მთარგმნელი: მამია ასათიანი
მოხუცი ხანაშე ცუგბა ფაცხის წინ, ეზოში იჯდა. მაღალი ალვის ხის ჩრდილი აგრილებდა მის ნაოჭიან შუბლს. მუხლებზე დამბალი ტყავის ნაჭერი ედო და თავის ერთადერთ შვილს - თემირს ქალამანს უკერავდა.
მოულოდნელად წამოვარდა ძაღლი და ყეფა დაიწყო. მოხუცმა თავი ასწია და უცნობ ახალგაზრდა კაცს მოჰკრა თვალი, რომელიც მთელი ძალით მორბოდა, მან ჭიშკრამდე ვერ მიაღწია, მესერს გადმოევლო და ეზოში აღმოჩნდა. ეტყობოდა, მეტად დაღლილი იყო. ჭაბუკმა მოხუცთან მიირბინა და დამტვრეული აფხაზურით ხვეწნა დაუწყო, დამმალეო. მისმა კილომ მოხუცს აფიქრებინა, რომ მოსული ჩერქეზი უნდა ყოფილიყო.
- მდევარი მომდევს, - ქლოშინით თქვა ჭაბუკმა. - მიხსენი, მოხუცო, დამმალე, თუ დამინახეს, მომკლავენ.
- სახლში შედი, სახლში! - უცებ წაილაპარაკა ხანაშემ და ახალგაზრდა ფაცხაში შეიყვანა. მან კედელზე კიბე მიადგა და სტუმარს თავანზე მიუთითა.
- აცოცდი, შვილო, იქ მატყლის გროვაა და დაწექი, მშვიდად იყავი, არ შეშინდე, უშიშარ ადგილზე ხარ.
- დარდი აშოროს შენ მოხუცებულობას, მადლობის ნაცვლად წაიბუტბუტა ახალგაზრდამ და საჩქაროდ აძვრა თავანზე.
მოხუცი გარეთ გავიდა, გაიხედ-გამოიხედა და რაკი დარწმუნდა აღარავინ ჩანდა, უკან ფაცხაში შემობრუნდა და ქვევიდან შეეკითხა:
- არ შეშინდე, შვილო, არავინ ჩანს, ალბათ არავის შეუხედნია შენთვის, როცა ჩემს ეზოში გადმოხტი. ისე კი მითხარი, რატომ გდევნიან და ვინ არის შენი მდევარი. რა დააშავე, რომ მოკვლას გიპირებენ?
- კაცი შემომაკვდა, მისი მეგობრები დამედევნენ, შური უნდათ იძიონ.
- რისთვის მოკალი კაცი?
- შეურაცხყოფა მომაყენა, დოღის დროს ჩემს ცხენს მათრახი გადაუჭირა.
- ვინ არის მოკლული, სახელი არ იცი?
- არ ვიცი, მე ხომ თქვენს სოფელში პირველადა ვარ.
ამ დროს ძაღლმა გაბმით დაიწყო ყეფა და ორივენი გაჩუმდნენ.
- ჩუმად, მე წავალ, დავათვალიერებ, - წყნარად თქვა მოხუცმა და ეზოში გავიდა.
შორს, გორაკის წვერზე რამდენიმე კაცი გამოჩნდა. უკან ხალხი მოსდევდა. მოხუცმა, მზისთვის თვალი რომ აერიდებინა, შუბლზე ხელი მიიფარა და იქით გაიხედა. ახლა აშკარად ჩანდა, რომ ისინი მისი სახლისაკენ მოდიოდნენ. ხალხი ნელა, მძიმე ნაბიჯით მოძრაობდა. რამდენადაც მის ფაცხას უახლოვდებოდნენ, ხალხის რაოდენობაც იზრდებოდა.
- ესენი, ალბათ, ამისათვის მოდიან, მკვლელს ეძებენ, გაიფიქრა მან და მთელი ძალ-ღონე მოიკრიფა, რათა დაეცვა სტუმარი. მაგრამ ეს რა არი?! ორიოდე კაცი წინ წამოვიდა, ხალხს გამოეყო, დაწინაურდა, ეზოს ჭიშკარი გამოაღეს და შიგნით შემოვიდნენ. თან ხალხი შემოჰყვა. ეზო აივსო. ახლა მოხუცმა ნათლად დაინახა, რომ მათ ხელით რაღაც ნაბადში შეხვეული მოჰქონდათ.
მოხუცი ადგილზე გაშეშდა. ნაბადს დააჩერდა თუ არა, ისე შეირხა, თითქოს მის მოხუც გულს ხანჯალი მოხვედროდეს სასიკვდილოდ. ხალხს თეთრწვერა მოხუცი აშვიუ აბიდჟი გამოეყო. აშვიუ მისი ტოლი კაცი იყო და ოჯახის ძველი მეგობარი. მან მოკრძალებით, ნაღვლიანად შეხედა მას და წყნარად თქვა:
- ძალა მოიკრიბე, ხანაშე! გამაგრდი, დღეს შენ დიდი და ძლიერი მწუხარება დაგატყდა თავზე. მაგრამ განა ამ ქვეყნად არის ისეთი ძალა, რომელიც დროს არ შეენელებინოს და დაესუსტებინოს, თვითონ შენ გისწავლებია ჩვენთვის: „ძლიერი ხასიათის კაცი დიდ ჭირს აიტანს, დიდ მწუხარებას გაუძლებსო“, დღეს კაცთსაძულველმა ჩერქეზმა შენი თემირი მოჰკლა! მოხუცს მუხლი მოეკვეთა. მან კანკალით წაივლო გულზე ხელი და წაიქცეოდა კიდეც, რომ ხალხს არ დაეჭირა. ქალების წივილ-კივილმა ეზო ააფორიაქა.
ორი დღე-ღამე ესვენა ხის ლოგინზე შვილის გაციებული ცხედარი. სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე ავიდა მოხუცი თავანზე. აკანკალებული ხელით და ნაღვლიანი სახით მიჰქონდა ახალგაზრდა ჭაბუკთან ულუფა.
მესამე დღეს დაასაფლავეს თუ არა თე“ მირი, მისი მეგობრები მოხუცთან ერთად დაბრუნდნენ ეზოში. შუაღამემდე ისხდნენ ისინი მოხუცთან... შემდეგ კი გულმოკლული კაცი მარტო რომ მოესვენებინათ, გამოემშვიდობნენ.
- ჩვენ ვიცით, თქვა ერთმა მათგანმა, თემირის ტოლმა და ყველაზე საყვარელმა მეგობარმა. - ყველანი ერთად ვერ შეგიცვლით შენს თემირს, შენს შვილს, მაგრამ ჩვენ შენთან ერთად გავიზიარებთ ამ საერთო მწუხარებას. ყოველდღე შენთან მოვალთ, თითქოს თემირი ცოცხალი გვყავდეს, ყველანი მოგეხმარებით, ყველანი მოგეფერებით. მისი სიტყვები ახლა საზეიმოდ და მტკიცედ ისმოდა ეზოში.
- სიტყვას გაძლევთ, - დაუმატა მეორემ, - რომ შურს ვიძიებთ. მართალია, მოხერხებულად დაიმალა ის ჩერქეზი, თვალდახელშუა გაგვიძვრა ტყეში, შეიძლება სადღაც სულ ახლოს არის, ალბათ, ვიღაცა მალავს კიდეც, მაგრამ მალე მოვძებნით მას, მალე გაიგებ, მოხუცო, მის სიკვდილს. ესცნობა, ალბათ, მცირედ მაინც შეგიმსუბუქებს მწუხარებას და დაგამშვიდებს. ამ სიტყვების მემდეგ თემირის მეგობრები წავიდნენ.
მოხუცი მარტო დარჩა. ნაღველით სავსე თვალები მოავლო გარემოს. ხომ არავინ არის ახლომახლოო, გაიფიქრა, მერე მივიდა, ხურჯინი ჩამოიღო, მსუყე საჭმელით აავსო, კიბე თავანზე მიდგა და ჩერქეზ ჭაბუკს დაუძახა:
- ჩამობრძანდი, სტუმარო, ჩამობრძანდი. აქ აღარავინ არის, ყველანი წავიდნენ. როცა სტუმარი კიბეზე ჩამოცოცდა, მოხუცმა ათრთოლებული ხელით გაუწოდა ხურჯინი.
- წაიღე, - უთხრა მან. - აქ ორი დღის საგზალი დევს. სახლისაკენ იჩქარე, შვილო, ტყით ახლოსაა გადასასვლელი. ახლა ბნელი ღამეებია, ვერავინ დაგინახავს.
ნელა დახარა თავი სტუმარმა, ნელა მიიტანა ტუჩებთან მოხუცის ჩოხის კალთა, მოკრძალებით ეამბორა მას, სიტყვის უთქმელად გავიდა ფაცხიდან და სიბნელეში გაქრა.


