პატარა ბიძინა საბავშვო ბაღში დედას დაჰყავდა. როცა დილით სამსახურში წავიდოდა, თან წაიყვანდა, მასწავლებელს ჩააბარებდა და თვითონ თავის გზას გაუდგებოდა. დღის ბოლოს გამოუვლიდა, და დედა-შვილი შინ ერთად ბრუნდებოდა.
ერთხელ ბიძინას დედას სამსახურიდან ბაღში გამოვლა დააგვიანდა. ბიძინას ტოლები დაიშალნენ: ზოგს მშობლებმა მოაკითხეს, ზოგს დამლაგებელი ქალები გააყოლეს. შეწუხდა ბიძინა. სულ ეზოს კართან ტრიალებდა ბაღში, ხან ქუჩაშიც კი გაიხედავდა, დედა ხომ არ მოდისო.
ბოლოს, როცა ლოდინი მოსწყინდა, იფიქრა:
- მოდი, მარტო წავალ... დედა იქნებ შინ არისო.
ბიძინამ კარგად იცოდა, რომ მარტო სიარული ქუჩაში ბავშვებს აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ მარტო წასვლის ფიქრი მაინც დაებადა; გარდა იმისა, რომ ლოდინი მობეზრდა, ბიძინა თამამი ბავშვიც იყო, თავის სახლამდე გზა კარგად იცოდა.
ერთხელ კიდევ გაიხედა ქუჩაში. მერე უკან მოიხედა.
- ვერც ვერავინ გამიგებსო, - გადაწყვიტა გუნებაში და მეორედ არც დაფიქრებულა, ისე გაჰყვა ჩამავალ ქუჩას, გაბედულად.
ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორ უნდა ევლო: დიდ სახლთან მარჯვნივ უნდა გადაეხვია, ერთი მოკლე ქუჩა გაევლო, ქუჩის ბოლოში დიდი ქუჩა გადიოდა, ეს დიდი ქუჩა უნდა გადაეჭრა, მეორე მხარეს გადასულიყო და იქ სახლი იდგა.
უხაროდა ბიძინას, რომ ქალაქის ქუჩები ასე კარგად იცოდა. ბეჯითად მიდიოდა. არაფრის შიში არ ჰქონდა.
აი, ის დიდი ქუჩაც გამოჩნდა.
ბიძინა შედგა. ქუჩაში შეუწყვეტელი მოძრაობა იყო და ისეთი ხმაური იდგა, რომ ქუჩის გადაჭრა ძნელ საქმედ მოეჩვენა. წამდაუწუმ მიმოქროდა მანქანები, მიმოდიოდა ტრამვაი. ზოგი სტვენდა, ზოგი რეკდა, ყურთასმენა არ იყო.
იდგა ქუჩის პირას ბიძინა და ჯავრობდა, რომ გზა გადაჭრილი ჰქონდა.
რა ქნას? უკან დაბრუნდეს?
სწორედ ამ დროს ქუჩის მეორე მხარეს თვალი მოჰკრა დედას. იგი მისკენ გამორბოდა. შორიდანვე დაინახა ბიძინამ, რომ დედამისი შეშინებული იყო.
- დედა! დედა! ნუ გეშინია, აქა ვარ! - შესძახა ხმამაღლა. დედა უკვე შუა ქუჩამდე იყო მოსული, რომ უცებ, ტრამვაიმ გაირახრახა და ბიძინასა და დედას შუა დადგა. რაკი დედა ვეღარ დაინახა, ბიძინამ შეჰკივლა:
- სად ხარ, დედა? - და მისკენ მისაშველებლად გაქანდა. ამ დროს ზარმა ჩაიწკრიალა და ტრამვაიმაც ჩაიარა. დედა ბიძინასთან გაჩნდა.
- შვილო! შვილო! რატომ არ დამელოდე! მასწავლებლის დაუკითხავად წამოსულხარ, თორემ მარტოს არ გამოგიშვებდა; - მოფერებასთან ერთად გაუწყრა კიდეც დედა ბიძინას, ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა.
- მე რომ დაგინახე, ის ტრამვაი წინ დაგიდგა და არ მიშვებდა, უნდა მოგშველებოდი, დედა, და შენსკენ გამოვიქეცი... აი, აქა ვარ... ახლა ნუ გეშინია! - ასე უთხრა ბიძინამ დედას და ვაჟკაცურად შეხედა თვალებში.
- კარგი ვაჟკაცი მეზრდები, შვილო... მაგრამ მაინც უნდა გაგიწყრე: მეორეჯერ ბაღიდან მარტო წამოსვლა არ გაბედო, ჯერ კიდევ პატარა ხარ... ქუჩა კი დიდია!..


