იყო და არა იყო რა, იყო ერთი მზეთუნახავი ქალი. ობოლი დარჩენილიყო და ძიძა ზრდიდა. სთხოვა ქალმა ძიძას:
გამიშვი შინიდან, ბედს მინდა ვეწიოო. ძიძამაც არ დაუშალა, პირით აღმოსავლეთის მხარეს დააყენა და დაარიგა, ამ გზას გაჰყევიო.
საღამო რომ დადგა, ქალი უკვე ტრიალ მინდორზე იდგა. გაიხედ-გამოიხედა და პატარა კოშკი დაინახა. უცებ გაიღო კარი და იქიდან მშვენიერი ვაჟი გამოვიდა. ქალი ამასობაში ჩუმად შევიდა კოშკში და დაიმალა. გათენებამ მოაწია თუ არა, დაბრუნდა ვაჟი და უმალვე სარეცელზე დაწვა. გამოვიდა ქალი სამალავიდან, მიირბინა სარეცელთან და რას ხედავს, ვაჟი მკვდარია!
თურმე ეს ვაჟი უფლისწული ყოფილა. ნადირობისას მზეს მშვილდ-ისრით ბოლო, მეცხრე თვალი დაუშავა და მზემ ასე დასაჯა: დღისით მკვდარია, ღამით – ცოცხალი. ცხრა წელიწადია, რაც ამ სატანჯველშია და ადამიანი თვალით არ უნახავს.
შეიტყო თუ არა ქალმა უფლისწულისაგან ეს ამბავი, აევსო გული ტრფობით და სიბრალულით. შეჰფიცა სიყვარული ვაჟს და გადაწყვიტა, უთუოდ უნდა შევძლო მისი შველაო.
მიდის ქალი, თვეობით მიდის, წლობით მიდის, მზის ქვეყანას უნდა მიაღწიოს, მზეს უნდა გამოსთხოვოს ვაჟის მოსარჩენი წამალი!
როგორც იქნა, მივიდა მზის სასახლეში. მზე შინ არ იყო. იქ მზის დედა დაუხვდა. ისიც დედამიწის შვილი იყო. მზის დედას გაუკვირდა, აქ ჩემი შვილის შიშით ადამიანი არ მოსულა, შენ როგორ გაბედე მოსვლაო? შეეცოდა ქალი. შეჰპირდა, მე დაგეხმარებიო და დამალა.
საღამო ჟამს მოვიდა მზეც. დაღლილ-დაქანცულს ლამის ეხუჭებოდა თვალები. დედამ ვახშამი გამოუტანა და თანაც სიტყვა შეაპარა: შვილო, მეტისმეტად ხომ არ დაგისჯია ის ვაჟი, დღისით რომ მკვდარია და ღამით – ცოცხალი; ნუთუ იმისი მოსარჩენი წამალი არ არსებობსო?
- კი, წამალი როგორ არ არის, მაგრამ ვინ მიუტანსო!
- რა არის მაინცო? – იკითხა დედამ.
- ერთი წვეთი ჩემი პირისნაბანი წყლის წასმა და მისი მორჩენა ერთი იქნებაო.
მეორე დილას დედამ წყალი მიუტანა მზეს, პირი დააბანინა. პირისნაბანი იმ სურაშიც ჩაიღვარა, მზის დედას რომ იქვე დაუდგამს!
როცა მზე ადგა და ქვეყნიერებაზე გაემგზავრა, გამოიყვანა ქალი მზის დედამ, მისცა სურა და გამოისტუმრა. წავიდა ქალი, ჩიტივით გაფრინდა. წლის თავზე, გამთენიისას, კოშკს მიაღწია, წაუსვა ვაჟს მზის პირისნაბანი და გააცოცხლა.
მათ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. წაიყვანა ვაჟმა ქალი თავის სამეფოში,იქორწინეს და დიდხანს ცხოვრობდნენ ბედნიერად.


