(წერილი რედაქციასთან)
სპეციალისტების ბაასმა სპეციალურ საგანზე, მეც, არასპეციალისტს საღერღელი ამიშალა და ლამის სალინგვისტო-საფილოლოგიო ბაასში ჩავერიო. მეტი ღონე არ არის. კარგად მოგეხსენებათ ჩვენს მწერლობაში აღძრული კამათობა იმის გამო, რომ ბ-მა გ. წერეთელმა სახელი „ლაშა“ აწარმოვა რუსული სიტყვა луч-დან; ამაზე „ივერიამ“ შენიშნა, რომ ეს სიტყვა აფსარული (აფხაზური) სიტყვააო, ამას ჰმოწმობს „ქართლის ცხოვრებაო“ და სხვ. და სხვ.
ჩემის ფიქრით ამ მოსაზრებათა შორის არც ერთია მართალი და არც მეორე დამყარება ფილოლოგიურის კვლევისა „ქართლის ცხოვრებაზე“ და სხვა ამგვარს ისტორიულს „დოკუმენტებზე“ იმას ეგვანება, გარჩევაც კი ბევრია ღვთის წინაშე, რომ ამ ორასის წლის შემდეგ გამოჩნდეს ვინმე მკვლევარი და დაიჟინოს: ამა და ამ დროს გ. წერეთელი ამასა სწერს, ან Plebs, ან თუნდა ვაჟა-ფშაველა; მოეწონოს ერთი ჩვენგანის შეხედულობა და დაიჟინოს: სწორედ სიტყვა „ლაშა“ იმას ჰნიშნავს, რასაც ეს მწერალი ამბობსო. ნუთუ სასაცილო არ იქნება მისი მსჯელობა? ნუთუ ამასვე არა ჰგავს სხვადასხვა „დოკუმენტებზე“ დამყარება?
ჩვენ რომ ისტორიულ ფაქტთანა გვქონდეს საქმე, ის სრულიად სხვა იყო: ფაქტი ფაქტად უნდა მივიღოთ, თუმც ისიც ბევრს შემთხვევაში ფრთხილად, შეგნებით. მაშინ კი, როცა თეორიული სჯაა საჭირო, უნდა ვიხელმძღვანელოთ მეცნიერულის მეთოდით, საღის მოსაზრებით, იმ მასალის გარკვევა-გაჩხრეკით, რაც ხელში გვექნება და რაც უსათუოდ საჭიროა ნამდვილის გამოსარკვევად.
წიგნზე დამყარებამ ერთხელ მეც მომაცდინა: „ვახუშტის გეოგრაფიაში მოხსენებულია, რომ ლაშარობას, ფშავლების ერთს უმთავრესს ხატობას (ჯვარობა), დაუდო საფუძველი ლაშა გიორგიმ, რომელმაც ეკლესიას შესწირა ძვირფასი ჯვარი და შემდეგ ამაზე დღეობას დაერქვა „ლაშარის ჯვარი“, გახდა იგი სალოცავად მთელის ფშავისაო და სხვ. მე არც ვაციე, არც ვაცხელე, ეს ცნობა ავიღე და ერთს ჩემს ეთნოგრაფიულს წერილში მოვიხსენიე. ამაზე „ივერია“-ში ბ-ნმა ურბნელმა საფუძვლიანად შეჰნიშნა, რომ ეგ „ლაშარის ჯვარი“ არის ლაშქრის ჯვარი, რომელიც სალოცავად უნდა ჰყოლოდა ფშაველებს ძველადგანვე, მინამ ლაშა გიორგი დაიბადებოდაო, - როგორც მოლაშქრე ხალხს, - ღმერთი ომისა, და ლაშა გიორგის ჯვარს აქ არავითარი ადგილი არა აქვსო და სხვადასხვა. ნამდვილია: მეც ესევე უნდა მოგახსენოთ, რომ „ქართლის ცხოვრების“ განმარტებას, ლაშა აფსარული (აფხაზური) სიტყვააო და ჰნიშნავს მანათობელსაო, არაფერი მნიშვნელობა არა აქვს.
აფხაზურ ენასთან რად უნდა გავრბოდეთ, როცა ფესვი „ლაშ“ თვით ქართულ ენაში მოიპოვება. ავიღოთ თუნდ სიტყვა ლაშქარი, - ქართული გვარი ლაშაური. ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ ფშავლები, რომელთაც ვერა ფილოლოგი ვერ გამოსწირავს ქართველ ერსა, საუბარში ხმარობენ ლაშს, როგორც პირს (ბაგეს, ყბებს). მე, თქვენს უმორჩილეს მონას, ეს სიტყვა დღეში ორმოცჯერ მაინც მესმის. ვსთქვათ დედამ უნდა უთხრას შვილს პური ჭამე, ნუ ჰყბედობო: „ბალღო, მანდ ლაშს ნუ იწრეხ-იგრეხ, ე პური გველე!“ (ჭამე). ქალს არ მოსწონს ვაჟი, ამბობს: „ვაჰმე, რა გონჯ რაიმ არი, მაგის ლაშნი რასა ჰგავ კი, რასა!“ „ბევრს ნუ ლაპარაკობო: დააყენენ ე ლაშნი!“
მკითხველი შეატყობს, რომ ფშავლები ამ სიტყვას, თუ ცალკე უნდათ ხმარება, მრავლობით რიცხვში ხმარობენ და რთულს სიტყვებში კი მხოლობითში (ლაშაური, ლაშქარი და სხვ.). არის ფშაური მამაკაცის სახელი ლაშქარა. საზოგადოდ ხომ საკუთარს სახელებს აღმწერლობითი მნიშვნელობა აქვთ. თქვენის ფიქრით, თავდაპირველად რას ნიშნავდა ეს სახელწოდება? ვითომ მოლაშქრეს? არა. ეს სახელი ორი სიტყვიდამ არის შემდგარი და, მაშასადამე, ორი ფესვიდამ: ლაშ და ქარ, აქვს დაბოლოვება „ა“.
ჩემის ფიქრით, ფილოლოგებისა კი რა მოგახსენოთ, ეს სახელწოდება იქნებოდა თავდაპირველად გამომხატველი პირქარიანობისა, ყბედობისა. ბავშვი მინამ მოლაშქრეობას შესძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა. ეს უკანასკნელი მაგალითიც იმიტომ მოვიყვანე, რათა მეჩვენებინა მკითხველისათვის მნიშვნელობა სიტყვისა „ლაში“ - რომ იგი სიტყვა მართლა პირს ჰნიშნავს, ანუ ბაგეს. თითონ სიტყვა ლაშქარი წარმოსდგება იმავე ლაშქრიანობიდამ, ანუ პირქარიანობიდამ. ჯარი საომრად მუდამ მღერით გაემართებოდა: პირსა ჰქარავდა, ჟღავჟღუვობდა.
ეს იყო ჩემი სათქმელი. დანარჩენი სპეციალისტებისათვის მიმინდვია; იმათ ივარაუდონ: ლაშა რუსულია, აფსარული, თუ ნამდვილი ქართული, ჰნიშნავს, - სახიერს, უსახურს, ყბედს თუ რას.


