კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ნოემბერი 2026 11:16

 

ნაწილი 1

 

ვინ იცის, რამდენი ხანია, რაც ღამღამობით საოცარი ხმები ესმით პრანჭია ფისოს, გალიაში გამომწყვდეულ გულყვითელა ჩიტუნიას და აკვარიუმში მოსრიალე ოქროს თევზებს. დღემდე ვერავინ მიმხვდარა, რომელ სულიერს ეკუთვნის ეს ხმა, დღემდე ყველა გაოცებული და განცვიფრებულია. ჰკითხეთ, თუ გნებავთ, ფისოს; იგი დაფიქრდება, ცალ ყურს ასწევს, დასწევს და შემკრთალი კნავილით ჩაგჩურჩულებთ, რომ შუაღამისას, როცა სახლის პატრონები ღრმა ძილს მიეცემიან, ოთახის კუთხეში, კარადის ქვეშ, ვიღაც დაიკვნესებს, თითქოს გულსაც თან ამოაყოლებს; მერე მიჩუმდება და მომავალ შუაღამემდე ასე ჩუმადაა.

არა, ეს ხმა თაგვისა არ არის, არც მეზობლის ხვადი კატისაა, არც - ადამიანის; ფისოს ეს არ შეეშლება, მაგრამ ახლა ისიც კი არ იცის ფისომ, ვისია ეს ხმა, სულიერის თუ უსულოს.

გალიაში გამომწყვდეული გულყვითელა ჩიტუნა სხვა აზრისა გახლავთ: მას უცნაური ხმა, კვნესას კი არა, უფრო ამოოხვრას აგონებს. ოქროს თევზებიც ამავე აზრს იზიარებენ, თუმცა უმატებენ: ხანდახან ტირილიც გვესმისო.

ასეა თუ ისე, საქმე საიდუმლოებითაა მოცული და ყოველ ღამით ტკბილად მთვლემარე ფისოს გული გადაუტრიალდება ხოლმე იმ უცნაური კვნესისა თუ ამოოხვრისაგან. ოქროს თევზები კი დაფრთხებიან და აკვარიუმის წყალმცენარეებში შერგავენ თავებს.

და აი, დღეს ფისომ, როგორც იქნა, გაბედა - შიში ცნობისმოყვარეობამ დასძლია და გადაწყვიტა გაეგო, ვინ ოხრავდა და კვნესოდა ასე გულისმომკვლელად კარადის ქვეშ.

ფისო უფრო იმან გაათამამა, რომ პატრონებს ჯერ არ ეძინათ, მეზობელ ოთახში შეკეტილიყვნენ და ბაასობდნენ. ამას გარდა, ფანჯარას სავსე მთვარე მოსდგომოდა და ის კუთხე, სადაც კარადა იდგა, განათებული იყო.

ფისომ ჯერ ოქროს თევზები დააღვიძა, მერე კედელზე ჩამოკიდებულ გალიაში ჩიტუნას შეჰკნავლა ჩუმად და თავისი განზრახვა გაანდო. როცა ყველასგან თანხმობა მიიღო და ამ გმირული გადაწყვეტილების გამო ქების სიტყვებიც მოისმინა, ფისო უფრო გამხნევდა, იატაკზე გაწვა, გაილურსა და კუდის მრავლისმეტყველი ქნევით უხმაუროდ გაცოცდა კარადისაკენ. მალე კარადის ქვეშ შეიმალა და ოქროსფერი თევზებისა და გულყვითელა ჩიტის მზერა გაიყოლია.

სწორედ შუაღამე იყო მოახლოებული და ფისოს ნახევარი გზაც არ ჰქონდა გავლილი კარადის ქვეშ, რომ უეცრად გულისგამგმირავი კვნესა მოისმა. ფისო შეკრთა, ადგილზე გაშეშდა; ცოტას გაწყდა, კინაღამ უკან არ გამოცუნცულდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ კვლავ სძლია შიშს, ფისომ თვალები ქარვის ბურთებივით დაიმრგვალა, დაკვესა და ბნელ კუთხეში დაინახა დამტვერილი, კანაქერცლილი, ლოყებჩავარდნილი რეზინის ფერადი ბურთი, რომელიც ლურჯად და წითლად იყო შეღებილი. ფისოს მოეჩვენა, რომ ბურთს ორი დიდი თვალი ჰქონდა: ერთი - ჩალურჯებული და დაბრმავებული, მეორე - დაწითლებული და ცრემლით ამოვსებული.

ფისომ უფრო დაკვესა თავისი ყვითელი, ელვარე თვალები და გულდასმით მოათვალიერა კარადისქვეშეთი. არა, ამ საწყალი, დაჩაჩანაკებული ბურთის გარდა, აქ არავინ იყო.

„ნუთუ, ეს ბურთი კვნესის?“ - გაიოცა გულში ფისომ და თავისი ეჭვი რომ შეემოწმებინა, რიხიანად იკითხა:

ვინ არის აქ, ყოველ ღამე რომ კვნესის და ძილს გვიფრთხობს? სიჩუმე ჩამოვარდა. ფისოს რიხიანი შეკითხვა ჩიტუნასა და ოქროს თევზებსაც მოესმათ და ისინიც სულგანაბულნი ელოდნენ პასუხს.

- ვინ არის-მეთქი აქ, ხმა ამოიღოს! - სიჩუმემ გააანჩხლა ფისო, - თუ არ უნდა, რომ ჩემი ბრჭყალებით გვერდები დავუფატრო!

გვერდების დასაფატრავად ფისო, რა თქმა უნდა, რეზინის ფერად ბურთს იმეტებდა, სხვა იქ არავინ იყო.

უეცრად, ყველასდა გასაოცრად, მოისმა სუსტი, აკანკალებული ხმა. რა გინდა ჩემგან, ფისო, რას მემართლები?

მოულოდნელობისაგან ფისო ადგილზე შეხტა, აიფხორა, შიშისგან ბეწვი აებურძგლა და სასწრაფოდ უკან დაიხია.

- ეს... ეს... შენა ხარ?.. შენ ლაპარაკობ?

- მე ვარ, - ამოიოხრა ბურთმა, - მაგრამ ჩემს ყოფნას განა ყოფნა ჰქვია?

ფისო ოდნავ დამშვიდდა - რაც უნდა იყოს, ბურთი ადამიანურად ესაუბრებოდა, აქ არაფერი იყო საშიში.

- რა დაგემართა, არ იტყვი? - ჰკითხა ფისომ.

- ეჰ, ჩემო ფისუნია, ჩემი გაჭირვება რომ გაგანდო, თვითონ გაგიჭირდება!

- რა მოხდა ასეთი, დაჩუტული ხარ?

დაჩუტვა რა სათქმელია, დაჩუტვა ყველა კარგი ბურთის ხვედრია ბოლოს!

- მაშ?

- უბედურება მეწვია, ჩემო ფისუნია, ჩემს მწუხარებას ქვეყნად ვერც ერთი ბურთი ვერ აიტანდა... მე ის ბურთი ვარ, რომელსაც ბიჭი დაეკარგა.

- შენ დაგეკარგა ბიჭი?! - წამოიძახა გაკვირვებულმა ფისომ.

- ჰო, დავკარგე ჩემი ბიჭი, ჩემი საყვარელი პატრონი! - ჩაწითლებულ თვალზე ცრემლი მოერია ბურთს.

- მე გამიგია, რომ ბიჭები თვითონ კარგავენ ბურთს! - შენიშნა ფისომ. მართალს ბრძანებ, ფისუნია, მეც ხშირად დავუკარგივარ ჩემს ბიჭს, მთელ ეზოს გადაატრიალებდა და თავზეც რომ დასთენებოდა, მაინც მიპოვიდა ხოლმე. ახლა კი მე თვითონ დავკარგე ბიჭი

ვხედავ, გიმძიმს მოგონება, - ჩაურთო ცნობისმოყვარე ფისომ, - მაგრამ გთხოვ, დაწვრილებით მიამბო ყველაფერი; გულსაც გადააყოლებ. ბურთმა ერთი ამოისლუკუნა და სალაპარაკოდ მოემზადა. გალიაში გამომწყვდეულმა ჩიტუნამ სული განაბა, კინაღამ გული წაუვიდა, ისე შეიკრა სუნთქვა. ოქროს თევზები კი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ და ლაყუჩები დაბერეს, რომ უფრო კარგად მოესმინათ ყველაფერი.

