კარგა ხანია გაზეთების პირით აღარაფერი ისმის მთაზე, თითქო აქ ხალხი არა სცხოვრობდეს, ან არავის რა უჭირდეს, საყურადღებო არაფერი ხდებოდეს. თქვენ სიხარული ბრძანეთ, თორემ საყურადღებო ამბავი და გაჭირვება, რამდენიც გნებავთ, იმდენი მოიკითხეთ. გავიხსენოთ თუნდ შარშანდელი მოუსავლობა: ნაადრევ ყინვებისაგან ჭირნახული დაზრა. უმთავრესი მასაზრდოებელი ფშავ-ხევსურეთისა ქერია და სწორედ ყინვა-ზრობამ მოასწრო მოუმწიფებელ ქერებს და მოშუშა. ხალხი დაიმშა. დაწიოკებული ხალხი ადგენდა განაჩენებს, სთხოვდა მთავრობას დახმარებას. მაგრამ ბედი ჩვენთვის დედინაცვალი გამოდგა: დღესნამდე ეს განაჩენები ჰყრია უმოძრაოდ მომრიგებელ შუამავლის პორტფელში, თუ სანაგვეში, – უფალმა უწყის – და არავითარი ნაყოფი ჩვენთვის არ მოუტანია. ვერ მიაღწია ამ „პრიგოვორებმა“ დანიშნულს მიზანს – ანუ ვიტყვით – მთავრობის ყურამდენაც კი, რადა თუ იცით? რა ჯადო აეკვიატა? არ არის განაჩენები იმ ფორმაზე შედგენილი, როგორსაც მთავრობა თხოულობსო, განგვიმარტა მომრიგებელმა შუამავალმა. მორჩა და გათავდა, გაძღა, მაშასადამე, ხალხი და გავძეხით ჩვენც, ხალხის ჭირისუფალნი! ჰოდა რაო? რაკი ფორმაზე არ არის სია დამშეულებისა, მაშასადამე აღარავისა ჰშიან და აღარც ვის რა უჭირს!!
წელს უარესობა მოგველის, რადგან უხნავობა იყო უთესლობის გამო, და რაც მოიხსნა და დაითესა, არც იმას უჩანს კაი პირი. ამ ჭირს სხვა უარესი ჭირი დაერთო ზედა. ხევსურეთს, მაგალითად, მოაკლდა მთების შემოსავალი მეცხვარეობისაგან. მთელი ხევსურეთის მთები ოხრად არის დარჩენილი, რადგან მწყემსს ქისტების შიშით ვეღარ მოუდის მთაში ცხვარი. ან რა სიგიჟე სჭირს, მოვლენ ქისტები და მოსტაცებენ. ამ ბოგანო ხალხმა სწორედ თავზარი დასცა მთელ ფშავ-ხევსურეთს. რაკი მთაში აღარ მოუდისთ მეცხვარეებს ცხვარი, ქისტები, ბრბოებად თავმოყრილნი, სახლებში უხტებიან და მიერეკებიან ქისტეთში აუარებელს ცხვარს და ძროხას, ხოლო პატრონი, მეშველი, არსაიდან არავინა სჩანს. პოლიცია, თამამად ვამბობ, არ არსებობს, ყურს არავინ არ იბერტყავს.
ხალხსაც ვერ მოუვლია თავის თავისთვის. ფშავლები და ხევსურები ქისტების თავიდან ასაშორებლად ძველს, მამა-პაპურს საშუალებას ჰსახავენ: „თუ როგორც ჩვენი მამა-პაპანი ჰლაშქრავდენ ქისტებს, ჩვენც ისე არ დავლაშქრეთ, ხეირი არ არის, ქისტები არ მოისვენებენ და არც ჩვენ დაგვასვენებენო“. ამასღა ფიქრობს გაბრაზებული და გამწარებული ხალხი და ის კი ავიწყდება, ამგვარ ლაშქრობას რა შედეგი ექნება. ლამის, როგორც თათარ-სომხების ბრძოლის მოწამენი ვიყავით, ისე ფშავ-ხევსურ-ქისტთა შეტაკების მოწამენი შევიქმნეთ. ნუთუ აღარაფერი ეშველება საქმეს სხვა გზით და სხვა მხრით? თუ ყველა თავისებურს საშუალებას ერიდება მთავრობა ქისტების ასალაგმავად, ეს ხომ ადვილია იმისათვის, და ფშავ-ხევსურნიც იმის მონატურნი არიან, რომ ქისტეთი მიაწერონ გროზნის ოლქს? მერე ამით განა საქმეს ეშველებაო? იქნება იკითხოთ. ბევრად თუ არა, ცოტარი მაინც მიეცემა მაშინ ფშავ-ხევსურთ საშუალება თავიანთ საკუთრების დაცვისა. მხოლოდ მაშინ დაეკეტებათ ქისტებს საფშავ-ხევსურეთის გზა, და გამოეცლებათ ხელიდან ის საბუთები, რომლითაც მუდამ თავს იმართლებენ:თიანეთში მივდივარ საჩივლელად ან თიანეთში ვარ დაბარებულიო; ნამდვილად კი რომ ვსთქვათ, საყაჩაღოდ არის წამოსული, და კიდევაც რომ დაბარებული იყოს „სუდში“, ან „ნაჩალიკთან“, შინ რომ დაბრუნდება, დიდი სირცხვილია ხელცარიელი მივიდეს მითხოში: უნდა მოიპაროს ცხენი ან ძროხა უსათუოდ ფშავლის ან ხევსურისა. დღეს კი, როცა შესწავლილი აქვთ ყველა გზები და ბილიკები, ბრბოებად დარაზმულნი, მიილტვიან ფშავ-ხევსურეთის ასაკლებად.
სიღარიბესა და უმეცრებაში ჩაფლულ ადამიანისაგან ამის მეტს ან კი რას უნდა მოველოდეთ? ქისტების ორ მესამედს არ მოეპოვება იმდენი მიწა, რომ თავი დაიმარხოს, სასაფლაო უნდა სხვისაგან იყიდოს, მიწები რამდენსამე პირს ჩაუგდია ხელში და ტრადიციით ისე განაგებენ ამ მიწებს, როგორც ხანები თავიანთ სამფლობელოს. განათლების სხივი ხომ იმ თავით ამ თავამდე ქისტეთს არ ჰღირსებია. მთელ ქისტეთში არ მოიპოვება არც ერთი სკოლა.
ამ მხრივ არც ფშავ-ხევსურეთია სანატრელ მდგომარეობაში. რევოლუციამ ძველ სკოლებს აურია ჟამ-კარი; დაუბნია დავთრები. ორად ორი სკოლა გვქონდა ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებისა და ისიც ლამის ხელიდან გამოგვეცალოს. რაღა ლამის, ხევსურეთში ბარისახოს სკოლა მოისპო, რადგან ამ ორი წლის წინათ შენობა დაიწვა და ეს სკოლა სხვაგან (უცხო მხარეს) იქმნა გადატანილი. წელს დაიწვა მაღაროსკარის (ფშავში) სკოლის შენობა და მასწავლებელი მოსწავლეებითურთ შეეკედლა სოფლის კანცელარიას… აღარ გვაქვს დღეს შენობა სკოლისა და ხომ მოგეხსენებათ – კანცელარიებში რა სწავლაც შეიძლება! როგორც გავიგეთ, მთავრობას განუზრახავს მაღაროსკარის სკოლა გადაიტანოს სოფ. ჩარგალში (ფშავშივე), რადგან იქ მოიპოვება სამრევლო თავისუფალი შენობა, რაიც ფრიად მოსაწონი აზრია, რადგან ს. ჩარგალი მცხოვრებლებით უფრო მრავალრიცხოვანია სხვა სოფლებზე და ამასთან უჭირავს შუა გული ფშავისა, სადაც ყოველ მხრიდან შეუძლიან ყველას მიიყვანოს ბავშვი სასწავლებლად.
შირაქში გადასახლებაც შეჩერდა, რაიც დიდს უკმაყოფილებასა ჰბადებს ხალხში. დიაღ, შეჩერდა მთავრობის განკარგულების წყალობით: ვინც დასახლდა, ისიც მეტია, სხვას ვეღარ მივცემთ ნებას დასახლებისასო… ამ სხვებმა რაღა დააშავეს, ალაჰმა უწყის! ახლად დასახლების მსურველთ რადღა უკეტავენ შირაქის კარებს, ეშმაკმა უწყის!..
შეურაცხყოფილნი შირაქში დასახლების მსურველნი აპირებენ მისცენ თხოვნა, საცა ჯერ არს, აღძრან შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რომ დაცულ იქმნას მათი ისტორიული უფლება შირაქში დასახლებისა. რით დაგვირგვინდება ეს თხოვნა, ამას ბოლო სცნობს.
1908 წ.


