(ნარკვევი)
დავით გურამიშვილის ნატერფალზე
ლეკეთის მთები ნისლმა დაბურა. უფრო და უფრო იშვიათად ვხედავ ხანჯლიან ლეკებს და ინგუშებს. ალბათ, აქ, სადმე, ამ მიდამოებში, სადღაც შამბნარში იმალებოდა ლეკების ტყვეობიდან გამოქცეული დავით გურამიშვილი. პერანგისამარა, ხელფეხ‒დამზრალი და დაკაწრული, ურუქოდ, უკომპასოდ, უგეგმოდ, ბედისაგან გაძარცული, ნაცემი და ნაგვემი, სვეგამწარებული, რომელსაც შინ მამული აოხრებული ეგულებოდა, ვარსკვლავების ეტლს განდობილი, დღისით შამბში იმალებოდა და ღამით ჩრდილოსკენ მიმავალ გზას ეძებდა.
ასეთია ბედისწერის ჭირვეულობა: თურმე დიდმა კაცმა შხამის დიდი ფიალა უნდა გამოსცალოს ხანდახან.
გრიგალიც ყველაზე ძლიერად დიდ მუხას ეკვეთება ხოლმე ტყეში.
ქვეყნის უბედობაც ყველაზე ადრე, ყველაზე მძაფრად ბუნებით დიდ კაცს დაატყდება თავზე.
წარმოსადგენია ორიოდე საუკუნის წინათ როგორი უსიერი ტყეები, შამბი, როგორი გაზულუქებული ბუნება იქნებოდა ამ მიდამოებში და რა დიდი ნებისყოფის, როგორი დიდი მამაკაცური სტიქიონის პატრონი უნდა ყოფილიყო დავით გურამიშვილი, რომელმაც ერთხელ გაროზგვისა და გაპანღურების შემდეგ ხელახლა სცადა თავისი ბედი.
ბიოგრაფია პოეტის შემოქმედების გასაღებია.
არც ერთ უბიოგრაფიო პოეტს დიდი ქმნილება არ შეუქმნია და ორი საუკუნის მანძილზე არც ერთ ქართველ პოეტს ასეთი გრანდიოზული ბიოგრაფია არა ჰქონია.
გენიოსი სხვა რაღაა, თუ არა დიდ ტალანტთან შეუღლებული დიდი ენერგია.
დავით გურამიშვილი დღევანდელი გაგების მსოფლიო კაცია, მეთვრამეტე საუკუნის საზომით ტიპიური ენციკლოპედისტი, განათლების ეპოქაში პირმშო და უნივერსალური ადამიანი. დიდი პიროვნება მუდამ დიდ კონფლიქტს განიცდის საუკუნის მიმართ. გურამიშვილი განმარტოებით დგას გაჩანაგებულ, გავერანებულ, ფეოდალების უჭკუობის, სიბეცის წყალობით აოხრებულ საქართველოს ფონზე. ამ საქართველოში მეფეები და მინისტრები უნიჭო შაირობასა და ნადირობას იყვნენ გადაყოლილი, სულთმობრძავი მშრომელი ხალხის ნაამაგარი უჭკუო პოლიტიკისაგან გახელებულ მეზობლებს მიჰქონდა, იხრწნებოდა საზოგადოება, იშლებოდა სახელმწიფო.
და ასეთ დროს იგი გასტყორცნა მუხთალმა ბედმა უცხოეთში.
აქ, ამ სტანიცების მახლობლად, შესაძლოა ახლაც იდგეს ის ეკლესია, რომლის ზარების რეკვამ აუწყეს დავით გურამიშვილს, საქრისტიანოში მოსვლა.
ამ ყალბმა ქრისტიანობამ და ყალბმა ილუზიამ, საქრისტიანოზე დამყარებულმა, დააბრმავა და მოხიბლა უგუნური არისტოკრატია საქართველოსი.
და არავისი კალამი ისეთი დიდი სარკაზმით არ შეხებია ამ გონებადაბნელებულ ილლიუზიების მატარებელთა ნამოქმედარს, როგორც ბასრი სიტყვა დავით გურამიშვილისა.
არსებობს რაღაც იდუმალი პროპორცია პოეტის განცდებსა და მისი სიტყვის რეზონანსს შორის.
როგორი უშველებელი ბიოგრაფიული თარიღები აქვს ამ კაცს!
მისი ქმნილება ― ავტობიოგრაფიულია, მაგრამ ამ ავტობიოგრაფიაში გასაოცარის მიუდგომლობით გადმოცემულია მთელი მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს გულისშემღონებელი მატიანე.
დავით გურამიშვილი ლეკების ტყვეა.
ტყვეობიდან გაქცეული ბოგანო, უსახლკარო, უსამშობლო მოხეტიალე ლტოლვილი... დავით გურამიშვილი ― ხოტინის ომის მონაწილე, შვიდწლიანი ომების მოლაშქრე, მაგდენბურგის ციხის ტუსაღი, უკრაინელი ფერმერი და ინჟინერი, რომელიც მოხუც ფაუსტივით სიბერის მწარე დღეებში პასიურ ჭვრეტას უკუაგდებს და ცივილიზაციის სამსახურით უნდა არგოს თანამოძმეებს, სარწყავი მანქანისა და წისქვილის გეგმებზე მოჭირნახულე პოეტი.
დავით გურამიშვილი ისევე „ციდან ჩამოვარდნილია“ ქართულ სინამდვილეში, როგორც გოეტეს შესახებ იტყოდნენ ხოლმე გერმანიაში. იგი არავის არ დამოწაფებია, მას არავისაგან საკმაოდ არ უსწავლია, ალბათ რომელიმე ქართველმა დიაკონმა ასწავლა ანბანი მას და მერმე თავად ისევე გაიკვლია გზა თავის საუკუნის კულტურის წიაღში და აქაც ისეთსავე სიმამაცეს იჩენდა, როგორსაც ლეკეთიდან მოსკოვამდის ფეხით მიმავალი.
იგი უბადლო თავისთავადი ტალანტია და თვითგანსწავლული კაცი. ეს მუდამ აგრე ყოფილა: უდიდესი ცთომილებიც მარტოხელა დარიალობენ უმცირეს პლანეტებს შორის.
გურამიშვილი არც მოტივით ჰგავს დანარჩენ ქართველ პოეტებს. ვაჟა‒ფშაველამ „პაპა“ უწოდა მას სამართლიანად და ერთადერთი ვაჟა თუ შეედრება მას.
ვაჟა-ფშაველა მას უახლოვდება იმდენად, რამდენადაც ორივეს ლექსური ტონალობა ხალხური პოეზიის პრიმიტივიდან იღებს სათავეს.
კიდევ ორ რამეში ჰგავს ეს ორი გიგანტი ერთიმეორეს, ჰომერისებური ეპიური ხაზმოსმითა და გენიოსობის მიჯნამდის დასული სისადავით. რუსთაველი და ჩახრუხაძე, ილია და აკაკი, გრიგოლ ორბელიანი და ალექსანდრე ჭავჭავაძე, ერთის შეხედვით უფრო საერო პოეზიის, ზოგი მათგანი მუსლიმანური მსოფლიო შეგნების, ზოგიც ქართული წარმართობის დამღას ატარებდენ.
დავით გურამიშვილი აქაც მარტოა, იგი ძლიერ წააგავს გერმანელ პოეტს კლოპშტოკს.
მაგრამ განა იდეები მარტოოდენ ტიპოგრაფიული ნიშნებით გადადიან არედან არეზე?
საუკუნის მოარული იდეები უხილავი ფლუიდების სახით მიმოდიან.
ქართული პოეზია და ქართული ეკლესია მრავალი საუკუნის მანძილზე მტრულად შესცქეროდნენ ერთიმეორეს. ქვეყანამ იცის, როგორი დიდი დევნა განიცადა ქართული გენიის უდიდესმა პირმშომ ― რუსთაველმა ხუცების სიბნელისგან, თუ როგორ ემიჯნებოდა რუსთაველი ხუცების სიბნელეს.
და თვით დავით გურამიშვილი დიდი მისტიკოსი და ქრისტესადმი მიძღვნილი ჰიმნების ავტორი, ალაგ-ალაგ, გასაოცარის სიმძაფრით თავს ესხმის ხუცების გაუმაძღრობას და უმეცრებას.
შესაძლოა თემატიკის მხრივ შევადაროთ გურამიშვილს კლოპშტოკი. ცნობილია: კლოპშტოკი ცრუკლასიკური პათოსით აღტყინებული პოეტი იყო, მთლად დიდაქტიკა, მთლად სქოლასტიკა და დოგმატიზმი.
გურამიშვილიც მისტიკოსია, მაგრამ ანტი-კლერიკალურად განწყობილი, იჭვნეული მისტიკოსი, რომელიც ღმერთს შეება მხოლოდ იმიტომ, რომ მტვერში ამოსვრილი კიტრი წაართვა წყალმა.
გურამიშვილი საკმაოდ პროტესტანტულად განწყობილი ქართველია, სულით მეამბოხე, მარად უკმაყოფილო და შავბედთან მებრძოლი.
ალაგ-ალაგ იგი სევდიანია, მაგრამ მისი შავნაღვლიანობა არაფრით ჰგავს კირკეგოს, ნოვალისის, თუნდაც შოპენჰაუერის ღამეულ მზერას. გურამიშვილის სევდა, საქართველოს ლანდშაფტში შემოთენებულ ცისკარის სიმრუმესა ჰგავს, რომელიც მსუბუქი და სპეტაკი ნისლების ფრთებზე ცახცახებს და ლიცლიცებს. მისი ფონი სიმსუბუქეა და ნათელი მზის ეპიფანია.
გურამიშვილის „ქაცვია მწყემსი“ უდიდესი ჰიმნია ფალოსისადმი მიძღვნილი, აქ შექებულია XVIII საუკუნეში გაუგონარის სიმამაცით ნაყოფიერების უფალის მძლეთამძლეობა.
გარეგნულად მისი პოზა ვითომდაც ქრისტეანულ თავმოდრეკილობას მოგაგონებთ, მაგრამ სტრიქონებს შორის მაინც მოსჩანს ლომის ბოკვერის ბრჭყალები და ყოველ მის სტროფში მხილდება სიტყვის დიდოსტატის თავმოთნეობა და გამბედაობა.
შეუდარებელია სამკაულების მრავალფერობა მისი სიტყვის ხატიანობისა, ფაქიზია და რხეული მისი ლექსის ინსტრუმენტი. ძლიერია, გულწრფელი და ღრმად ვოკალური ტემბრი მისი სიტყვიერი მუსიკისა. გურამიშვილის სტრიქონებში მჟღავნდება სილბო და სინაზე რუსთველის ლექსის სადარი, ხმოვანება და ძლიერება დარიალის ორწოხების შვავებისა და ლანქერებისა.
იგი შეუდარებელი პეიზაჟისტია, ეპიურ პანოების დიდოსტატი, მისი ისტორიზმი საოცარი სიცხოველითა და მარკანტული ნიშატებით აღსავსეა.
ამ მიდამოებში გავლილ ქართველ კაცს, არ შეიძლება არ მოაგონდეს მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს უდიდესი პოეტი, რომელიც უცხო და უჩინარ მიწაში დაიმარხა დაუტირები.