ეს მოხდა გაზაფხულის ერთ მზიან დღეს, - დაიწყო ბურთმა, - მე მაღაზიის ვიტრინაში ვიყავი გამოფენილი და გამვლელ-გამომვლელს თვალს ვტაცებდი, წითელ-ლურჯად მიღვიოდა პრიალა ლოყები. ვერც ერთი ბიჭუნა და ვერც ერთი გოგონა ვერ უძლებდა ჩემს მომხიბვლელობას და მშობლებს მაღაზიის კარისკენ ეწეოდნენ. ცხელი, დახუთული დღე იყო, ოფლად ვიღვრებოდი. ხანდახან ჩამთვლემდა და საბავშვო ბაღების მწვანე ეზოები მესიზმრებოდა. ხუთი საათი სრულდებოდა და ის-ის იყო, უნდა დაეკეტათ მაღაზია, რომ უეცრად გამყიდველმა ხელი გადმოყო ვიტრინაში, ამიღო და ერთ გამხდარ ბიჭუნას მიმაჩეჩა ხელში. ბიჭუნას წინდის ჩხირებივით წვრილი ფეხები ჰქონდა, კინაღამ გამეცინა, ამან რა უნდა მათამაშოს-მეთქი. გაიხარა ბიჭუნამ, იქაურობას გადაედო მისი სიხარული, ქუჩაში გამიტანა და ამახტუნ-დამახტუნა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა; ეს იყო ჩემი პირველი ხტუნვა.

 

ნაწილი 2

 

ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ბიჭუნას ძალიან ვუყვარდი, მე კი თავდაპირველად ვეჯიუტებოდი, თამაშობისას ფეხიდან ავეცლებოდი ხოლმე, ბიჭუნა თავს ვერ შეიმაგრებდა და სასაცილოდ გაიშხლართებოდა მიწაზე. ბოლოს დამიმორჩილა, თავი შემაყვარა. მეც თავდავიწყებით შემიყვარდა ჩემი პატრონი; სულ მისკენ მივფრინავდი, ფეხებში ვუგორდებოდი

ჩემი წყალობით ბიჭს წვივები დაუმსხვილდა, სწრაფი სირბილი ისწავლა, დაცემისას აღარ ტიროდა. მახარებდა ეს ამბავი; ვამჩნევდი, რომ სიამაყისაგან ზომაზე მეტად ვიბერებოდი..

ბურთს უეცრად ხმა ჩაუწყდა. ცრემლები ახრჩობდა საწყალს. ფისოს გული აუჩვილა მისმა საცოდაობამ.

- კარგი ახლა, დამშვიდდი! თქვი, როგორ დაკარგე ბიჭი, იქნებ რამე ვიღონოთ!

იმ დღეს... ჩემი უკანასკნელი ხტუნაობის დღეს, - განაგრძო ფერადმა ბურთმა, - დაღამებამდე ვთამაშობდით ეზოში. მეზობელი სახლის ბიჭებს ეჯიბრებოდნენ ჩვენები. გადამწყვეტი მატჩი იყო, რადგან მეორე დღეს ბავშვები სოფლებში მიდიოდნენ არდადეგებზე. არაქათი აღარ მქონდა, დილიდან დავხტოდი და დავქროდი ეზოს ერთი ბოლოდან მეორეში. სული ძლივსღა მედგა. თანაც ჯიბრზე, მიწიდან თავამოყოფილ ერთსა და იმავე წვეტიან ქვას ვეხეთქებოდი წამდაუწუმ. ბოლოს სულ გაიცრიცა ჩემი კანი და ოდნავ დავიჩუტე კიდეც. თამაშით გატაცებულ ბავშვებს ეს არ შეუმჩნევიათ, მაგრამ მე ვატყობდი, რომ ძველებური მოქნილობითა და სიმსუბუქით ვეღარ დავხტოდი. მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, ანგარიში საყაიმო იყო - 19:19. სწორედ ამ დროს გამიტაცა ჩემმა საყვარელმა ბიჭმა, ყველა მოატყუა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და მოხდენილად დამარტყა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ტყვიასავით გავფრენილიყავი და მეოცეჯერ შევვარდნილიყავი მეტოქის ქარში, მიწაზე ძლივს წავფხოკიალდი და მოწინააღმდეგის მეკარემ ადვილად ჩამიგდო ხელში. „ფუჰ, დაჩუტულა“, ხელი ჩაიქნია ჩემმა ბიჭმა, მოძულებულივით ამიღო და თავის აივანზე ამისროლა. სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი, სად დავმალულიყავი. იმდენი ვიტირე, გული წამივიდა და გონება დავკარგე... როცა გონს მოვედი, აქ აღმოვჩნდი, ამ კარადის ქვეშ, სადაც ახლა მხედავ... მას შემდეგ ჩემი ბიჭი თვალით აღარ მინახავს! - ბურთი გაჩუმდა, თვალები ძირს დახარა, მხოლოდ მისი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. - ერთხელაც არ მოსულა? - წამოიკნავლა ფისომ.

არა, უკვე მესამე წელი სრულდება!

- რა ერქვა?

- თენგოს ეძახდნენ... აი, ნახე, მგონი ზედ დამაწერა თავისი სახელი. ფისომ კითხვა არ იცოდა, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნილიყო, ბურთს სასწრაფოდ დაუდასტურა:

ჰო, აწერია, და ვითომ დამარცვლით წაიკითხა, - „თენ-გო“, - თუმცა თვით ქართული ენის მასწავლებელიც ვერაფერს ამოიკითხავდა ბურთზე, დროთა განმავლობაში ისე გაცრეცილიყო და წაშლილიყო ყველა ასო.

- კეთილო ფისუნია, - მიმართა ბურთმა, - შენ ხომ არ იცნობდი თენგოს?

არა, მე მხოლოდ სამი თვეა, რაც დავიბადე! - უპასუხა ფისომ და უეცრად მოაგონდა, რომ ამ სახელისათვის სადღაც მოეკრა ყური, თავს ძალა დაატანა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა.

- კარგო ფისუნია, - განაგრძო ბურთმა, - ამ ჯურღმულიდან მე ვერაფერს ვხედავ, იქნებ სადმე აქ ცხოვრობს ჩემი ბიჭი?! გაისარჯე, გამაგორე შუა ოთახში, გთხოვ, გემუდარები!..

ახლა ყველას სძინავს, - თქვა ფისომ და დაამთქნარა, - მეც მეძინება. ხვალ, როცა ბავშვები გამოვლენ სათამაშოდ, ეზოში ჩაგაგორებ, ვნახოთ, ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობენ, იქნებ მართლაც ვიპოვოთ შენი ბიჭი.

ასე დამთავრდა იმღამინდელი საუბარი. მეორე დღეს კი, როცა ფისუნიამ დერეფნის კარი ღია მოიხელთა, ბურთი ოთახიდან გამოაგორა და

კიბეზე გადაუშვა, თვითონაც უკან დაედევნა.

თამაშ-თამაშით ფისომ ბურთი შუა ეზოში გამოიტანა. კაშკაშა მზემ თვალები დაუბნელა რეზინის ბურთს, დიდხანს იყო ასე თვალდახუჭული. მერე თანდათან შეეჩვია სინათლეს და უეცრად დაინახა მწვანე ნარგავებით გარშემორტყმული ეზო, მრავალსართულიანი, ლამაზი შენობა, მოასფალტებული ქუჩა და კოხტად შეღებილი ელექტრობოძები.

„როგორ გამოცვლილა ყველაფერი, ძლივს ვიცანი ჩვენი ეზო“, - გაიფიქრა ბურთმა.

ეზოში პატარები დაჭერობანას თამაშობდნენ, მოზრდილები - ფეხბურთს. და უეცრად რეზინის ბურთმა თვალი მოჰკრა ნაცნობ ფეხებს, სიხარულისაგან გული გადაუტრიალდა. მერე მაღლა აიხედა და დარწმუნდა, ნამდვილად ის იყო. მაგრამ როგორ გაზრდილა, როგორ გაფართოებია ბეჭები, დამსხვილებია კუნთები. ახლა ნამდვილი ბუცები აცვია, რეზინის სამუხლეები უკეთია და... ნამდვილი ბურთით თამაშობს, მძიმე, ყავისფერი ტყავის ბურთით, რომელსაც კედელზე ისეთი ბათქაბუთქი გაუდის, ზარბაზნის გასროლა გეგონება. ო, რა ოსტატურად უსწავლია თამაში თენგოს, რა ლამაზად დაატარებს ტყავის ბურთს. ახლა, ალბათ, ეს ბურთი უყვარს, როგორც რეზინის ბურთი უყვარდა წინათ. ეჰ, გულდასაწყვეტია, მაგრამ ხომ ნახა თავისი ბიჭი, ხომ იპოვა, ბოლოს და ბოლოს - ჯანმრთელი, გაზრდილი და გალამაზებული.

ამ ფიქრებში იყო რეზინის ფერადი ბურთი, რომ უეცრად თენგომ ტყავის ბურთი გამოიტაცა და ისარივით მისკენ გამოქანდა. სწრაფად ახლოვდებოდა ბიჭი და რეზინის ბურთსაც თანდათან ემატებოდა გულისძგერა; აი, სადაცაა დაინახავს თენგო და იცნობს, გულში ჩაიკრავს, იქნებ დაკოცნოს კიდეც ამდენი ხნის უნახავი მეგობარი.

მაგრამ თენგო თავის ახალ ბურთს მოაგორებდა და მაღლა არ იხედებოდა. უეცრად ბიჭი რეზინის ბურთს წამოედო და ფეხები აებლანდა. ტყავის ბურთი კი მოწინააღმდეგემ ჩაიგდო. თენგო გაწითლდა, გაბრაზდა.

- ვისია ეს ბურთი! - წამოიყვირა მან, გამოქანდა და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მარჯვენა ფეხი ამოარტყა რეზინის ფერად ბურთს. ოო, ასეთი საშინელი, ყუმბარისებური დარტყმა არასოდეს უგემნია რეზინის ბურთს. საყვარელი ბიჭის ფეხის შეხებამ ერთდროულად უდიდესი სიხარული და უდიდესი ტკივილი აგრძნობინა საწყალს.

„ვერ მიცნო, - ფიქრობდა რეზინის ბურთი და ჰაერში მიფრინავდა,

ვერ მიცნო... მაგრამ ხედავ, როგორ გაღონიერებულა! ასე მაღლა მე ჯერ არასოდეს ავფრენილვარ ჰაერში, ლამის თავბრუ დამეხვიოს...“ რეზინის ბურთი იქ დავარდა, სადაც პატარა ბიჭუნები დაჭერობანას თამაშობდნენ. ბავშვები მაშინვე შემოეხვივნენ უცნობ ბურთს.

- თენგომ გადმოაგდო! - თქვა ერთმა ბიჭუნამ.

თენგო! - დაუძახა მეორემ, რომელსაც წინდის ჩხირივით წვრილი ფეხები ჰქონდა, - ვისია ეს ბურთი?

რეზინის ბურთს გული შეეკუმშა, სუნთქვა შეეკრა თენგოს პასუხის მოლოდინში: „იქნებ მიცნო? იქნებ თქვას, ჩემიაო?"

არ ვიცი, ვისია, - გამოსძახა თენგომ, - შენი იყოს, თუ გინდა! რეზინის ბურთს ეკალივით ჩაესო გულში თენგოს პასუხი, თვალთ დაუბნელდა. როცა გონს მოეგო, წინდის ჩხირებივით წვრილფეხებიანი ბიჭუნა უკვე დაუფლებოდა მას, მოედნის ერთი კუთხიდან მეორეში დააქროლებდა და სიხარულის ყიჟინას სცემდა.

„ვერ მიცნო... ვერ მიცნო... - ეს ორი სიტყვა თავიდან არ სცილდებოდა საწყალ რეზინის ბურთს, - მაგრამ არა უშავს... ახლა ამ პატარა ბიჭუნას გავაღონიერებ, სირბილს ვასწავლი, ფეხებს დავუმსხვილებ... და დღეში ერთხელ მაინც მოვკრავ თვალს ჩემს თენგოს, ჩემს საყვარელ ბიჭს. ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს მიცნოს, არ შეიძლება, არ იცნოს ძველი მეგობარი, არაფრით არ შეიძლება!“ - ფიქრობდა რეზინის ფერადი ბურთი და პატარა ბიჭუნას სუსტ ფეხებს ეალერსებოდა.

ამ დროს კი ფისუნია, თითქოს ძაღლი მისდევსო, სწრაფად არბოდა კიბეზე, მას ახალი ამბავი მიჰქონდა ოქროს თევზებთან და გულყვითელა ჩიტუნიასთან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen