კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:49

 

თვეში ერთხელ, გამჭვირვალე, მზიან დილით პატარა ქალაქს საყვირის ხმები მოეფინებოდა.

და მაშინვე აფუსფუსდებოდნენ მშობლები, ვისმა შვილებმაც ახლახან აიდგეს ფეხი.

საგულდაგულოდ დაბანდნენ ბავშვებს და გამოაწყობდნენ ფერად-ფერად ტანსაცმელში. თმას ლამაზად დავარცხნიდნენ, ოღონდ ჩაჩს აღარ დაახურავდნენ, აღარ დაგჭირდებათო.

კოხტა სახლებით გარშემორტყმულ პაწია მოედანზე მივიდოდნენ ვიწრო ქუჩებით...

მშობლები ტროტუარზე დარჩებოდნენ, ბავშვებს კი მოედნის შუაგულში აყვავებულ ყვავილებს დაანახვებდნენ.

გაბაჯბაჯდებოდნენ ბავშვები ყვავილებისაკენ.

გაიღებოდა ყველა სახლის ფანჯრები...

დასცქეროდნენ მცხოვრებნი მზის სხივებში აბდღვრიალებულ ფერად ყვავილებს და ყვავილების ირგვლივ გარინდულ ფერადად გამოწყობილ ბავშვებს.

მხოლოდ ერთი მაღალი სახლის სხვენში დატანებულ სარკმელზე არ იღებოდა დარაბები.

მშობლები ახლა სწორედ იმ სარკმელს შესცქეროდნენ. სარკმლის მაღლა, სახურავზე პაწია ალამი იყო აღმართული. ალამზე ჩიტი ეხატა.

იცოდნენ მშობლებმა, რომ ახლა დარაბებს იქით კაცი იდგა, ჭუჭრუტანიდან დასცქეროდა ბავშვებს და კეთილად იღიმებოდა...

იდგნენ ბავშვები ყვავილების წინ.

მზე ეკიდა ცაზე.

...და უცებ გაიღებოდა სარკმლის დარაბები და გამოფრინდებოდნენ იქიდან ფერადი ქუდები. იფრენდნენ ქუდები, იფრენდნენ, წრეს შემოუვლიდნენ ჰაერში, გაიფრენდნენ ფანჯრებში გადმომდგარი მცხოვრებლების წინ და ნარნარად ეხურებოდნენ თავზე ბავშვებს.

ხტოდნენ გახარებული ბავშვები.

მოიხდიდნენ ქუდს, დახედავდნენ და ისევ დაიხურავდნენ.

ხტოდნენ და იძახდნენ, რა კარგია, რა კარგიაო.

სხვისი ქუდი არ ეხარბებოდათ.

ყველას ისეთი ქუდი ერგებოდა ხოლმე, როგორიც აუცილებლად მოეწონებოდა და მოუხდებოდა კიდეც.

არც მშობლებს მოსვლიათ როდისმე აზრი, სხვის ბავშვს უკეთესი ქუდი ერგოო.

იცოდა თავისი საქმე კეთილმა კაცმა.

ბოლოს გამოჰყოფდა თავს სარკმელში მექუდე.

ბავშვები გაჩერდებოდნენ და სულგანაბული შეაცქერდებოდნენ.

ერთხელაც დაუკრავდა მექუდე საყვირს.

მერე თავთან მიიტანდა ხელს. სურდა ქუდი მოეხადა დამშვიდობების ნიშნად, მაგრამ ნახავდა, რომ ქუდი არ ეხურა თურმე.

- ოჰ, უკაცრავადო, იტყოდა, შეიმალებოდა და კვლავ გამოჩნდებოდა სარკმელში ქუდით ხელში.

ისროდა ქუდს ჰაერში.

იფრენდა ქუდი, იფრენდა და დაბრუნდებოდა, დაეხურებოდა მექუდეს.

მოუხდიდა ქუდს კაცი ბავშვებს.

ისინიც მოიხდიდნენ.

და უქნევდნენ ერთმანეთს ქუდებს, აქეთ - მექუდე, იქით - ბავშვები.

მერე წაიყვანდნენ მშობლები ბავშვებს.

დაჰკიდებდა მექუდე თავის ქუდს ლურსმანზე და განაგრძობდა მუშაობას.

მზე ანათებდა კვლავ...

ნიავი არხევდა ჩიტიან ალამს....

...და მას შემდეგ ბავშვები ატარებდნენ იმ ქუდებს. ისე უყვარდათ, რომ ღამით ლოგინშიც არ უნდოდათ ქუდის მოხდა. უფრთხილდებოდნენ, წმენდდნენ სათუთად.

გაივლიდა რამდენიმე წელი, დაძველდებოდა ქუდები, მაგრამ მაინც ატარებდნენ ბავშვები, ვიდრე მთლად დაუპატარავდებოდათ.

შემდეგ სხვა მექუდეების შეკერილ ქუდებს იხურავდნენ.

ის მექუდე მხოლოდ პირველ ქუდებს კერავდა პატარებისათვის.

დიდი ხნის შემდეგ, უკვე დიდები რომ იყვნენ და თვითონ ჰყავდათ შვილები, მოქალაქენი ხშირად გადმოიღებდნენ ხოლმე კარადაში საგულდაგულოდ შენახულ თავის პირველ ქუდს და ვითომც შვილების გასართობად, დაიდებდნენ თავზე, სინამდვილეში კი მოენატრებოდათ ხოლმე იმ ქუდის დახურვა.

სხვა მექუდეებს დიდად არ ეპიტნავებოდათ მოქალაქეებს აგრერიგად რომ უყვარდათ იმ მექუდის შეკერილი ქუდები.

იმაზე ხომ სულ გიჟდებოდნენ, ხალხი დიდ მექუდეს რატომ ეძახისო.

ვითომ ჩვენზე უკეთესი რით არისო, ბუზღუნებდნენ გულმოსულები.

თუ ქუდს რომ ისვრის კარგად, ის მოსწონთ, მაგას ჩვენც კი ვისწავლითო. დაიწყეს ვარჯიში და ზოგი ისე დაოსტატდა ქუდის სროლაში, რომ მექუდეობას თავი დაანება და ცირკში დაიწყო მუშაობა. დანარჩენები მიხვდნენ, ძალიან გადავყევით ქუდის სროლას და ხელობა გვავიწყდებაო, და მიანებეს თავი. მერე იფიქრეს, ალამზე ჩიტი რომ ახატია, ხალხს ის მოსწონსო, და სულ ფასკუნჯებით და ფარშევანგებით აჭრელებული ალმები დაკიდეს თავიანთი სახელოსნოების აბრებზე.

არც ამან უშველათ, ბავშვების პირველ ქუდს მაინც არავინ აკერინებდათ.

ეზოში ყვავილებიც გააშენეს და ერთმა ისიც მოახერხა, რომ მურაბების მაღაზია გაახსნევინა თავისი სახელოსნოს წინ, მაგრამ ყოველივე ამაო იყო...

მოქალაქეებს დიდ მექუდესთან იმიტომ მიჰყავდათ ბავშვები, რომ ყველა, ვინც მისი ქუდით იწყებდა სიარულს ამ ქვეყანაზე, კეთილი ადამიანი იზრდებოდა.

მშობლების მთავარი სურვილი ხომ ესაა სწორედ, შვილი კარგი გამოვიდეს.

- მაშ მაგისი შეკერილი ქუდები კარგია? - თქვეს მექუდეებმა, - ვნახოთ ერთი მაინცდამაინც რა მოიგო, ვინც ეგ ქუდები ატარაო.

დასხდნენ და მოიგონეს ერთი კაცი, მეორე, მესამე, მეოთხე... მეასე და უცებ სიხარულით წამოიძახეს: - ეგენი ხომ ყველანი დოყლაპიები არიან, ყველა მაგათ ატყუებთო.

რაც მართალია, მართალია, ყველა, ვინც იმ მექუდის შეკერილ ქუდს ატარებდა, ადვილად მოსატყუებელი იყო ნამდვილად.

რატომ ხდებოდა ასე?

ჯერ მექუდის საიდუმლოს გაგანდობთ.

საღამოობით ფრთხილად, რომ არავის დაენახა, მექუდის სხვენზე ჩიტები შემოფრინდებოდნენ ხოლმე.

მექუდე ახლად შეკერილ ქუდებს ბუდეებივით დააწყობდა მაგიდაზე და ჩიტები სათითაოდ ჩაფრინდებოდნენ ქუდებში.

ჩააქრობდა მექუდე შუქს და დაიძინებდნენ ჩიტები.

დილით უთენია გაფრინდებოდნენ.

ქუდში კი მათი სიზმრები რჩებოდა.

და ის სიზმრები თან დაჰყვებოდა ბავშვებს მთელი დღე.

როგორც იცით, ჩიტები ცას ხედავენ სიზმრადაც.

