვერ დავრჩები ამ ქალაქში, უნდა წავიდე. შენ მელოდე. ცას შეხედე ხოლმე და ვიდრე ცა ლურჯი იქნება, იცოდე, ცოცხალი ვარ, რადგან ცა ლურჯი მხოლოდ იმიტომაა, რომ ჩემი თვალების ფერს ირეკლავს. როდისმე კვლავ დავბრუნდები და იქნებ მაშინ აღარ იყოს ქალაქში ის ხალხი, ბავშვების ფრენა რომ სძულსო.
წავიდა გოგონა. დიდხანს ელოდა მეშუშე, მაგრამ აღარ დაბრუნდა გოგონა, ვეღარ ნახა კაცმა მისი ცისფერი თვალები...
დაამთავრა მოხუცმა ამბავი და ცრემლი მოადგა თვალზე.
ერთხანს გაჩუმებული ვიყავით.
ვუყურებდი მოხუცს... და უცებ მივხვდი: თავისი ამბავი მომითხრო მან.
იწვა მოხუცი და ჩამოსდიოდა ცრემლი.
მერე წამოიწია, ჩაიცვა ტანსაცმელი და მივიდა ფანჯარასთან.
- მომეხმარეო, - მითხრა.
გადმოვალაგეთ ფანჯრის რაფიდან წიგნები და...
ჰოი, საოცრებავ!
ფანჯრის მინები ცისფრად ციმციმებდნენ.
- მხოლოდ ეს ერთი მოციმციმე ფანჯარაღა დარჩა ამქვეყნადო, - მითხრა მოხუცმა.
ვიდექი და თვალს ვერ ვაცილებდი მის ციმციმს.
მოხუცის ხმამ გამომარკვია ბოლოს.
- უკვე დროა, უნდა გავფრინდე. გთხოვ აქ დარჩე, აქ იცხოვრო ჩემ მაგიერ, გთხოვ დაელოდო ცისფერთვალა გოგონას, - მითხრა მოხუცმა.
მერე გამოაღო ფანჯარა, გაშალა ხელები და გაფრინდა სიბნელეში.
დაუბერა ქარმა... გაისმა ჭახანი...
ჩაიმსხვრა უკანასკნელი მოციმციმე ფანჯარა...
და მე მარტო დავრჩი ოთახში...
ახლაც იქ ვცხოვრობ.
ყოველ დილით გარიჟრაჟზე წამოვხტები და გავხედავ ცას.
ლურჯია ცა... და ამოვისუნთქავ შვებით:
სადღაც კვლავ თამაშობს ცისფერთვალა გოგონა და როდისმე აუცილებლად მომიკაკუნებს კარზე.
ოღონდ ამას გთხოვთ ყველას, მზის ჩასვლისას თქვენ თვალწინ ცისფერთვალა გოგონა ყვავილად თუ გადაიქცა, ყვირილს ნუ ატეხთ და ქვეყანას ნუ შეჰყრით. ამას ისა სჯობს, იქვე ჩამოჯდეთ და გათენებას დაელოდოთ, რათა ღამით ყვავილს ფეხი არ დაადგას ვინმემ.


