(პროვინციალური ტიპები)
ჩვენებური პროვინცია სწორეთ ბნელეთია, - ქვეყანა წყვდიადით მოცული; იქ სინათლეს ტყუილად ეძიებ, ვერ იპოვნი. რატომ? არ არის თუ? შეიძლება იყოს, მაგრამ ისეთ ალაგს არის დამწყვდეული, გარეშე ადამიანს გაუჭირდება მისი თვალით დანახვა. სინათლის მფლობელად მე ვსახავ ინტელიგენციას. დიაღ, ინტელიგენციამ უნდა გამოსცეს ეს ნათელი, მან უნდა მოჰფინოს ნათელი უმრავლესობის ბნელ გონებას, განასპეტაკოს ერის გრძნობა, მოაშოროს ჟანგი და ჭუჭყი მის გულს.
პროვინციალურ ინტელიგენციას ეს არ ძალუძს არა მარტო სიმცირისა გამო, არამედ მრავალი სხვადასხვა მიზეზების წყალობით. სიმცირე არაფერ შუაშია. თბილისში ათასობით დაითვლება ინტელიგენტი, აზროვნების ტაძრები - სამკითხველო, რედაქცია, ბიბლიოთეკები, მაგრამ სწორედ ამ რედაქციების ახლომახლოს თვალყური რომ ადევნოთ, ახალმთვარეზე მრავალს მაგალითს ჰნახავთ, მოქალაქე მთვარეზე მუხლს იყრიდეს, ორ შურიანს აჩვენებდეს და თან უწრუწუნებდეს - რა არი ახალმა მთვარემ იმის ჯიბეს ბარაქა მისცეს.


