კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:30

 

(მათი სხვადასხვა ჩვეულება, ცრუმორწმუნეობა და ხატები)

 

თამარის დროშა გაშალეს,

შეკრბა დიდუბეს ლაშქარი:

კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით,

ფშავ-ხევსურს შვენის აბჯარი.

გრ. ორბელიანი.

 

I

საზოგადო შენიშვნები

 

ძველს ნაქალაქარს ჟინვანს ორი არაგვი ერთმანეთს ერთვის, ერთი „მთიულეთისა“ და მეორე „ფშავისა“; ფშავის არაგვი შესდგება ორის შტოისაგან: ერთი თვით ფშავის არაგვი და მეორე ხევსურეთისა, რომელნიც ერთმანეთს ერთვიან ორწყალში, ჟინვანიდამ ორმოცის ვერსის სიშორეზედ. ხევსურეთის არაგვი ერთვის ფშავის არაგვსა მარჯვნიდამ, აქედამ იწყობა ხევსურეთი. ფშავის არაგვის მარჯვენა და მარცხენა მხარე შეკრულია მაღალის და ტყიანის მთებით, რომლების შუაზე შევიწროებული მოოხრავს და ეშურება მტკვრისაკენ; მის ორივე ნაპირებზედ, ჟინვანიდამ მოყოლებული, მთის კალთებიდამ და წვერებიდამ მოიყურებიან მიწური სახლები და საბძლები - ეს ფშავლების სადგურები არის. ფშავლები სცხოვრობენ ეგრეთვე ივრის ნაპირებზედ, მოყოლებული ბოჭორმიდამ ივრის სათავემდე (კუდამდე) და შეადგენენ თიანეთის მაზრასა.

ძველ დროში ფშავლებს ფხოველებს ეძახდნენ; თვით ჩვენი მემატიანენი ამ სახელით იხსენიებენ, ხოლო ძლიერ იშვიათად შეხვდებით მათზე ლაპარაკს „ქართლის ცხოვრებაში“. ფშავლების ჩვეულებასა და სარწმუნოებაზედ ჩვენ ვერაფერს ვპოობთ მემატიანეთა მოთხრობაში; სხვა ქართველების ჩვეულებაზედაც ძლიერ ცოტას გვეუბნება „ქართლის ცხოვრება“. საზოგადოდ, ყველა ხალხების მემატიანენი გზას უქცევენ მდაბიო ხალხის მდგომარეობას, მათ ჩვეულებას და სხვადასხვაგვარ ცხოვრების ავკარგიანობას. სისწორით რომ ვსთქვათ, არც კი არიან გასაკიცხავნი, რადგან არ იყვნენ ისინი იმდენად გონებაცხოველნი, რომ ჰსცოდნოდათ, რა უფრო გამოსადეგი იქნებოდა მათის შვილებისათვის, - ჩვენთვის. ჩვენი მემატიანესაგან, სხვა მოკლე ცნობათა შორის, ვიცით ფშავლებზე შემდეგი: მირიან მეფემ და წმ. ნინომ მოუწოდეს „ფხოველნი“ და მათთან ერთად სხვა მთიულები „მსგავსნი ნადირისანი“, რათა მიეღოთ ქრისტიანობა, მაგრამ „უკუიქცნენ“-ო. როდესაც პომპეიმ გამოიარა ურიცხვის ჯარით, მაშინ „ფხოველნი“ რიცხვით სამასი კაცი დაუხვდნენ წინ ანანურში და გზა შეუკრეს. პომპეის გაუკვირდა ამ ერთი მუჭა ხალხის გამბედაობა, მიიწვია თავისთან, გამოჰკითხა ვინაობა: ვინა ხართ? გყავთ მეფე თუ არაო? ფხოველთ უპასუხეს, რომ თვით მეფისაგან არიან ისინი დაყენებულნი მეფის კარის მცველად. როგორ იომებდითო, ჰკითხავდა პომპეი, რომ ვინიცობაა მომესია თქვენთვის ჩემი ჯარიო? მაშინ ფხოველთ გაიძვრეს ხმლები, იფარეს ფარები და დაერივნენ ერთმანეთს. პომპეი გაკვირვებული დარჩა მათის ხელმარჯვეობით, იარაღის ხმარებით, დაასაჩუქრა, აღუთქვა თავისუფლება და გაისტუმრა მშვიდობით.

ფშაველი არის გაშლილი, მუდამ სიამაყის და მხიარულების გამომხატველის სახისა, ახოვანი, გულკეთილი, მომთმენი და, როგორც ყველა მთის კაცი, სტუმრის მოყვარე. ვისაც უცხოვრია ფშავლებში, ის მაშინვე იცნობს ფშაველს სიარულზე, თუნდ ერთის ვერსტის სიშორიდამ. როდესაც ფშაველი დადის, გეგონება კვერსა სცემსო. როდესაც ფშაველი გელაპარაკება, სიტყვის თავზე ატანს: „გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“, „დამიტირე“, „მოგიკვდე“; თუ სასმელს დაალევინებ, დაგიბრუნებს თასს და დააყოლებს: „შენსამც ჭირს დავლევ!“ ფშაველი უფრო სასიამოვნო სანახავია დღეობაში (ხატობაში). მაშინ ტყავს იხდის და ირთვება. ფშავლის მამაკაცის ტანსაცმელს შეადგენს: მოკლე, შავი შალის ჩოხა, შალისავე განიერი შალვარი, წითელი დარაიის ახალუხი; ამასთან მკერდზე ასხმული აშურმა (ვერცხლის ბალთები ერთმანეთზედ აკინწლული), მხარიღლივ გადაგდებული შიბიანი და სალტებშემოკრული ტარიელის მათრახი, რომელიც ჩხუბისათვის აქვს დამზადებული. ფშაველი ქალი არა ნაკლებ სიამოვნებას აღძრავს კაცის გულში თავის კლასიკურის მორთულობით. ქალს საშინაოდ აცვია ჯუბა (შალის კაბა), ფაფანაგი (მოკლე ჩოხა) და ტყავი; თავზედ ახურავს ჩითის ჩიქილა ანუ ლეჩაქი, გარს შემოკრულის შავის ხელსახოცით. ხატობის დროს ის ისე გამოიცვლება, როგორც გაზაფხულზე ბუნება აყვავდება წითლად და ყვითლად. ხატობაში (დღეობაში) ან ქორწილში როდესაც არის ქალი, იმას აცვია წითელი კაბა და ყელზედ ჰკიდია ვერცხლის შიბები. ესე მოკაზმული ეჩვენება და გაუთამაშდება თავის წაწალს.

ფშაველს უყვარს ფართოდ ცხოვრება, არის დაუღალავი მუშა, მაგრამ უზომოდ ჰსცხოვრობს: თავის შემოსავალ-გასავლის ანგარიში არ იცის. მანამ აქვს, უხვად ხარჯავს და, როდესაც გაუთავდება ვალით გაიმართავს ხელს. სახელისთვის შრომა, მუშაობა მარტო კაცს არ ეკუთვნის, მამაკაცს გვერდს უდგა დედაკაცი თითქმის ყველა საქმეში და ვაჟკაცურად, კაცთან ერთად, ეწევა ცხოვრების უღელს: მკაში. ლეწვაში. ხვნაში, შეშის მოტანაში. ის არის ნამდვილი მეუღლე კაცისა. დედაკაცი იკიდებს შეშის ტვირთს და წინდის ქსოვით ორი ვერსის სიშორიდამ მოაქვს სახლში. დედაკაცს, გარდა კაცურის შრომისა, აქვს თავისი სადედაკაცო საქმეცა, - ის ქმარს და შვილებს „თავის ხელით აცმევს“, როგორც თვითონვე ამბობს; მხოლოდ საპერანგის და საახალუხის ყიდვა სჭირდება. დედაკაცი ჰქსოვს ფარდაკებს, წინდებს, ხურჯინებს, ფლასებს, შალებს, სთელავს ნაბდებს. ყველა ეს ხელობა ძველს დროში ჩვენს ქალებს სცოდნიათ, რადგან რუსთაველს მოჰყავს ამის დამამტკიცებელი, ცხოვრებიდამ ამოგლეჯილი სურათი, როდესაც ის ადარებს მხდალს, ლაჩარს კაცსა ქსლის მბეჭველს დედაკაცსა:

„კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა!“

პურის გამოცხობა, საჭმლის გაკეთება და შინაურობის მოვლა ხომ ყველგან დედაკაცის ვალია. ფშაველი ირთავს ცოლს მოტაცებით. - ეს სახელად მიაჩნია. მოტაცებით ცოლის შერთვა ძველად ევროპის ხალხებმაც იცოდნენ და, როგორც მოგვითხრობენ მეცნიერნი, სპენსერი, ლებოკი და ტაილორი, დღეს ეს ჩვეულება ველურ ხალხს აქვს ისევ მტკიცედ. ტაილორს მოჰყავს ვილიამსის სიტყვები ქალის მოტაცებაზე: „ფიჯის კუნძულების მცხოვრებნი იტაცებენ საცოლოებს, ანუ ისე თითქო ძალას ხმარობენო, ანუ მართლა ძალით“.