და ამიტომაც, შემდეგ იმ ქუდის პატრონს რაზედაც არ უნდა დაეწყო ფიქრი, ყველაფერს ცას უკავშირებდა და მის თვალში ყველაფერს ცის ნათელი ფერის ანარეკლი დაჰკრავდა.

ხეს შეხედავდა, ცისკენ მიიწევსო.

თოვლის ფიფქები ციდან მოფრინავენო.

ბეჰემოთი რომ ბეჰემოთია, იმაზეც იმას ფიქრობდა, თვალები იმიტომა აქვს გადმოკარკლული, ცას მისჩერებია თავის გუბეში ჩაძირულიო.

და თუ ცა გახსოვს მუდამ, არ შეიძლება კარგი კაცი არ იყო.

მაგრამ ცისფრად რომ ხედავს ყველაფერს, ის კაცი ადვილად ტყუვდება.

ეს ასეა და ამას ვერაფერი შეცვლის...

ნოქრის მიერ დაბრუნებულ ხურდას ასეთი კაცი არ ითვლის, თუ ვინმემ უთხრა „მიყვარხარო“, იმისგან ცუდს აღარ ელის და თუ მდინარეში ვინმე ყვირის „მიშველეთო“, მაშინვე გაიძრობს შარვალს და გადაეშვება წყალში. გამოიყვანს კაცს წყლიდან, ხელოვნურ სუნთქვას ჩაუტარებს და ვერ შეამჩნევს, რომ კაცს ცბიერად ეღიმება. წავა ის კაცი, მშველელი კი ვეღარსად იპოვის თავის შარვალს. მაგრამ აზრადაც არ მოუვა, რომ მოატყუეს. იმას უფრო გაიფიქრებს, შარვალი არა მცმიაო.

ათჯერაც რომ დაკარგოს ასე შარვალი, მეთერთმეტედ მაინც გადახტება წყალში, თუკი ვინმე ყვირის „მიშველეთო“.

ესაა მისი ნაკლი, თუკი ამას ნაკლი შეიძლება ეწოდოს: მიმნდობია, ცადმაცქერალი და ცისფიქრიანი კაცი.

და ამას ზოგი დოყლაპიობას ეძახის.

მექუდეებმაც ეს სიტყვა აირჩიეს.

დიდი მექუდე დოყლაპიებს ამრავლებსო, სულ ამას ჩასჩიჩინებდნენ ყველას.

და ბავშვების მშობლებმა ყოყმანი დაიწყეს.

კი სურდათ კეთილი შვილები ჰყოლოდათ, მაგრამ არ უნდოდათ, ისინი ვინმეს მოეტყუებინა.

მშობლების ყოყმანი რომ შეამჩნიეს, მექუდეებმა კიდევ ერთი სიტყვა გამოჩხრიკეს:

დოყლაპიობით შვილები დაგეჩაგრებათო!

ეს კი ისეთი სიტყვაა, რომ ამის გამგონე მშობელი ვეღარც ხედავს რამეს და აღარც არაფერი ესმის.

დაგვეჩაგრებაო?!

და თუმცა იმ მშობელთაგან ბევრი ადრე თვითონაც ცადმაცქერალი იყო, უცებ შეიჯავრეს მექუდე.

ცაც დაივიწყეს და ცის ფერიც.

მივიდნენ მექუდესთან და უთხრეს, წადი ქალაქიდან შენი ქუდებიანადო!

მოგვშორდი თავიდანო!

შენ გინდა შვილები დაგვეჩაგროსო?!

მექუდემ გაიღიმა, ალბათ რაღაც გაუგებრობაა, გავარკვიოთ რა მოხდაო...

მაგრამ არ აცალეს.

ყველაფერი გარკვეულია, თუ ნებით არ წახვალ, კინწისკვრით გაგაგდებთო.

მიხვდა მექუდე, ლაპარაკს არა აქვს აზრიო და სთხოვა:

- კარგი, ბატონო, ხვალ დილამდე მაინც მაცალეთ, რომ ბარგი შევკრაო.

როგორც იყო, დათანხმდნენ და წავიდნენ დამუქრებულნი:

- ხვალ დილას არ გადააცილო, თორემ გიჩვენებთ სეირსო.

მერე ერთ მექუდეს აზრი დაებადა, დანარჩენებსაც გაანდო და ტაშიც კი დაიმსახურა.

მოაგროვეს ქალაქში მექუდის შეკერილი ყველა ქუდი და ცეცხლი წაუკიდეს...

ხედავდა დიდი მექუდე იმ საშინელ კოცონს და ტიროდა.

მაგრამ მხოლოდ ტირილით საქმეს არ ეშველება. თან კერავდა დიდი მექუდე.

კერავდა მთელი დღე და საღამოს ჩიტები რომ მოფრინდნენ, ნახეს, ვეება ქუდი შეეკერა მექუდეს, სხვენზე ძლივს ეტეოდა.

ღამით ერთად დაიძინეს იმ ქუდში მექუდემ და ჩიტებმა.

განთიადისას მექუდემ მადლობა გადაუხადა ჩიტებს.

აფრინდნენ ჩიტები.

მექუდემ კი ჩააწყო ქუდში მთელი თავისი ავლადიდება.

შემდეგ კი ქუდზე დაამაგრა დიდი ქოლგა, რომელიც ასევე წინა დღეს შეკერა.

ჩაჯდა ქუდში მექუდე...

მზე რომ ამოვიდა, ყველამ დიდი მექუდის სახლისაკენ გასწია, თუ არ წასულა, შავი დღე უნდა დავაყაროთო.

მიდიოდნენ ლანძღვა-გინებით.

მიუახლოვდნენ მის სახლს...

...და უცებ დიდი ხმაური და მსხვრევის ხმა შემოესმათ. სახურავი გამოანგრია და ცაში აფრინდა ვეება ქუდი. ქუდის თავზე დიდი ქოლგა იყო გაშლილი, ქოლგის წვერზე კი მექუდის ალამი ფრიალებდა.

მიფრინავდა დიდი ქუდი ქალაქის თავზე...

მერე გაისმა საყვირის ხმა და ქუდი გაუჩინარდა თეთრ ღრუბლებში...

ამბობენ, მას შემდეგ დიდი მექუდე აღარ უნახავთ პატარა ქალაქშიო.

მაგრამ ეს არაა მართალი.

მაშინ ყველას არ დაუწვავს დიდი მექუდის შეკერილი ქუდი.

ქალაქში კვლავ არიან მშობლები, რომლებსაც სურთ ცადმაცქერალი და ცისფიქრიანი შვილები ჰყავდეთ.

გაზაფხულზე მთვარიან ღამით გამოიყვანენ ხოლმე ბავშვს სასეირნოდ.

ქუდს არ დაახურავენ.

დაჰყავთ ბავშვი ხელჩაკიდებული და ხანდახან ცას ასცქერიან.

და მარტო თუ დარჩნენ ქუჩაზე, მაშინვე გაიხმიანებს საყვირი და მთვარით განათებული ღრუბლიდან გამოვა დიდი ქუდი.

გადმოიხედავს მექუდე და გადმოისვრის პაწია ქუდს.

იფრენს ქუდი, იფრენს და დაეხურება ბავშვს.

მოიხდის ქუდს ბავშვი და იტყვის:

- რა კარგია!

- ხვალ, მზეზე რომ ნახავ, უფრო ლამაზი იქნება, შვილო, - ეტყვის დედა ან მამა.

ბავშვი აიხედავს და ქუდს დაუქნევს დიდ მექუდეს.

- ოღონდ იცოდე, არც ამ ქუდისა და არც ამ კაცის ამბავი არავის არ უნდა გაუმხილო არასოდეს, - ეტყვიან ბავშვს.

ბავშვი თავს დაუქნევს.

და სამუდამოდ დაამახსოვრდება მთვარით განათებული ვეება ქუდი ზედ გაშლილი ქოლგით...

ამიტომაც კვლავაც დადიან ქალაქში ცადმაცქერალი და ცისფიქრიანი ადამიანები.

დაფრინავს ცაში დიდი მექუდე. ხან ნისლში იმალება, ხან ღრუბლებში.

და არა ტოვებს ქალაქს.

ალბათ გინახავთ, ქუჩაში ვინმე გამვლელი როგორ ჩერდება და აქეთ-იქით იწყებს ცქერას.

მერე გაირინდება. დგას თვალებში შუქჩამდგარი და თვითონაც არ იცის, რას ეძებს თვალებით; რა იყო ასე საამო, გრილ მალამოდ წამით რა დაეფინა გულზე...

დგას გამვლელი. ამქვეყნად ყველაფერი დავიწყებია...

მერე გამოერკვევა, თავს გაიქნევს ღიმილით და წავა...

უცნაურად ნუ მოგეჩვენებათ ამ კაცის ქცევა: ქალაქის ხმაურში მან დიდი მექუდის საყვირის ჰანგებს მოჰკრა ყური.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen