კარგახანია მას შემდეგ, რაც ხევსურეთი აღარ მენახა, მისის მაღალის მთებით, რომელნიც მუდამ თოვლით არიან შელესილნი, მისი საჯიხვეები, თავიდგან ბოლომდის სალის კლდისანი. ეს უკანასკნელნი თუმცა თითქმის ხუთი ათას ფუტს მიაღწევენ სიმაღლით, მაგრამ თოვლს არ იყენებენ ზედ, ისხლეტენ, იშორებენ თავიდგან და მიაბარებენ ბნელს, გულჩათხრობილს ხევებს. კარგახანია აღარ გამეგონა ხევსურის მაღალის, ტირილის მსგავსის ხმით მღერა: „თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო, ლაშქარი გავიზიაროთ. ერთმანეთს მხარი ვუჭიროთ, მტერი კი დავაზიანოთ“.
დღეს ხევსურეთში ვარ „ადგილსა ვიწროს, მწირსა და შეუვალსა“, როგორც ამბობს ვახუშტი თავის ისტორიაში, და გავსცქერი ათას მხრიდგან გადმომდინარს ჩანჩქრებს, რომელნიც თითო ნაბიჯზედ გზას უღობავენ კაცს და თავზედ მარგალიტის ცვარს აფრქვევენ. ვხედავ ბეჩავს გუთნისდედას, ბეჩავის გუთნის პატრონს; გუთანში უღელი ხარი უბია. მეხრეც თითონ არის და გუთნისდედაც.
გაავლებს გუთანს ერთს ადგილზედ და შეაყენებს, იღებს ხელში წერაქვს და იმით შეუდგება გუთნისაგან გაუტეხელის ადგილის თხრას. რა წამსაც ხევსურის გუთანს ჰნახავთ, მაშინვე იმას იფიქრებთ: ნეტავი ამ გუთანმა როგორ უნდა დაარჩინოს ხევსურის ოჯახობა, ცოდო-ბრალით როგორ იჭმევა ამ გუთნით მოყვანილი პურიო. ხევსური ამას თითონაც კარგად ჰგრძნობს და კიდეც იმიტომ ამბობს: „სისხლის პურის ჭამაი გვაქვის, ძმობილო, ჩვენ ყოფნა რა ყოფნაი ას!“
რამდენადაც ხევსურეთის არემარეა მწირი, უფრო მეტად მის მცხოვრებთა ჭკვა-გონებაა. ისე მედიდურად, თავმოწონებით, არა მგონია სადმე საქართველოს კუთხეში დაფარფაშობდეს უმეცრება, ცრუმორწმუნეობა, როგორც ამ სალთა და შავთა კლდეთა შორის. ყველაფერი, ხილული და უხილავი ბუნებაში, ხევსურს ცრუმორწმუნეობის საგნად გაუხდია. ხევსურის ცრუმორწმუნეობას მომეტებულად ამხნევ-ასაზრდოებს და ფრთებს ასხამს მკითხავ-ქადაგების რჩევა-დარიგებანი. ბნელს, ოღრო-ჩოღრო კლდიანს ბილიკზედ მიმავალს ხევსურს რომ დაგორებული კლდის ანაგლეჯი ქვა თავისთავად მოხვდეს, დაზიანებულის პატრონი დაუყოვნებლივ მკითხავთან გარბის: რომელ ხატის მიზეზისაგან მოხდა ეს უბედურებაო? მკითხავი თავის სამკითხავოს „აიტანს“ და უჩვენებს ერთს რომელსამე ხატს ესა და ეს ხატი ედავება, ემიზეზება შენს ნათესავსო. ხევსურს ხატისა დიდად ეკრძალება, ეშინიან და მაშინვე თავდარიგს შეუდგება, რომ ხატი მოიმადლიეროს, რათა მომეტებული უბედურება არ დაატყდეს თავზედ.
- ეხლ სწორად ოც საკლავ შამისრულდ, - მარწმუნებდა ერთი ხევსური, - ხატებისად დაკლულ, ძმაი მყვანდი ავად, მაინც მაკვდ ჩემ ძმაი. მაინც იმას იმით არა ეშველ. მაგრა-მე რაი ვქნათ. ჩვენ ჩვეულებაი ას ესე, სხვა წამალ ჩვენ არა ვიცით, თუ რას ისივ ხატ-ღმერთ გვიშველსო, იქვ იმათ ვეხვეწებითავ.
ხევსური თუმცა ამას ამბობდა ენით, მაგრამ გულში კი ჰფიქრობდა: ალბად რომელსამე ხატს კარგად ვერ „ვემსახურე“, ბლომად კაი ძღვენი ვერ მივართვი, ჩემ ძმა იმიტომ „გაგრილდაო“.
ეს ნივთიერი ზარალი, რომელიც მკითხავ-ქადაგისაგან მოსდის ხევსურს, ხომ არის, რაც არის. უბედურება ისაა კიდევ, რომ ეს უმეცარნი მრჩეველნი უმეცრებას ურჩევენ ხალხს. სკოლაში შვილს ნუ მისცემო, რადგან ხატი არ „უხდენს“, ხატსა სწყინსო. მორჩა და გათავდა. აქ კრიტიკულს მსჯელობას ადგილი აღარა აქვს. კითხვა: რადა? რისთვისა? სრულიად უქმია. ბარისახოს სკოლის მასწავლებელი დაძმარებული, დაღონებული შემომჩიოდა, რომ ქადაგ-მკითხავები, სწავლის საქმეს სცარვენ, წინ ეღობებიანო, ერთი შეგირდი გამიხდა ავად სურდოსაგან, მკითხავს დაებარა მშობლებისათვის, ჩქარა გამოიყვანე სკოლიდამ, თორემ შვილი მოგიკვდებაო. მასწავლებლის მხნეობას მაინც დაუძლევია ეს დაბრკოლება, თხუთმეტამდე შეგირდი მოუგროვებია, თუმცა შენობა სკოლისა არ უვარგა, მაგრამ მაინც მშვენივრად წაუყვანია საქმე. წელს შეგირდ ბის გამოცდას დავესწარი, სადაც ინსპექტორი სკოლისა მ. ლეონიდი ბრძანდებოდა, და ფრიად სასიამოვნოდ დამრჩა შეგირდების გამოცდის მოსმენა. პატარა ხევსურები გაბედულად ლაპარაკობდნენ, ყველა კითხვაზედ მკაფიოდ იძლეოდნენ პასუხს.
მეტად საწყენად რჩებოდათ, თუ რამ შეცდომა მოუვიდოდათ, „გულს აკლდებოდათ“ და თავის მარცხს ცრემლით აგვირგვინებდნენ. ეს სასიამოვნოა იმითი, რომ ჰგრძნობდნენ უცოდინარობის სირცხვილს. ამ ამბავს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მკითხველისა რა მოგახსენოთ. მე ასე ვფიქრობ, პატარა ხევსურებს უყვარსთ სწავლა, სწავლას, ცოდნას იმათ თვალში ფასი სძევს, ცოდნის ქონა მადლი და სახელია, ხოლო უცოდინრობა კეთილის მოკლება, სირცხვილი, სატირელი და სავალალოა. ეს მაგალითი იმ შეგირდს ეკუთვნის, რომელიც მშობლებს მკითხავის რჩევით გაეყვანათ სკოლიდამ, მასწავლებელს კი რის ტანჯვით და პირობის მიცემით, უკეთუ თქვენს შვილს რამე დაუშავდეს, პასუხისმგებელი მე ვიყოო და თქვენის შვილის „თავ-სისხლიც“ მე გიზღოთო, დაებრუნებინა ისევ სასწავლებელში. რადგანაც შეგირდი ბევრს გაკვეთილებს არ დასწრებოდა, სხვებს უკან ჩამორჩომოდა და დღეს სწორედ იმის განკითხვის დღე იყო: „რა ვქნაევ, მასწავლეო, მე, ალალაი, რო მინდარის სწავლაი, მაგრა რო დედმამან არ მიტევენავ სკოლაჩია“, - სთქვა თვალცრემლიანმა პატარა ხევსურმა...
დიდებს ეჯავრებათ სკოლა, ხოლო პატარაებს უყვართ. ეს საკვირველიც არ არის, რადგან ამისთანა ბნელს ხალხში პატარაები უფრო არ არიან ცრუმორწმუნენი, არ გასჯდომიათ ჯერ ძვალ-რბილში მშობელთა და მეზობლების ამაო რწმენანი. ჯერ იმათი ტვინიც გაურყვნელია და აი სწორედ ეხლაა დრო მთესველისა. დღეს სოფელს ბარისახოში ახალი, ფართო და კარგი სახლი შენდება სასკოლედ. იქვე იქნება თავშესაფარი შეგირდთათვის, იმ შეგირდთათვის, რომელნიც შორეულ სოფლებიდგან იქნებიან, და იმედი გვაქვს, რომ შეგირდთა რიცხვი მოიმატებს ერთი სამად და ოთხად, ხოლო უნდა ვსთქვა, რომ პირველ შემთხვევაში საჭიროა პოლიციის დახმარება. თუ დასავლეთ ევროპაში სავალდებულოა შვილების აღზრდა, ჩვენ ვინღა ვართ, ჩვენ უფრო არ გვიჭირს?! პრინციპიალურად რაც უნდა ცუდი იყოს ძალდატანება, ამისთანა საქმეში, მერე ხევსურეთში, აუცილებლად გამოსადეგი ღონეა.
როგორც ზევითაც ვსთქვი ხევსურეთზედ უკან ჩამორჩენილი სწავლა-განათლებით არცერთი საქართველოს კუთხე არ არის. და ერთადერთი სახსარი კი ხევსურთა მორჯულებისა, სკოლაა. მღვდლები დღესაქამომდე, უნდა მოგახსენოთ, აქ არაფერს აკეთებდნენ „კუსების“ (ყველი) და ერბოს და ხატობებში ტყავების კრეფის მეტს. მღვდლები აქ არა დგებოდნენ, წელიწადში ორს კვირას არა რჩებოდნენ თავიანთ სამრევლოში. ამის გამო აქ საოცარს მაგალითებს შეჰხვდებით. ჰხედავთ ხევსურს, ქრისტიანს კაცს სამოცის წლისას, რომ პირჯვრის წერა არ იცის, ზიარების სახელი მხოლოდ გაუგონია, ეკლესიის კარები არ იცის საით არის, იქნება რომ მონათლულიც არ იყოს და ტყუილად იყოს ჩაწერილი „მეტრიკაში“, დალოცვილი სასულიერო მთავრობაც ამ ბეჩავს მხარეს უმარჯვებს სულ ნაბოლარა მღვდლებს, რომელთაც გარდა „ჟამნისა“ და „დავითნისა“ არაფერი უნახავთ და არც გაუგონიათ საეჭვოდ მისაჩნევია, ესმის თუ არა თითონაც ის, რაც შიგ უწერიათ, ვგონებ ექიმი, თუ თქვენც დამეთანხმებით, სნეულსა სჭირია, თორემ კარგა მყოფი უექიმოდაც იოლად გამოვა. დიპლომიანი მღვდლები ხევსურეთს როგორც ჟამს. ისე ერიდებიან, უფრო ყოველ მხრივ სარფიანს სამრევლოებს ეძებენ. ამ შემთხვევაში ისინი სტყუიან და უმთავრესს თავის დანიშნულებას ჰღალატობენ. სასულიერო კაცი ვგონებ იმის სასულიეროა, რომ სამრევლოს სულსა და გულს უპატრონოს და არა მარტო ჯიბე აივსოს ფულითა და ხურჯინი ტაბლებითა, სხვაგან სად იპოვნის შემთხვევას, რომ „ცხოვარნი არ წარიტაცოს მგელმა“, გარდა ხევსურეთისა?! მაგრამ, ეჰ, მახლას, დღეს ცოტა არ არის, უკეთესს მერმისს მოველით ქრისტიანობის გავრცელებისას ხევსურეთში. თუ ჩვენს იმედს არ უმტყუნა თიანეთის მეორე საბლაღოჩინოს ბლაღოჩინმა მღვ. კოს. სემიჩმა და, როგორც უკვე საიმედოდ დაიწყო საქმე, ბოლო ისე გაატანა.
ეს პატივცემული მოძღვარი მხნედ და თავგამოდებით ებრძვის ყველა იმ ცრუმორწმუნეობას, რომელიც მაზარალებელია ხალხის ნივთიერისა და გონებრივის ცხოვრებისა. სცდილობს აღამაღლოს მნიშვნელობა ეკლესიისა და მღვდლისა დეკანოზ-ხევისბრებზედ და მკითხავ-ქადაგებზედ. ეს უეჭველად ასეც უნდა მოხდეს. უკეთუ გვინდა, რომ აქ სწავლამ, სკოლამ ფეხი მოიკიდოს. მღვდელი, რაც უნდ გაუნათლებელი იყოს, ხალხს იმას არ ურჩევს, სკოლაში შვილებს ნუ მისცემთო. საყდარი, რაც უნდ უხეირო მოსამსახურენი ჰყავდეს, მაინც მეტს ასწავლის, ვიდრე ხევსურის ხატი, სადაც ერთის ზარის მეტი არაფერი ჰკიდია და შავის დახავსიანებულის ლოდების მეტი კაცის თვალს არა რა ახარებს. თავიანთ ხატების ლოცვას არცა ვინ უშლის ხევსურებს, ხოლო საკვირველი ისაა, რომ ერთი და იგივე წმინდანი თავის ხატში და ეკლესიაში სხვადასხვაგვარად სწამს და პატივისცემასაც ამგვარად უწევს. საყდარში შესვლა ჭირივითა სძულს ხევსურს. ამიტომ მღვდლები წესებს სახლებში უსრულებენ. როგორ გგონიათ, რად ეკრძალება ხევსური, რად უფრთხის ეკლესიას? ეკლესიაში შესვლით ის აშინებს, თითონ არ გაუწმინდურდეს, თუ ეკლესია არ გააუწმინდუროს? ხატთან ახლო არ მიდის. ეს მართალია, რადგან სცდილობს თავისს უწმინდურის ფეხის დადგმით არ გააუწმინდუროს წმიდა-წმიდათა, ხოლო ეკლესიასზედ ამას ვერ ვიტყვით. ზოგს ადგილას, როგორც, მაგალითად, ხახმატში, კაცები და დედაკაცები რის ვაივაგლახით შევიდნენ საყდარში. დედაკაცებს კენჭები ჩაედოთ პირში. იმიტომ არ შედიან, რომ თვით ადგილი, რაზედაც საყდარი სდგას (საყდარი იქვე ხატის გვერდზეა), წმიდა ადგილად მიაჩნიათ. „აქ თამარ-მეფის ნასადგომარი ასავ“.
აქ ბლაღოჩინის ბრძანებით და პოლიციის დახმარებით ორასამდე კაცმა და ქალმა მოიყარა თავი. ამ ორას სულში თუ ორს ენახა შემოსილი მღვდელი და მოესმინათ წირვა, დანარჩენებს არაფერი გაეგონათ. ხალხი განცვიფრებული შესცქეროდა ხატებს. წირვის შემდეგ სამმა მღვდელმა ბლაღოჩინითურთ აკურთხეს წყალი და ასხურეს ხალხს აიაზმა. წარმოითქვა ორიოდე სიტყვა. შემდეგ ხალხი ისევ საყდარში წავიდა, მაგრამ მეორედ შესვლა ისე აღარ ეძნელებოდათ, როგორც წინად. შემოუარეს ეკლესიას რამდენჯერმე ისეთს ადგილზედ, სადაც ხევისბერსაც კი არ შეეძლო მისვლა. ესეთივე ცერემონია მოხდა ხატების გამოსვენებით, რომლებიც თითონ ორ-ორს ხევსურს ეპყრათ ხელში ს. ბარისახოში. ბლაღოჩინის კითხვაზე: „რატომ მღვდელს არ მიიწვევთ ხოლმე თქვენს ხატობებში საკლავის, ტაბლისა და სასმლის საკურთხებლადაო?“... ხალხი იმ პასუხს აძლევდა ყველგან, რომ ყოველთვის მღვდელი ჩვენთან არ არის და ჩვენი დეკანოზი კი ჩვენთან განუშორებელიაო. თუ მუდამ ჩვენთან იქნებიან მღვდლები, ჩვენ არ მოვერიდებითო და ბლაღოჩინმაც აღუთქვა, რომ ამას შემდეგ მღვდლები მუდამ თქვენთან იქნებიანო. სამის საზოგადოების ხალხმა, რომელნიც არიან: ბარისახო, ღული, ახიელი, დაადგინეს განაჩენები. ამ განაჩენების უმთავრესს მუხლებს აქვე მოვიყვანთ:
1) ხალხმა უნდა იაროს მუდამ ეკლესიაში წირვა-ლოცვაზედ, მიიწვიონ წესების ასრულებისათვის მღვდლები და არა დეკანოზები.
2) ყველა მიცვალებულს ცალკე გაუთხარონ საფლავები და არ შეარყიონ გარდაცვალებული ორის-სამის წლისა, არ ამოყარონ იმისი ძვლები და სხვა არ დაასაფლავონ იმავე საფლავში.
3) არ ატარონ დედაკაცები წიდოვნებისა და მშობიარობის დროს ცალკე აგებულს ქოხებში (სამრევლოებში) და აღარც იქონიონ ამისთანა ქოხები.
4) არ მოიტაცონ ძალათი ქალიშვილი ცოლად.
5) ატარონ შვილები სკოლაში და სხვ. თითოეულს მუხლს განაჩენისას ვინც დაარღვევს, იმან უნდა გარდაიხადოს ჯარიმა ეკლესიის სასარგებლოდ ოცდახუთი მანათი.
ყველა მუხლი განაჩენისა სასარგებლოა ფრიად და, მე ჩემად, ვისურვებ აღსრულებაში მოეყვანოს მ. კოსტანტინე სემიჩს, როგორც იმედი გვაქვს იმის მხნეობისა და თავგამოდებისა.
1892 წ.