ფშავლებში მოტაცება ქალისა ისე ხშირად აღარა ჰხდება დღეს, როგორც წინედ, რადგან „კანონისა“ ეშინიათ. რაკი ცოლს მოიყვანს ფშაველი, გააჩაღებს ქორწილს, რომელიც სამი დღე მაინც გასწევს ხოლმე დიდის ამბით და, რასაკვირველია, დიდის ხარჯითაც. ნახევარ წლის განმავლობამდი ის არ ელაპარაკება ცოლს, ოჯახში „ახალყოილნი“ ასე ეძახიან ახლად დაქორწილებულებს, - უმძრახად სხედან და თუ არავინ ჰხედავს, რა თქმა უნდა, ერთმანეთს დაუტკბებიან. ეგრეთვე რძალი მოკრძალულია მამამთილთან. ამის მსგავსი ჩვეულება მოჰყავს ტაილორს სხვადასხვა ხალხების ცხოვრებიდამ და აქვს მოქცეული X თავში. აი მისი სიტყვები: „ინდოელი სიდედრი და სიმამრი ვერ შეხედავს პირდაპირ თავის სიძეს; ესევე ჩვეულება აქვს კრისებს და ფიჯიის კუნძულების მცხოვრებთა. მონგოლებს და კალმიკებს აქვს ჩვეულებად პატარძალს არ შეუძლიან დაელაპარაკოს თავის მამამთილს, ვერც დაჯდება იქ, საცა მამამთილია“. ტაილორი განაგრძობს ამ ზევით მოყვანილ ხალხების ჩვეულების გამო, რომ „სიძეს არ შეუძლიან ახსენოს სიმამრის და სიდედრის სახელი“. მეცნიერი შეწუხებულა და ამბობს: „მიზეზი ამ ჩვეულებისა სიბნელით არის გარემოცულიო“.

ფშაველი ქმარი და მისი ცოლი ისე დაჰბერდებიან, რომ ერთმანეთს სახელს არ დაუძახებენ, - ეს უნამუსოობად, სირცხვილად მიაჩნიათ. ათასში ერთი გამვლელ-გამომვლელი ფშაველი თუ არ ემორჩილება ამ ჩვეულებას, თორემ დანარჩენს - უმეტესობას კი ისევ მაგრა უჭიდია ხელი ამ ჩვეულებაზედ. როდესაც „არ მაგდისა!“ იძახის ფშაველი, ეს იმის ნიშანია, რომ ცოლს ეძახის. ფშაველი, თანახმად ძველის ჩვეულებისა და მოსეს რჯულისა, გააგდებს ცოლს, თუ არ გამოადგა და „განსატევებელს“ აძლევს ხუთს ძროხას. მეთვეურობის ანუ წიდოვანების დროს დედაკაცი გაჰყავთ სახლს გარეთ, ცალკე აგებულს სახლში (ქოხში), ან გომურში. დედაკაცი იქ უნდა იყოს, მანამ არ მორჩება. მერე იბანებს და ისე შედის საჯალაფო სახლში. მშობიარე დედაკაცს ფშაველი გაუკეთებს ქოხს, სადგომს, სახლზე კარგა მოშორებით, და გაიყვანს დედაკაცს იქ, რადგან საჯალაფო სახლში შვილის შობა სახლის გაუწმინდურებად, „შელახვად“ მიაჩნია.

დედაკაცი უბებიოდ ჰშობავს. ვაკე საქართველოში - ქართლში და კახეთში ორსულს, ფეხმძიმე დედაკაცს ისე უფთხილდებიან, რომ ცივს ნიავს არ მიადენენ, არაფერს გააკეთებინებენ, რა არის მუცელი არ წაუხდეს. ფშაველი ორსულს დედაკაცს არამც თუ არ აკეთებინებს საქმეს, საჭიროდაც მიაჩნია ფეხმძიმე დედაკაცის მუშაობა, რომ ყრმა დიდი არ გაიზარდოს და შობა გაუადვილდეს. ამიტომ ხშირად მოხდება, რომ, როდესაც დედაკაცი არის საქონელში, იქ ჰშობავს და ერთის მაგივრად ორი მოუვა სახლში „ჯალაფთ“. თუ ბალღმა ყვირილი არ დაიწყო, ვერც კი შეატყობთ, თუ დედაკაცს შვილი ჰყოლია. სიკვდილი დედაკაცისა მშობიარობის დროს იშვიათი შემთხვევაა. მშობიარეს ისე ერიდება ხალხი, როგორც უწმინდურს, თვითონ დედაკაცები საჭმელს ქოხის სარკმლიდამ ჩააწოდებენ... დედაკაცი უწმინდურად ითვლება შვიდს კვირას. ეს ჩვეულება შაეთანხმება მოსეს კანონს: „და ეტყოდა უფალი მოსეს და რქვა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაილისათა, და რქვა მათ დედ კაცმან, რომელმან მუცლად იღოს თესლი და შვას წული, არა წმინდა იყოს იგი შვიდ დღე“. უნდა აქ შევნიშნო, რომ ებრაული რჯულის წესები, როგორც თვითონ მკითხველი დაინახავს ქვეით, თვალსაჩინოდ სჩანან ხატების თაყვანისცემასა და ხევისბერობაში.

ფშავლის დედაკაცი არის მაგარი და გაუტეხელი; კლდეებთან და ბუნებასთან ბრძოლის გამო მისი ხასიათი არის ნაწრთობი. ამიტომ სახლში მამაკაცის უყოლობა ისე არ დააწიოკებს ოჯახს, როგორც ბარად მოხდება; დედაკაცი თუ დაქვრივდა, თვითონ დადგება გუთნისდედად და თავის მარჯვენით დაარჩენს ობლებს.

სახლი ფშავლისა არის ფართო, კედლები აქვს ყორისა უკირო (ციკლოპური) და ყორეზედ არის დაწყობილი დაუთლელი მსხვილი შოლტები (ხეები); შუაზე ანთია ზამთარ-ზაფხულ გაუქრობელი ცეცხლი, კერა ორპირად არის გაყოფილი: ერთი საკაცო, მეორე სადედაკაცო. დედაკაცები სხედან ერთს მხარესა, კაცები მეორეზე: საკაცოში დედაკაცს არ შეუძლიან დაჯდომა. ფშაველს უყვარს თავის კერაზე ყოფნა და მუსაიფი სტუმართან. იგი ცხოვრობს საქონლით ცხვრით და ძროხით, ხნავს იმდენს, რამდენიც მის სახლობას ეყოფა. ორი ძმა რომ იყოს ოჯახში, ერთი მიდის ცხვარში, თრიალეთს და შირაქსა, მეორე უვლის შინაურობას, - თავისსა და ძმის ცოლშვილსა. ფშაველს თუმც უყვარს შინ ყოფნა და ზამთრობით ცეცხლის პირას დიდხანს სიფხიზლე და ფანდურით შექცევა, მაგრამ სარგებლობის გულისთვის მიდის აქეთ-იქით. ამ მოკლე ხანებში ფშავლებმა იწყეს სიარული სამუშაოდ კავკავს; აგრეთვე ჩადიან კახეთს, იქ ჰხვეწენ ხის ჯამებს, ხონჩებს, ტაბკებს, ვარცლებს, რომლებსაც ჰყიდიან და თვითონაც ჰხმარობენ.

როგორც ყველა გაუნათლებელი კაცი, ფშაველი არის ცრუმორწმუნე: ეშმაკებით და დევებით სავსე ჰგონია ქვეყანა. თვითეულს ადგილს, მთას, გორას, ხევს, მისის წარმოდგენით, ჰყავს დედა, რომელსაც „ადგილის დედას“ ეძახის. მონადირეს რომ დაუღამდეს სადმე მთაში, ან ხევში, მიებარება ადგილის დედას: „ემ ადგილის დედავ, შენ გებარებოდე, შამინახე შენის მადლით და დავლათითო!“ დავლათი საშინლად სწამს ფშაველს. მდიდარს, წინწასულს კაცს ის ეძახის დავლათიანს (იღბლიანს). ფშაველს ზოგი კაცი ზოგს ხატზე იღბლიანი ჰგონია; უყვარს ნადირობა და ჰგონია, ნადირსაც თავისი საკუთარი პატრონი ჰყავს. ის ევედრება ნადირთ პატრონს, წარმოიდგენს იმას პატარა ქალად, რომ ხელი მოუმართოს; სწამს სიზმარი. მონადირე სიზმრით იგებს, რომ ნადირს მოჰკლავს: „წუხელის, ძმისავ, კარგი სიზმარი რამა ვნახე, ტყავს რასამ გავზიდავდი, ლეშს რასამ ვკიდებდი კირჩხაზე“.

ფშაველს სწამს ძლიერ კვირა-უქმე და შაბათი კვირა-დღე იარაღის ხმარება და საქმის გაკეთება დიდ ცოდვად მიაჩნია, რომელსაც მოსდევს კაცით ან საქონლით დაზარალება. შაბათი. ფშავლის წარმოდგენით, „ინათლება“. შაბათის ნათვლა იმაში მდგომარეობს, რომ ფშაველს შეუძლიან ამ დღეს იმუშაოს, მხოლოდ იმ ღამეს უნდა თხა დაჰკლას და სანთლები მოანთოს.

სადაც ფშაველი დაინახავს ნანგრევებს, ქვას ან კლდეს, რომელსაც ადევს რამე განსაკუთრებითი ნიშანი და გამოიწვევს ფანტაზიის აპილპილებას, იქ დასახავს ან ანგელოზებს ან ეშმაკებს; იმას სწამს ორნაირი მკითხავი: ერთი სულისა და მეორე ხატისა. ის დარწმუნებულია, როგორც ჯერედ ბევრი ველური ხალხები, რომლებთაც ჰსწამთ, რომ მიცვალებულთ სულები უხილავად იღებენ მონაწილეობას კაცის ცხოვრებაში, ნდომობენ სასმელ-საჭმელს როგორც ცოცხლები და ხანდახან კიდეც ემიზეზებიან თავის ნათესავებს, თუ ამათ რამე სამსახური დააკლეს. სულის მკითხავს ეცხადება სულები და, მის შემწეობით, თვითვეული სული აგებინებს ნათესავს თავის საჭიროებას. მეორენაირი მკითხავი არის ხატისა. რაც კი უბედურება შაემთხვევა, ფეხიც რომ გადაუბრუნდეს, ფშაველი აწერს ხატის „მიზეზს“: მიდის მკითხავთან საკითხვინებლად. მკითხავი უპოვის, რომელიც თვითონ მკითხავს უნდა, იმ ხატის მიზეზს, შეაწერს ცხვარს, ან კურატს, და გაისტუმრებს გულდამშვიდებულს შინ გონებაგაყინულს სტუმარს. ფშაველი ხშირად კიდეც დაემდურება ხატს, თუ იმან არ შეიწირა მისი შესაწირავი და არ აუსრულა თხოვნა: „რა ვიცი, ღმერთმა იცის, სიალნის (სიმართლის) მეტი ქვეყანასთან არა მიმიძღვის, მაგრამ ბედენა ვერაი ვქენ, ხატისად არა დამიკლავ, ცოცხლისად, მკვდრისადა, ვინც გულმრუდია, ის უფრო ჩემზე კარგა ჰცხოვრობს!!“

როდესაც კვდება ვინმე, ფშაველს ჰგონია, რომ „მგებრნი“ (სულები) მოვლენ და ისინი წაიღებენ ახლად მიცვალებულის სულს. მგებრად საიქიოდან მოდიან „უკლონი“ ანუ ვინც უძეონი დაიხოცნენ. ფშაველი ფატალისტია: კაცს, რაც შუბლზედ აწერია, ის არ ასცდება; კაცი უმწერლოდ, ესე იგი თუ არ წერით, არ მოკვდება. ფშაველს რომ ურჩიო, შვილები მიეცი სკოლაშიო, - ის მაშინვე იმას გიპასუხებს: „ჩვენთვის ესე დაუწერია ღმერთს, ესე უნდა ვიყვნეთო“.

ქრისტიანული წესებიდამ ყველაზედ მომეტებულად სწამ ზიარება, მონათვლა და მარხვა, განსაკუთრებით, დიდმარხვა. ზიარებას ისე უცქერის ფშაველი, როგორც სამკურნალო წამალს; ამიტომ ეზიარება მხოლოდ ავადმყოფობის დროს. ახალის მიცვალებულის პატრონი ვერ მოჰკლავს უწმინდურს ცხოველს, რადგან იმას სწამს, რომ იმ უწმინდურის ცხოველის სული გააუწმინდურებს კაცის სულს; თუ სანადიროდ წასული ფშაველი ნადირს ესვრის და ააცდენს, მაშინვე იფიქრებს, რომ თოფი შეკრულია გაუწმინდურებით ან თვალის ვნებით. ამიტომ იგი არ ესვრის თოფს ყორანს, ძაღლს და კატას, ამათ შეუძლიანთ თოფის შეკვრაო. ვინც კატას მოჰკლავს, იმან საიქიოს უნდა ცხრა საყდარი ააშენოს; ვინც გაბედავს კატის მოკვლას და მის ფეხებს ატარებს თან, იმას ხატი ვერაფერს დააკლებს, ან, როგორც თვითონ ამბობენ, „ხატი არ მიუდგებაო“. კატა, ვიცით, რომ ძველად ეგვიპტელებს მიაჩნდათ ღმერთად და ინდოეთში კატებისათვის არის აშენებული ტაძარი, იქ ქალები არიან მონოზნად, უვლიან და ჰბანენ კატებსა.

ფშაველი ფჩხილის ნაკვეთს, თმის ნაკრეჭს და პირის ნაპარსს არ გადააგდებს, ეშმაკი დაეპატრონებაო. ამიტომ ან დასწვავს, ან კიდევ დამალავს სადმე მოფარებულს ადგილას. როდესაც საქონელი დაჰრჩება ღამე გარეთ, ფშაველი ულოცავს, რომ მგელს კბილი ანუ პირი შეუკრას. თევდორობა-ღამეს მარილის სანაყს ქვას (გურჩს) მიაბმენ ფშავლები ბოძზე წნელით, ჩაუდებენ ნაღვერდალს, სრულად დარწმუნებულნი, რომ მგელს ამითი პირი დაეწვებაო; ამ ღამეს დედაკაცი გამოაცხობს კვერებს მგლის სახისას, რომლებსაც „მგელთ კვერებს“ ეძახიან. მეორე დღეს ბალღები მგელთ კვერებს ისრებით „ჰკოდენ“.

ახალწლის ღამეს დედაკაცი აცხობს „ბედის კვერებს“ ყველა სახლში მყოფის კაც-დედაკაცისათვის და ერთს საზოგადო კვერს. მეორე დღეს კვერებს ნახვენ, ვისიც კვერი გასივდება, ის იმატებს იმ წელს. საზოგადო, საოჯახო კვერში არის ჩანიშნული ცხვარი, ძროხა, ფუტკარი და სხვა, რომელიც ამათგანი გასივდება, ის მოიმატებს... ახალწელიწადს, როდესაც მეკვლე მოდის, ამ კვერს შეაგორებს სამჯერ სახლში. თუ წაღმა მიდის კვერი, ოჯახის საქმე წაღმა ივლის, თუ უკუღმა - ოჯახის საქმეც უკუღმა წავა. მეკვლეს დააბერებენ თაფლ-ერბოთი; ყველიერის შაბათს უდუღებენ ჩიტებს და თაგვებს ფაფას, გაუტანენ ბანზე ნაფოტებზე გაკრულს. ბალღი ჩასძახის დედას სარკმლიდან:

- დედავ, რასა იქ?

- ჩიტთა ფაფასა, - უპასუხებს დედა.

- ჩიტნი რას ჰსჭამენ?

- სხვათა ყანასა.

ეს ჩვეულება მიაჩნიათ თაგვების და ჩიტების მოსამადრიელებელ საშუალებად. პარასკევ დღეს დედაკაცი მატყლეულს არაფერს გააკეთებს. ცხვარი დარეტიანდებაო.

 

II

მკვდარზედ

 

ფშაველი არის ნათესაობის მოყვარული, თავისიანს ჭირსა და ლხინში გვერდს უდგა და არა ჰშორდება. თუ მიცვალებულია სოფელში, თუნდ მისი ნათესავი არ იყოს, დაიუქმებს. მანამ მიცვალებულს მიწას არ მიაბარებენ, მთელი სოფელი უქმობს მკვდრის პატრონი ყველას ებრალება და მისთვის ყველას გული შეჰსტკივა: ხალხი ეწევა, რითაც ვის შეუძლიან დედაკაცები გროვ-გროვად მივლენ მკვდრის პატრონთან და მიიტანენ თითო ხმიადს და ჩარექით არაყს. ზოგს მიჰყავს საკლავი.

ტირილი მიცვალებულზე ზარით იციან. მოზარენი უსასყიდლოდ ტირიან. მკვდარს, კუბოში ჩასვენებამდე, ასვენებენ ნაბადზე გარედ დერეფანში. კარებში გასდებენ უღელს, რადგანაც ის იმის მსახური იყო, და ევედრებიან, - ამ უღლის მადლო, შენ მიეცი საიქიოს მაგის სულს შეღავათიო. მიცვალებულის გარეშემო შავად ჩაცმული დედაკაცები სხედან და იღვრებიან ცრემლად, იქვე ჰსდგანან ჯოხებზე დაბჯენილი კაცები და ქვითინებენ დედაკაცებთან ერთად. თუ მიცვალებული მამაკაცია, გვერდზე დაუყენებენ მის ცხენს, ლაგამადებულს და ხურჯინაკიდებულს; ცხენი სამგზავროდ არის მომზადებული. მიცვალებულს გულზე აწყვია ხმალი და ხანჯალი. როდესაც მოსთქვამს კაცი ან ქალი, ხმალს ან ხანჯალს ებჯინება ტარზე და თავის გადაწყვეტ-გადმოწყვეტებით ჰსტირის: „ადე, გეყოფა, ბიჭო, ძილი! ადე, სწორები მოგვივიდნენ. ყურს აღარ გვიგდება, გამწყრალია; ცოლი წაგივა მამისახლში, ობლები აგიტირდებიან, მამულები აგიყამირდება“. მოზარე დაუტირებს აგრეთვე თავის მკვდრებს და მიცვალებულს აბარებს საიქიოს: „თუ სადა ნახო (სახელი), უამბე ჩვენი გაჭირვება, შიმშილ-წყურვილი, ბეჩაობა და სხვ. და სხვ.“ მიცვალებულის დამარხვის დღეს ხალხი ჰმარხულობს: ამ დღეს სჭამენ ცერცვის, ლობიოს ან ოსპის საჭამადს. მიცვალებული დიდხანს არ ავიწყდება მეპატრონეს. ერთის წლის განმავლობამდე ის მუდამ შაბათს ჰმართავს ტირილს, გამოიტანს სატირელს. სატირელს შეადგენს: ტანისამოსი მიცვალებულისა და მისი იარაღი.

მკვდრის ახლო ნათესავი დასდგამს „ღაბახს“ 1 მან. - 5 მანათამდე, ან ჭედილას. ვინც ღაბახს ანუ ნიშანს მოარტყამს თოფს, ის იმას ჰრჩება. ღაბახისთვის თოფის სროლა მიცვალებულის სულისთვის სასარგებლოა. მუდამდღე დიასახლისი სადილობის დროს, მანამ საჭმელს დაარიგებს, „შასდებს სახელს“ ანუ მოიგონებს მკვდარს. სახელის შადება აი რაში მდგომარეობს: „ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო, შენის მიცემითა, ალალის მუშის მადლითა, იერუსალიმის ძალითა, მთავარანგელოზის წინამძღვრობითა, ღმერთმა შაუნდნეს ჩვენთ მკვდართა, ძველთა და ახალთა. თქვენამც მოგივათ, ჩვენო მკვდარნო, დადგმული ტაბლა, ანთებული სანთელი: თქვენსამც სულს უნათობს, თქვენსამც სულს აიღებს; თქვენს ხელსა და ნებასამც იქნება, როგორც ჩვენს ხელსა და ნებასა არი; იმასამც დაიწვევთ, ვინც ჩვენს მოგონებას ელოდეს და ჩვენ ვერ მოვიგონებდეთ, ჩვენს სახლს ბარაქას აძლევდეს, მამგონე არა ჰყვანდეს. თქვენს უნებურადამც კი ნურავინ შაგეცილებათ, ნურც ვინ დაგაღონებთ“. როდესაც „სახელს სდებს“ დედაკაცი, იმას უჭერია ხელში რკინის საფხეკელი, რომელზედაც ნაღვერდალი დევს, ამ საფხეკელას სუფრას თავზე ავლებს...

ტაბლის მიტანა მკვდრის საფლავზე უხვად იცის ფშაველმა. ეს ჩვეულება ყველა ხალხმა იცის თითქმის და ფშაველისთანა ხალხს უფრო მტკიცედ უჭირავს. სპენსერს მოჰყავს, სხვადასხვა მაგალითებს შორის, შემდეგი მაგალითი მანდანების ჩვეულებისა: „ცოლმა მუდამ იცის თავის ქმრის ან შვილის კენჩხო (თავის ქალა); ძვირად გაივლის დღე, რომ არ მივიდეს და არ მიუტანოს საუკეთესო საჭმელი. მოწმენდილს დღეში ყოველ საათს ამ კენჩხოების გვერდით სხედან ან წვანან დედაკაცები, ყველა მათგანი თავის შვილის ან ქმრის კენჩხოსთანაა, ელაპარაკებიან მათ ტკბილის ხმით და ჰგონიათ კიდეც, რომ პასუხს აძლევენ მიცვალებულები.“

 

III

საიქიოს წარმოდგენა

 

ყოველ ხალხს, რომელსაც სულის მყოფობა სწამს, საიქიოც სჯერა. რადგან სხვადასხვა ხალხები სდგანან სხვადასხვა გონების სიმაღლეზე და აქვთ განსაკუთრებული ეროვნული სურვილები, ამიტომ საიქიოს წარმოდგენაც ბევრად განირჩევა ერთმანეთისაგან. ველური ხალხი უფრო ხორცეულად წარმოიდგენს საიქიოს, ის განყენებით ვერა სჯის და თვით მისი ნატვრა სულისა ხორცეულად კმაყოფილების გარედ არ გადის. ქრისტიანების წარმოდგენა საიქიოზე ყველა ხალხების წარმოდგენას ამ საგანზე აღემატება, ქრისტიანთა წარმოდგენა ყოველს ხორცეულს თვისებას აშორებს საიქიოს. ეს ადვილი წარმოსადგენია იმიტომ, რომ ქრისტიანებს თითქმის ყველგან უკეთესი ადგილები უჭირავთ და ამის გამო ხორციელი კმაყოფილება ისე არ ენატრებათ. ვნებიანი და სიცხისაგან დამწვარი მაჰმადიანი მოელის საიქიოს ჩრდილოებში განცხრომას და ვნებათა კმაყოფილებას. სამოედს - ამ ყინულის შვილს არ შეუძლიან ერთი კვირა იცოცხლოს, თუ ქონი არა ჰსჭამა. ამიტომ ჰგონია, რომ საიქიოსაც ზღვის ძაღლის ქონი თავზე საყრელი ექნება. ფიჯიელს ჰგონია, ამბობს სპენსერი, რომ საიქიოს მოჰყავთ სხვადასხვა მცენარეები, ოჯახები აქვთ, ომობენ, იბრძვიან, ერთის სიტყვით, საიქიოს იმასვე მოჰქმედობენ, რასაც სააქაოს. საჭმელი, რომელსაც იქ მოელის კაცი, გაირჩევა სააქაოს საჭმელიდამ მით, რომ ბლომად და უკეთესი იქნება6. ინუიტებს, განაგრძობს სოციოლოგი, ჰგონიათ, რომ უხვად ექნებათ ირმის ხორცი, პატაგონიელებს ჰგონიათ, იმოდენა საჭმელი ექნებათ, რომ ყოველდღე ილოთებენ საიქიოს.

ფშავლის წარმოდგენით საიქიო ქვეყნის შუაგულში არის; საიქიოს ის ეძახის „შავეთს“. შავეთში მართალნი არიან მკრთალს ნათელში. ეს ნათელი ისე აქვს წარმოდგენილი ფშაველს, როგორც ჩასულის მზის ახლად გამქრალი სხივები მთის წვერებზედ; ყველამ იცის, რომ მთის წვერები ცოტადღა არიან ამ დროს წითლები, ამას ფშაველი ეძახის „მკვდართა მზეს“. შავეთს ჩამოუდის შუაზე დიდი ხევი, რომელზედაც მოდის კუპრის მდინარე, ცეცხლმოდებული; მაზედ არის გადებული ბეწვის ხიდი, მართალი გაივლის იმ ხიდზე, ცოდვილი კი ჩავარდება და იწვის კუპრში. საიქიოს მკვდრები ლაპარაკობენ მისუსტებულის ხმით. აი ლექსი საიქიოზე, რომელიც გვაჩვენებს ძველისძველს შეხედულებას ხალხისას და, ამასთან, ფშავლის წინ წაწევას საიქიოს წარმოდგენაში:


„ნეტარ რად უნდა: კარგს ყმასა8 სამკლავე, საფუხარია?

მეც მიმყვა სამარის კარსა, - ერთიც ვერ მოვიხმარია.

შავეთის მებატონესა სამჯერ დავუკარი თავია,

უკლუებ გამაარჩია შიგ ნარჩევები ყმანია;

ვერ დავხვდი ჩემებურადა, მტკივა მარჯვენა მხარია,

ხელი გამკიდეს ხელზედა, ჩამამავლიეს ჯარია.

რა საკვირველნი ყოფილან: ერთსაც არ ესხდნენ თვალნია,

ჩამოჰქცევიყო სანკარი, ზედა დასდიოდა წყალია.

სხვას ყველას გაეძლებოდა, სურიელს ექნა ძალია;

ვაქსა წასძოვა ულვაში, ქალსა გიშრისა თმანია.

 

IV

წაწლობა

 

დედაკაცს აქვს მიცემული ფშავლისაგან სრული ნება ყველასთან ლაპარაკისა, მარტოდ წასვლა-მოსვლისა, მხოლოდ იმას უნდა ახსოვდეს თავისი ნამუსი. სასიამოვნოა ფშავლის ქალის ლაპარაკის ყურება. ის არის გამბედავი და თამამი, როგორც ნაცნობებთან და ნათესავებთან, ისე უცხოსთან; ის ყოველ სიტყვის თავზე „ჩემს ძმას“ ატანს: „ვაჰმე, ჩემო ძმაო, რა სუ გარმიანელსა ჰგევიხარ, გარმიანელსავით წლიკვან (კანჭები) დაგქონ“. რაკი ასაკში მოვა ფშაველი ქალი, ის მაშინვე წაწალს გაიჩენს, მშობლების წინაშე დაუმალავად, აშკარად, წაწალთან წოლასაც არ მოერიდება. ქალი ეძახის ვაჟს წაწალს და ნაძმობს, ვაჟიც ქალს - წაწალს და ნადობს.

რომ ჰკითხოთ ქალს: რად სწვები ამადაამ ბიჭთანო, ის გიპასუხებთ: „მიყვარს და იმითა ვწვები, ავი კი მაშოროს ღმერთმაო“. მაგრამ ეს დასაჯერებელი არ არის: ახალი ცხოვრების სიომ წაწლობაც გაჰრყვნა. დღეს ამ თვალთმაქცურ დაძმობას ბევრი ცუდი ემჩნევა. ძველს დროში, როგორც მოხუცებულები ამბობენ, რუსთაველური მიჯნურობა ყოფილა, დღეს კი საყვარლობად გადაიქცა. რომელმა ქართველმა არ იცის ჩვენის პოეზიის და ეროვნების დედაბოძის შოთა რუსთაველის სიტყვები:


მიჯნურობა არის ტურფა

საცოდნელად ძნელი გვარი,

მიჯნურობა სხვა რამეა,

არ სიძვისა დასადარი.

სიძვა, სხვაა, იგი სხვაა,

შუა უძევს დიდი მზღვარი, და სხვა.


ძველს დროში თუ ნაბუშარს გააჩენდნენ, ორივეს - ქალსა და კაცს სახალხო ხიდისყურზე ჩაქოლავდნენ, რომ გამვლელ-გამომვლელს ყველას ენახა; წინედ ქალს „მოწაწლეობა“ ანუ წაწლის ყოლა გათხოვებას არ უშლიდა, დღეს კი უშლის, რადგან თვითონ ხალხიც გაეჭვიანდა. ძველის დროის ფშაველს უყვარდა ქალი, როგორც მშვენიერების, სიმშვიდის და სიწმინდის წარმომადგენელი, ქალს უყვარდა ვაჟი გულადობისთვის, ვაჟკაცობისთვის, და დიდი ზემოქმედებაც ჰქონდათ ქალებს კაცებზე. წაწლობა წმინდა მოვალეობად მიაჩნია ფშაველს, ის ამბობს: „წაწლობა ლაშარის ჯვრის ყმას მოუდისო“. ფშავლებში არსებობს ზეპირგადმოცემა, რომ, ვითომც, ეს ჩვეულება ლაშა გიორგის შემოეღოს; მაინც ხომ ვიცით. რომ ის თვითონ მექალთანე ბრძანდებოდა და თუ იმან არ შემოიღო წაწლობა, უეჭველია, გაუმაგრებდა მაინც ფესვებს ამ ჩვეულებას მრავალის მაგალითებით. ამიტომ ლაშარის ჯვრის დღეობაში რომ გარყვნილობა ჩაიდინოს ფშაველმა, ცოდვად არ მიაჩნია, „თვითონ ლაშარის ჯვარს ქალები ჰყვარებიაო“. წაწლების მოვალეობა ერთის მეორისადმი არის შემდეგი: ვაჟი უკეთებს წაწალს იმ იარაღს, რაც მის ხელობისთვის არის საჭირო; ტარებს, ყდებს (რაზედაც ქსოვენ შალებს, ფარდაკებს და სხვ.), ცხემლას, კალათას, საგრეხელს და სხვ. ქალი უქსოვს ვაჟს წინდებს, ჩოხას, რაც მისთვის საჭიროა ტანზე ჩასაცმელად ან ცხენის მოსართველად.

 

V

ფიცი

 

ფშავლები არიან თორმეტი თემი, რომლის სახელებს ქვევით ჩამოვთვლი, როდესაც ხატობებს ავსწერ. თვითვეულს თემს ჰყავს საკუთარი ხატი, გარდა საზოგადო ხატისა. ფშაველი თავის თემის ხატისას დაიფიცავს და ეს თითქმის ყველა ფიცზე უფრო ძლიერად მიაჩნია. საგანი მათის საფიცარისა ქრისტიანულია და ბევრიც წარმართობის დროინდელი არის დარჩომილი. ფშაველი ფიცულობს: „ემ ცეცხლის სინათლის მადმა“; „ე დედამიწის მადმა“; „მოღალულის მზის მადმა“; ჰფიცავს აგრეთვე: „ხარის ქედს“, „პურის ნაწილს“, შესანიშნავის მეფეების სახელს, უფრო „თამარ მეფეს“, „ლაშარის ჯვარს“.

მწყემსი მეცხვარე ჰფიცავს: „სავსე (ცხვრით) მინდორს“, „ცხვრის სამღთოს“. ქალი (გასათხოვარი) ჰფიცულობს, თუ ძმები ჰყავს, უფროს ძმასა და, თუ უძმოა, იტყვის: „აგრემც მიშველის ღმერთი“; „აგრემც მიშველის კვირა მადლიანი“. დედაკაცი (ქმრიანი) ჰფიცულობს შვილებს, თუ უშვილოა, - ძმებს. ქმარს არ დაიფიცავს, რადგან სირცხვილია და გამოიწვევს დაცინვას ხალხის მხრით.

 

VI

პოეზია

 

ფშავლები პოეტური ხალხია და მათი პოეზია წარმოადგენს უძირო ზღვას. რასაც ფშავლის თვალი და გონება მისწვდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, - მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე. ფშავლების პოეზია გაიყოფა ორ ნაწილად - ძველისა და ახალის დროისა. ძველს ლექსებში არის გამოხატული ვაჟკაცობა, გმირობა და ზნეობრივი სიმაღლე. ძველს ლექსებში უფრო იდეალურობა გამოსჭვირს. ახალი ლექსები რეალურ გზას ადგანან და მათში ჰკვნესის სატირული ნაღველი; რეალური მიმართულება ახალის დროის ლექსებისა უწმაწურობამდე, ცინიკობამდე მიდის.

მაინც ხალხში სატირა იბადება, როდესაც ხალხის ცხოვრება იცვლება და ერთის წყობიდამ მეორეში გადადის. მოხუცებულები ემდურებიან ლექსების შინაარსის გამოცვლას: ჩვენს დროსო, ამბობენ ისინი, წაწლობისას და უწმაწურობისას არ იმღეროდენო. ეს მართალია. მაგრამ რა ქნას ახალის დროის ფშაველმა, საგმირო საქმე აღარა აქვს და გულს იფხანს სხვადასხვა საგნებზე შაირობით. ფშაურ ლექსებს აქვს მშვენიერი და მაღალი კილო. აქ ნიმუშად მოვიყვან რამდენიმე ლექსს.

 

ძველი ლექსები

 

* * * * * * *

 

ვაი ჩემს ამ დროთ მოყრასა,

ჩემს ამის მოხილებასა.

ენას ჩამეღვა ბორკილი,

თვალთ მიშლის ახილებასა,

ვეღარც ვის სიტყვას შაუქცევ,

ვეღარც ვის შაგინებასა.

 

სიკვდილის სიმღერა

 

სიკვდილმ სთქვა: ზღვიდამ წამოველ,

ზღვა ჩქეფით შემოვიარე,

შევკმაზე თავის ლურჯაი,

ხმელეთ სუ შამოვიარე;

გადმაუხედენ ფშაველთა,

ყოოდენ, როგორც იანი,

ჩავეღირე და ვერ ჩაველ,

ხატი ჰყოლიყო ძრიალი:

შორს გზაზე ამომეგება,

შავარდენ იყო მხრიანი,

ვადმაუხედენ ხევსურთა,

შავნი იყვნენ, როგორც ჭიანი,

ჩაველ და ისე ჩავთიბე,

როგორც ნალევმა თივანი.

ბევრისა კარი დავსჯარე,

ბევრისაც ისევ მღე არი,

ბევრისა დედა ვატირე,

ბევრისა ცოლი თმიანი;

ბევრისა თოფი შავკიდე,

სიათა, პირკომლიანი,

ბევრისა ხმალი დავაგდე,

ფრანგული ფხასისხლიანი,

ბევრის ქალისა გავწირე

კალათა ჩხირწინდიანი.

 

ხმალზე

 

ხმალს ნუ ჩახედავ, მოყმეო,

ხმალი მშიერა მგელია,

გაგიჭრის, გაგიხალიზებს,

ბოლოს საფლავის მთხრელია!

 

* * * * * * *

 

როსტომ სთქვა: ერთი არა სჯობს

ამ ჩემსა მოგონებასა:

ერთხელ სჯობია სიკვდილი

სუ მუდამ დაღონებასა.

 

* * * * * * *

 

როსტომ სთქვა: ჭკვა დიაცისა

არც მომწონ, არც მეკეთება,

ვაჟკაცს დიაცის მიმყოლსა

სამარემც დაეკვეთება.

 

* * * * * * *

 

რაად კარგია კაი ყმა,

რაის კარგისა მქნელია,

წავალის, მოჰკლავს ნადირსა,

ჭალაში მწვადის მწველია;

დააძღებს ამხანაგებსა,

თავად მშიერა მგელია.

 

ქალის დალოცვა

 

დამასტესა ვმკი ყანასა,

ძნა მოდის ჯარი-ჯარასა.

წყალს არვინ გამომახდინა,

ცრემლი ჩამომდის ღვარასა.

გიორგი ბახტარისშვილო,

შენამც შარჩები დედასა,

წყალსაც შენ გამამახდინე,

შამისვი ცხენის გავასა,

აიქამც გაგემარჯვება,

სადაც ხმალ იქმენ ელვასა,

მოციქულობდნენ ისარნი,

შუბნი იქნევდნენ ენასა.

 

* * * * * * *

 

მე სოფლის თავსა ვესახლე

და არ სოფელი ჩემს თავსა,

სოფელი კარგა მთავსობდა,

თუ მე სოფელი მეთავსა;

რაც მე სოფლისად მინდოდა,

წინ-წინ მოვიდა ჩემს თავსა.

 

* * * * * * *

 

თუ მკითხავ, კიდეც გიამბობ

ჩემსა და ლომისისასა.

აიქ სამ შავიყარენით -

საბრუნსა სამუხისასა;

პური მთხოვა და ვაჭმიე,

ვურჩევდი თათუხისასა;

ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,

ვურჩევდი ხოხობისასა;

ღვინო მთხოვა და ვასმიე,

ვურჩევდი კახეთისასა;

ცოლი მთხოვა და ვერ მივე,

მიმყვანდა სიდედრისასა;

ადგა და ხელი გააბა

ნაჭაპნსა გიშრის თმისასა.

ამოტირდა და ამოთქვა:

„ვაი ცოლს ცუდის ყმისასა!“

შამრცხვა და ხელი გავიკარ

ნაჩუქარს ცოლის ძმისასა;

უწინ იმანავ დამასწვრა,

ელვასა ჰგვანდა ცისასა;

ახლა მე გადავუქნიე,

რისხვასა ჰგვანდა ღვთისასა;

სუკსა ვეც, გულსა ეწია,

წვერი უწვდინა ქვიშასა.


ცოლსა ნუ ხელავ, ვაჟაო,

თავს უკეთესის ყმისასა,

გაიგებს, გაგიჯავრდება

ვადას მაჰზიდნებს ხმლისასა.


ეღუმ, შე თუღუმიშვილო,

ვეფხვი ხარ, ველის კანჯარი;

შენ მაჰკალ ერისთვიშვილი,

გულზედ შენ დაეც ხანჯალი. და სხვ

 

* * * * * * *

 

დამასტეს ხენი აყოვდეს,

გან ძირად ერთის ხისანი,

კინაღა არ გამირისხდესა

თვალნი ზეითის ღვთისანი.

შასახვევნელად მამინდეს,

მკლავნი თუ იყვნენ დისანი.

არ დამფარვიდენ მიწანი

ბარისანი და მთისანი,

ცრემლნი არ მეღირსებოდეს

ქალისანი და რძლისანი.

 

* * * * * * *

 

ქალს ნუ ჰკვლევ ჯვარობაშია,

ტანზედ ნათხოვი აცვია,

ქალი თუ გინდა ლამაზი,

დაჰკვლიე ქერის მკაშია.

 

* * * * * * *

 

ჩამორბის კოკლაის გორსა,

თვალშურთხო, შენი ქმარიო,

მისცენით ბეჭსახეხავნი,

გააწკრიალოს ტარიო.

საბუჩეს ჩარდახ აუგეთ,

გააზდეინეთ ქალიო.

 

ხოხობზედ

 

შატილს მოიდა ხოხობი,

გულდიდად დაჯდა ჯარზედა,

შვიდნი მოზარდნა წიწილნი

არწივის ნაბუდარზედა;

შვიდთავ ფრანგულები უყიდა,

შვიდთავ შააბა ტანზედა,

შვიდთავ ხირიმები უყიდა,

დაჰკიდა შვიდსავ მხარზედა.

საფშაოდ გამაისტუმრა, -

შვილნო, მშვიდობით გზაზედა.

ახადს, გოდერძის ციხეო,

მოგიხდენ თენებაზედა,

ცოტა ხან როგორ არ გასძელ,

ქვამც ნუ გდებია ქვაზედა;

იქით ქალ გამაიყვანეს,

მაჰყავთ, მოსტირის გზაზედა.

შამახვდა თხის ტყავიანი,

ამბავი ჰკითხა ჭკვაზედა:

„- ე ქალ საითღა მოგყავისთ,

ცრემლი რო ჩამოსდის თვალზედა“.

„- ე ქალ ახადით მოგვყავის,

შატილს ჩამოვსვამთ ჯარზედა;

მაგის საქმარეც აქა გვყავ,

გაზდილი ალვის ტანზედა.

„- ვაჰმე, რა ონა გიქნავისთ

ლაშარის ჯვარის ყმაზედა!

თუ თქვენ ეგ წაგაყვანინოთ

წვერიმც ნუ მსხია ყბაზედა,

შინამც თუ მივალ ცოცხალი,

სწორნიმც ნუ დამსმენ ჯარზედა“.

შვიდ ქისტმა, ერთმა ფშაველმა

გაიკრეს ხელი ხმალზედა.

შამეეტია ფშაველი,

შვიდთავ თავ მასჭრა წამზედა,

შვიდსავ მარჯვენა ააჭრა

ერთის ამლათის ხანზედა,

შვიდსავ იარაღი აჰყარა

სუ ქალს აასხა ტანზედა;

ქალი შინ გამააბრუნა,

ამას მაჰგვარა კარზედა.

- წაიღე მარჯვენეები,

ციხეს მიაკარ თავზედა,

ჩემს ნაქნარ სახელს ნუ იტყვი,

ვიყნოდეთ და-ძმობაზედა,

შინამდე გამოგყვებოდი,

მოსისხლენი მყვან გზაზედა. -

შვილნი შინ ვეღარ მოგივლენ,

დარჩნენ მათურის მთაზედა,

დახოცნა თადიაურმა,

ერთის ამლათის ხანზედა.

ლუდი ადუღე, ხოხობო,

შვილთ რიგი უყავ თავზედა,

ბოროტის გამწარებულმა

გული დასცოდი ქვაზედა.

 

ახალი ლექსები

 

ფშავში მოლექსეები ბევრნი არიან, მაგრამ მათში პირველი ადგილი უჭირავს მერცხალას და ჯაბანს. მერცხალას სახელად გამიხარდი ჰქვიან, მაგრამ ამ სახელს არა სჯერდება და მერცხალას ეძახის თავის თავს, - ეს იმის ფსევდონიმი გახლავთ. აი რას იმღერის მერცხალა თავის თავზე:

 

მკითხავებს დაუბარებავ:

„ციება გიდგა ტანშია!“

ვაჰმე, თუ დაწვეს მერცხალა, -

კაცი ცხელ თიბა-მკაშია,

იმდენი მყავის დუშმანი,

რო თმა არ მიდგა თავშია;

ნეტავი საით შამყარა,

ერთ უკვდავება მასმია,

გამთეთრებიყო თმა-წვერი

ამ წუთის ქვეყანაშია“.

 

მამასახლისზე

 

ელიზბარ შამამეყარა -

მამასახლისი დიდკაცი,

დედ-მამა შემამაგინა,

სანამ ამბავსა ვკითხავდი;

ჩამასცვივნიყო კბილები,

ცისაკ წასვლიყო ნიკაპი და სხვ.

 

ისევ მამასახლისზე

 

მოხველ - ა, მამასახლისო,

კი მამერგოა ბეგარა?

თუ ჩემ დარბევა გინდოდა,

გზირ მაინც წამოგეყვანა;

ნეტა ვინ მომცა პრიჩკაი,

შენთვის ცეცხლ შამამეყარა,

შენთვი დამეწვა წვერ-პირი,

ჯავრი მით ამომეყარა.

ძნელი ხარ, სიღარიბეო,

გამაბეჩავე, ტიალო,

მეორ-მესამე წელი მიდის,

ერთ ახალოხნი მცვიანო,

შიგ მამიკრუხდა ტილები,

წიწილეებსა ზრდიანო,

გამოვლენ სასეირნოდა,

ადიან-ჩამოდიანო.

 

VII

საჭმელ-სასმელი

 

ფშაველს უყვარს კარგი სმა-ჭამა. საუკეთესო მისი საჭმელი არის ხინკალი. კვირაში ერთხელ მაინცა სჭამს ერბოიანს საჭმელს, ხაჭო-ერბოს, ხავიწას და ხორცის ქადას. ერბოს ქადას საფლავზედ მისატანად გამოაცხობს დედაკაცი. შემოდგომაზედ ფშაველი, თუ მეტიმეტად ღატაკი არ არის, ჰშოულობს ხორცს ძროხისას ან ცხვრისას და ინახავს საზამთროდ ქილაში ან ტაგანში; ხორცი მჟავდება, მაგრამ ამით ფშაველი არ იწუნებს. ფშაველი ათასში ერთის გარდა ერიდება ღორის ხორცს, - ხატი არ მიხდენსო. სამარხო საჭმელს შეადგენს ნივრის ან ნიგვზის ხინკალი, ანტრია (გათხელებული ცომი წყალში მოხარშული), ღოლო, შვინდის და ცერცვის საჭამადი, კომბოსტოს წნილი.

ამ ბოლო დროს ხშირად დაუწყეს თესა კომბოსტოს და კარტოფილს. სამუდამო სასმელი ფშავლისა არის არაყი, სახარჯო - ლუდი, სარიგო და საქორწილო - კახური ღვინო.


კაცის სახელები:

მაჩურა, ბუთხია, ხუჩია, ხუტია, დათვია, ნადირა, მირზა, კარახელი, კურდღელა, პაპუა, მოკლია, ბუთლია, წიწილა, გოგოთური, ბაია, შალვა, უგონური, ქავთარი, ნინია, ივანე, ვასილი, გიორგი, ყვირილა, ბარდანა, თეფშა, ბოიგარი, ხეხედა, გიგილა, ყაყიჩი, გოდერძი, იანვარა და სხვ.


ქალის სახელები:

ქალთამზე, მზექალა, მზევინარი, თეთრუა, ჯავარა, თამარი, დედუნა, მეწყინა, ჩიტო, თინათინი, დარეჯანი, გულქანი, ქალიკმა, ლელა, მელანია, ანუკა, ფარანგოზი, ბატარქალი, ქალთათავი, თიკანი, სალია და სხვ.


სოფლების სახელები:

ჩარგალი, ბოწახი, კაწალხევი, შუაფხო, გუდარახი, მაღარო, გომეწარი, თვალივი, მუქუ, ხომი, კუჭეჭა და სხვ.

 

იარაღის სახელები:

თოფი: ხირიმი (საუკეთესო თოფი), შაშხანა, სიათა, ქოფაჩი. ერეჯიბი, ბაზალა, ხარა, ფრანგული, ჩარმა, მაჟარი, ხარა ხირიმი, ხოროსნის სიათა აჭარა და სხვ. ფშაველი ძველ თოფს აღარაფერს ყურს უგდებს, იმათში უფრო გავრცელებულია ახალის აგებულობის თოფები - ბერდანგები და პიბოდები (აინლები).

ხმალი: ფრანგული, გორდა, აჭარა, ხარის ფერცხალი და სხვ.

 

VIII

ხატები

 

ფშავლები, როგორც ნამდვილნი ქართველნი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელნი არიან, ხოლო ფშავლების მართლმადიდებლობა არ წარმოადგენს გაწმენდილს, შემუშავებულ რჯულს; იგი შემდგარია სხვადასხვა წარმართულის და ქრისტიანულის წეს-რწმუნებისაგან, და ზოგიერთში ებრაულს რჯულს მოგვაგონებს, ეს შერევნა სხვადასხვა რჯულისა ერთმანეთში ადვილად წარმოსადგენია, რადგან ხალხი, როდესაც ახალს რჯულს ეკიდება, ისე მალე ვერ ანებებს თავს ძველს რჯულსა. მართლმადიდებელი მოძღვრებაც არ არის აქ განვითარებული იმიტომ, რომ ქრისტიანობის მქადაგებლების, მღვდლების ხსენება მალე გამქრალა აქ. ამის მიზეზად ჩაითვლება ათასნაირი ლეწა-მტვრევა, რომელმაც საქართველოს თავზე გადაიარა. ხალხს მხოლოდ ყური მოუკრავს ქრისტიანობისთვის: რაკი შემოჰლევიან და არ შეჰრჩებიან მღვდლები, რომლებიც ხშირ-ხშირად მოაგონებდნენ ხალხს ქრისტეს მოძღვრებას, ხალხს ისევ ძველი რჯული აგონდებოდა. ფშავში რომ ქრისტიანობა უვრცელებიათ, ამის დამტკიცება ადვილია: სადაც გინდათ, მთაზე, უღრანს, გაუვალს ტყეში შეხვდებით ნასაყდრებს.

ფშავში არსებობს ლეგენდა, რომელიც აღნიშნავს კერპობის, წარმართობის ბრძოლას ქრისტიანობასთან. ძველ დროში, ამბობს ლეგენდა, ფშავის ხევი სჭერია დევებს; იმათ ხალხი „უხელთავ“ (უგიჟებია). დევები ამოუწყვეტია გმირს კოპალას. კოპალის სადგომს ხალხი დღესაც უჩვენებს ერთს ნასაყდრალს, რომელიც არის ტყიან გორაზე არაგვის ნაპირად; მის ძირში გდია უცნაური, ოთხკუთხიანი ქვა, რომელსაც გვერდებზე ჩაღრმავებულები ეტყობა, წყლის მოქმედების გამო. ეს ქვა ყოფილა ვითომც სკამი კოპალასი. ის დევს მოუტაცნია, საბლით შეუკრავს და საბლის მჭიდროდ ჩასაბმელად მიუჭირებია მუხლები. რომლის გამოც ქვა გვერდებზე ჩაღრმავებულა. ნადირობიდამ დაბრუნებულს კოპალას შეუტყვია ქვის დაკარგვა, გამოსდგომია მტერს უკან, ოცი ვერსის სიშორიდამ უსროლია დევისთვის ისარი და დაუგდევინებია ნაპარევი. ამ ქვას ხალხი დღესაც თაყვანს სცემს და ეძახის „კოპალის ქვას“. კოპალის ქვა არის ტრაპეზი. ძველად მაინც ქვის ტრაპეზები ყოფილა ხმარებაში.

შენობა, სადაც ხატი ჰყავს დასახული ფშაველს, არაფერში არა ჰგავს საყდარს. შენობა ხატისა არის ყორით აგებული რიყის ქვისაგან და ზედაც სიპი ქვა ჰხურავს. შიგ არის მხოლოდ ერთი სახე იმ ხატისა, რომელსაც ხალხი ჰლოცულობს... შენობები ხატისა არის შემდეგი: დარბაზი, სალუდე და სასანთლეები. დარბაზი გარს შემორტყმულია დაბალის გალავნით, რომელზედაც კაცი ადვილად გადააბიჯებს; დარბაზზედ აწყვია ირმის რქები, მონადირეებისაგან შეწირული. დარბაზი წარმოადგენს იერუსალიმის წმიდა-წმიდათას, სადაც თავი ხევისბერი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედის, როგორც მღვდელთმთავარი წმიდაწმიდათაში. გალავნის გარედ, კარგა მოშორებით, არის აშენებული „სალუდე“ ანუ „საჯარე“, სადაც ჰკიდია უზარმაზარი ლუდის სადუღი ქვაბი; იქვე არის ჩამწკრივებული კოდები ლუდის ჩასაფუებლად. დარბაზის და სალუდის არე-მარე დაჩრდილულია იფნის ხეებით. ხატის სიმარტივე და უხელოვნეობა მოსწონს ფშაველს. ხატობის დროს არც წირვის მოსმენა უნდება, არც პირჯვრის წერა და მუხლისყრა. ფშაველი მხოლოდ წინაპირველად რომ მოვა, მაშინ მოიყრის მუხლს პირდარბაზისკენ; შემდეგ მიდის სალუდის კარზე და უცდის, რომ მალე დაჯარდეს ხალხი (დასხდნენ მწკრივად). თუ საკლავი ან ქადა-პური აქვს, ხევისბერს დაადიდებინებს, მერე თავისუფლად მიდგებ-მოდგება „ხატის კარზე“. ხატს ფშაველი ეძახის ბატონს ანუ „ღვთიშვილს“ და თავის თავს ყმას. იგი ამის მეტს ბატონს იმჟამით ამჟამამდე მაინც არ იცნობს.


ჩვენის ბატონის კარზედა

ხე ალვად ამოსულაო.

წვერში დაუსხამ ყურძენი,

საჭმელად შამოსულაო.


დედაკაცს არ შეუძლიან ხატის კარზე მისვლა იქ, სადაც კაცი მიდის, რადგან ის შელახავს. ანუ გააუწმინდურებს ხატსა.

ფშავლები შეადგენენ თორმეტს თემს: გოგოჭური, გაბიდოური, უძილაური, გოგოლაური, ჭიჩუელი, ახადელი, უკვენა ფშაველი, წითელაური, ქისტაური, წოწკურაული, ტურანი და მისრიანი. თვითვეულს თემს ჰყავს საკუთარი ხატი, გარდა საზოგადო ხატისა. საზოგადო ხატი, რომლის სამსახურიც ყველა ფშაველს ადევს კისრად, არის თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი. ეს ჯვარი არის შეწირული ლაშა გიორგისაგან ალბად ეკლესიისთვის, როგორც ნიშანი ერთმანეთის ერთგულობისა: მეფისა ფშავლების მიმართ და ფშავლებისა მეფის მიმართ. ესე მოგვითხრობს ზეპირგადმოცემა. თამარ დედოფლის ხატი და ლაშარის ჯვარი ერთმანეთს უპირდაპირებენ, ერთი ერთს მთაზე არის აშენებული, მეორე - მეორეზე. ამ ორს ხატს ფშავლები ეძახიან „მოდე-მოძმეთ“ (და-ძმანი). ფშაველს სწამს ქრისტიანული წმინდანებიც: მთავარანგელოზი, ღვთიშობელი, წმიდა გიორგი და სხვ. გარდა ამისა ხატებად ჰყავს გამხდარი ზოგ-ზოგი გმირებიც, მაგალითებრ: სულა-კურდღელა, პირცეცხლი, პირქუში.

ფშაველს, გარდა თავის თემის ხატში სიარულისა, უხდება სიარული ცოლეურების და დედეულების ხატშიაც. სხვა ხატების ვალი იმას არ აწევს ვალად, თუ მკითხავმა არ გახადა მოვალედ. ფშაველი მოვალეა გამოისყიდოს შვილები თამარ დედოფლის ხატისაგან, ანუ, როგორც თვითონ იტყვიან „გაიყვანოს“. ვაჟი გამოისყიდება კურატით, ქალი ცხვრით, საკლავით. ეს ჩვეულებაც ებრაულია: ყველამ იცის, რომ თვითონ იესო ქრისტეს გამოსასყიდლად მიიყვანა ღვთისმშობელმა მარიამმა ორი გვრიტი. ხევისბერი გამოსთხოვს მოწყალებას ხატს ბავშვისთვის, დალოცავს და დაჰკლავს საკლავს. ხევისბერი არის ერთსდაიმავე დროს მემკვიდრე მოგვისა და მღვდლისა.

ხევისბერი წინანდელს დროში არა ყოფილა მარტო სამღვთო წესების ამასრულებელი, არამედ სჭერია ხელში პოლიტიკური და იურიდიული უფლებაცა. იგი ყოფილა მშვიდობიანობის დროს მსაჯული და ომიანობაში - ჯარის წინამძღვარი ხელში დროშით. ფშავლის ხევისბერად მოწოდება მოხდება სხვადასხვა მიზეზისა გამო: ჯერ ერთი ქადაგისაგან და მეორე მკითხავისაგან. მაგრამ მკითხავიც ყველას წარამარად არ ირჩევს, იმასაც აქვს, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, საკუთარი მეთოდი ხევისბერის ამორჩევისათვის... თუ რომელმამე ფშაველმა დაიწყო ავადობა დიდხანს და ვერა რჩება, მკითხავი ურჩევს, რომ წმინდობა დაიწყოს, გახდეს ხევისბერად, ხატს მსახურად. ხევისბერად კუთხევისთვის, ანუ ხელ-მხარის სანათლავად, უნდება ახლად მოწოდებულს რვა საკლავი და ერთი კურატი. ამათის სისხლით განათლვენ თავის მოძმეს ხევისბერები: სისხლს წაუსმენ შუბლსა, მკლავსა და გულზედ.

ხევისბერის თანაშემწე არის დასტური, რომელიც მოვალეა სასმელ-საჭმელი დაურიგოს ხალხსა. დასტურების რიცხვი თითო ხატში სამიდამ ექვსამდე ადის. ხევისბერები და დასტურები წმინდობენ. წმინდობა მდგომარეობს იმაში, რომ ღორის და ქათმის ხორცს არა სჭამენ, ნალახს ძლიერ ერიდებიან, ერთი თვის წინედ ხატობამდისინ მეუღლეებთან არ დაწვებიან. ლუდის დუღება რიგრიგობით მოსდევს.

ადგილობრივი მღვდლები და ხევისბერები მტრობენ ერთმანეთს, ერთიმეორის დამცირებას ცდილობენ ხალხის თვალში ხევისბერს უფრო ღრმად აქვს გადგმული ფესვები ხალხის გულში... იმის დიდება ანუ დალოცვა, კურთხევა, არის მდაბიო და გასაგონარი, ვიდრე მღვდლისა. ასაღებსაც ბევრით ნაკლებს იღებს მღვდელზედ. ძველად ხევისბერები კიდეც აზიარებდნენ და დამარხავდნენ ხოლმე მკვდრებს. დღეს ეს უფლება ჩამორთმეული აქვთ. ახალწელიწადს დღეს ყველა ოჯახიდამ მოვიდოდა თითო კაცი სალუდეში. ხევისბერები ჩაჰყრიდნენ გაფუებულ პურს ლუდში, ჩაუსხამდნენ ზოგს ჯამში, ზოგს მათარაში, ისენი დაბრუნდებოდენ სახლში და იქ მყოფებს უნაწილებდენ, აზიარებდენ.

 

IX

ფშავლის ხევისბრის დიდება

 

„ღმერთო! დიდების მეტი და მადლობის მეტი შენ არა მოგეხსენების. ღმერთო! შენია გაჩენილი ხვნა, ხვეწნა და ღაღადება, თორემ ხმელზეით ხორციელნი ხმას ვერ შემოგდებდნენ.

დიდება შენთვის, ღმერთო, დიდება შენთვის, კვირას კარავიანს, დიდება შენთვის, გიორგი მუხის ანგელოზს, დიდება შენთვის, თამარს დედოფალს, ხმელეთის დამრიგებელს! თქვენ გადიდოს ღმერთმა, გაგიმარჯოსთ, თქვენი ხმალი, თქვენი სამართალი, თქვენ. თქვენი გამჩენი ღმერთი არ მოგიწყენსთ, არ მოგიძულებსთ; თქვენ თქვენს საყმოს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ. საყმოშიით ვინმე გეხვეწებოდესთ (სახელი სამსახურის პატრონისა), რასაც გულზე და მხარზე გადიდებდენ, გეხვეწებოდენთ, იმ გულზედ, იმ მხარეზედ, შეიხვეწეთ, შეინახეთ; რასაც წყალობას გეთხოვებოდენთ, ის წყალობა ღმერთსაც გამოუთხოვეთ, კვირასაც, და თვითონაც თქვენი წყალობა უყავით. პირველად წულს მოუმატეთ ამ სახლშია, ღონე-ქონესა, კაცსა, კაცრიელობასა, მტრის ხელი ახადეთ, სიკვდილის ხმა მოაშორეთ, დაცევ-დაფარეთ ლაღის მტრისაგან, მწარე სიკვდილისაგან. ნურას მიჰკერძებთ ღვთისაგან გამოშვებულს სევდა-სნეულობასა. სადაც თქვენი უღური დაიძახონ, თქვენი მოწაღმართე ანგელოზი მოახმარეთ, თქვენი კაბის კალთა დააფარეთ; მოლაშქრეს გაუმარჯვეთ, ამათ სახშიით გასულს მონადირეს ხელი მოუმართეთ, მგზავრი მშვიდობით მაჰგვარეთ. წული ვინმე გთხოვოსთ, წული ღმერთსაც გამოუთხოვეთ, კვირასაცა და თითონაც თქვენი წყალობა უყავით; გასაზდო ვინმე შამოგახვეწოსთ, გაუზარდეთ, უქენით ეტლიან-დავლათიანი; სნეული ვინმე შამოგახვეწოსთ, სნეულს ულხინეთ, მაურჩინეთ. ზამთარი მშვიდობისა გადააყრევინეთ და ზაფხულიც ღალიან-ბარაქიანი ჩამოუყენეთ, ღმერთი თქვენს ბატონობას გაუმარჯვებს; თუ მე რასმე მოხსენებას ვაკლებდე, თქვენ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ, თქვენის გამჩენის ღვთისასა. ღირსად აიტანეთ, ბატონო ბედნიერო, ღირსეულადა, ხსნილად, კურთხეულადა დაკლული ზვარაკი, დადგმული ტაბლა, დაწვრეთილი სეფე, დასხმული ბარძიმი, მეშველი, მწყალობელიც იქნებით მხოიშნებელი. დიდება თქვენს ძალასა, თქვენს სამართალსა, თქვენის გამჩენის სამართალსა, თქვენის გამჩენის ღვთისაგან“. (ღმერთმა გაუმარჯოს დასძახებს ხალხი). ხევისბერი მობრუნდება ხალხისკენ და იტყვის: მოგცესთ წყალობა, რაც იდიდა, იხსენა, იმათმა დავლათმა, თემო, სოფელო, ქუდოსანო, მანდილოსანო.


1886 წ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen