კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 08:49

 

რადგან ზამთარმა იზამთრა, გაზაფხული დროული და კარგი დადგა. ჩემი სოფელი, დუბე, მთაშია და აქ ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თავთავის ფერადებით მოდიან და მიდიან, თავთავის სამოსელში გამოწყობილები, თავთავისი მარიფათებით ხელდამშვენებულები მოდიან და მიდიან. იქ, ქვემოთ ზღვისპირას, ჩაქვში მაგალითად, სადაც დიდი ნენეი და ბიძაჩემები ცხოვრობენ. წყლის დროთაცვლას ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები, ვერ იგრძნობ. ხიდან ჟვერი არ ცვივა, სულ ყველაფერი მთელ წელს მწვანეა და ზამთარ-ზაფხულის მოსვლა-წასვლას რას გაიგებ იქა?

იმ ზაფხულს, გორაკზე, საყდარს რომ ეძახიან იქ, აჯადი ფიცრული სკოლის აგება დაიწყს. ბაბაი მეტყოდა, აჰა, ეს შკოლა აშენდება, შუქრავ, და შენც შკოლაში მოგიყვან, მედრესეც იქვე ახლოა. იარე და ისტავლე, იარე და ისტავლე. ერთად ორივეო… მაშინ ხოჯა ხოჯობდა, ჯამე-მედრესც გაზუზუნებული იყო მლოცველობით, ჯერ სკოლისთვის ფიჭვის მორებს მხოლოდ ხერხავდნენ. მამაჩემი და ზაალის მამა, რიზალი, ხიზარივით ხერხავდნენ. ზევიდან მამაჩემი დგებოდა, ქვეშ - რიზალი. ძალიან მეგინოდა, იმოდენა ხერხის ახორხიალებ-ჩამოხორხიალებისას მამაჩემი არ გადმოვარდნილიყო. მეც თან ვახლდი ხშირად და იქვე, ნახერხაში ვბურგალობდი.

- ბაბი, რატომ ქვია ამას საყდარი? - შევაშტერდი ქვემოდან, ნახერხაში ამოგონგლილი.

- ახლა მაგის ვახტი მაქ, შუქრავ? - ჩამომძახა და თანაც შევნიშნე, ცხვირის წვერიდან და შუბლიდან ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. ხიზარი ფიცრის აღმა-დაღმა სახერხად სახმარ ხერხს ჰქვია ჩვენში. მამა მორზე ზემოდან რომ იდგა, ხიზრის კბილები მისკენ იყო მიქცეული. მორზე, რამდენი ფიცარი უნდა გამოხერხილიყო, იმდენი ჩილფით დარტყმული ხაზი ჩანდა წითლად. ძაფი ღაზლის უნდა ყოფილიყო, რომ წარნაქის (თიხის) საღებავი შევრი შეესვა.

ის ერთი ხაზი რომ ჩახერხეს და ბოლოში ჩააღწიეს, მეორეზე რამდენიმეჯერ ჩამოუსვეს, ხიზარი შიგ ჩატოვეს და მამა ძირს ჩამოხტა დასასვენებლად.

- საყდარზე გინდათ, ბაბი, ხომ? - მკითხა უცებ. წიაპა ზაალის მამას მიუბრუნდ. - რიზალავ, ჭო, გახსოვს, ამ კოჟორაზე რომ ძველი საყდრის ქვები ეყარა და ბაღნები სათამაშოდ ამოვძვრებოდით ხანდახან?

- მე არა, ალიავ. მე შენზე უმცროსი რომ ვარ, გავიწყდება შენ.

- ჰო, შენ ბაღვი ხარ, კი… - ერთგვარი მობოდიშებით დაუდასტურა მამაჩემმა და იქ, რიზალის თანდასწრებით მიამბო, მაშინ ჩემთვის ძნელად გასაგები ამბავი.

- ჩვენ, ბავშვები, აქ საყდარში რომ ამოვძვრებოდითო, - ამბობდა მამაჩემი - ძველი საყდრის ჩამონანგრევ ქვებში ჩამჯდარი დედაბერი დაგვხვდებოდაო.

ის დედაბერი, ამბობდნენ, ასოცდათორმეტი წლისა ყოფილა. ძველი ჩვენი რწმენა, ქრისტიანობა, ბოლომდე შემოუნახავს, არ გამულისმანებულა. თურქებს და გამუსლიმანებულ ადგილობრივთ ამ საწყალი დედაბრისათვის ყურადღება არ მიუქცევია. აღარაფრად ჩაუთვლიათ, იგი ნიჟარაძეთა დიდნენეი იყო, ნიჟარაძეები ხინოდან გადმოსულნი არიანო, იტყოდნენ.

ხინოში კი დიდი ეკლესია ყოფილა ძველად. ჩვენ რომ სუყველაი ქრისტიანები ვიყავით მაშინ და იქიდან ალბათ მაგარი რწმენა წამოყოლია იმ დედაბერს.

დახავსებული, დახვეული, დამურგული, ბოხჩასვით გამოკოჭილი დედაბერი იყო.

თვალშიც აღარ უჩანდა, ყურშიც აღარ ეყურებოდა. ეტყობოდა, მარტოდმარტო, ხელისცეცებით, შეჩვეული გზაბაწრით ახოხდებოდა საყრამდე, მონახავდა იმ ძველი საყდრის მოფანტულად შემორჩენილ რამდენიმე ქვას, თვითოეულ მათგანს ხელს მოუსვამდა, მოეფერებოდა, პირჯვარს გადაიწერდა და რაღაც ლოცვების ჩურჩულით იმ ქვათა შორის ჩაჯდებოდა.

თვით საყდარი კი კაიხნის შინათ, აქაურობის დაპყრობისთანავე, რწმენაშეცვლილ აქაურთ დამპყრობელთა თავგამოდებული, ერთგული დახმარებით, ნებაყოფლობით დაუშლ-დაუნგრევიათ და ჩვენი ძველების ხელით გაწიწკინებულ-გაპატიოსნებული ქვები ამ გორის ძირში ჩაუზიდიათ, ჯამედრესის ასაგებად რომ ეხმარათ, ა, გადახედე, რიზალავ, ჯამეზე წელქვეშაი ხომ სულ გათლილი ქვითაა (წელზელაია მარტო ხისა)? ჰოდა, ის ქვა ამ საყდრის კედლებში ეწყო თავის დროზე.

ის, ნიჟარაძის დედაბერი, თავისთავს ელაპარაკებოდა რაღაცეებს. ჩვენი არც ესმოდა და არც ჩვენ გვეტყოდა რამეს. იგი სხვა დროში, სხვა მემლექეთში, სხვა დუნიაში ცხოვრობდა, იქ იყო მისი წმინდა სამყოფი სავანე და სამოთზე, ის იმ დაკარგულ ძველს შესტიროდა, იმისი სჯეროდა, იმას ემსახურებოდა. მარა ერთი კია, მისი ლოცვა-კითხვა ჩვენთვისაც, ბაღნებისთვისაც, გასაგებ ჩვენებურ ენაზე იყო და არა უცხო არაბულზე, როგორც მერე, მუსლიმმა მოგვიტანა.

კარგა დაბნელებამდე, აქ, საყდრის ნანგრევების ხავსმოდებულ ქვებში, დაბობღაობდა ის დედაბერი და ქრისტე-ფეიღამბერს ემსახურებოდა. აქ მაინც საყდარი ეგულებოდა, აქ ეს ალაგი საყდრად სწამდა. ის რამდენიმე ქვა თურმე იმ დედაბრის ხათრით დატოვეს აქა, აღარ წაართვეს, დაუტოვეს. მოუსვას ხელი საყდრის გრილ, ძველ, ხაოიან ქვებსა და ილოცოს მისებურადო.

იქ, დაბლა, კოჟორის ძირას, ახალაშენებულ ჯამეში, ჯუმის სალოცავად მოსული მამაკათა გუგუნი სულ უფრო მატულობდა, ჰოდა, იქ ქალთა ჭაჭანებაც არსად იყო. გასაგებია, ქალი მამაკაცთან ერთად ხომ ვერ ილოცებდა ჯამეში. ქალი ხომ მამაკაცთა შორის ვეღარ გამოაჩენდა სახეს, იგი იმათმა მოტანილმა ჩადრმა დაფარა და დაიფარა. ამ გორას ირგვლივ, ფერდობებზე ძველ მესაყდრეთა მიერ მიმორგული ბზები ჟარჟვალობს ახლაც. გარშემო იყო დარგულ-მოშენებული, მერე კი ჯამეს შერჩა. ჯამეს სულ აღარ ჭირდება ბზა. ბზის შტო მადლის ნიშანი იყო წინა რელიგიობაზე. ლოცვასავით უხმოდ შრიალებდა ქარში, მაგრამ თქმით თითქოს ბევრს ამბობდა. იგი წმინდა მცენარედ, სიცოცხლის ხედ, სულის სანედლედ ითვლებოდა, მერე ეკალ-ბარდი მოედო ბზის ბუჩქებს. დაიჩაგრა, დააღარიბა, დაიპყრო იგი.

ახლა, ამას რომ ვწერ, თვალწინ მიდგას მამაჩემი, ალი, მოკლედ შეკრეჭილი, ჭაღარა წვერით, ძალიან ცოცხალი მოციმციმე თვალებით, დაძარღვული დაბალნული, დანაოჭებული, დაბაყლული კისრით. დაკოჟრილი, დაფხაჭილი ფაშარ-ფაშარი ხელებით და პირში მოუცილებლად გარჭობილი მუშტუკით, რომელშიც სუნოვანი ძიგარა, მატყლის რთვასავით გრიხავდა და გრიხავდა ზეცაში ამავალ, საყდრის ქვებისფერ კვამლს. კი, თვალწინ მიდგას მამაჩემი, ალი, და ახლაც ცხადად მეყურება მისი ბუბუნა, რბილი, ქვაჭორტეში გამოვლილ წყაროსავით მოჩქეფარე ხმა; მისი მაშინდელი სიტყვები ჩემს გონებაში, ახლა ფირზე ჩაწერილივით ხელმეორედ, სუფთად ხმიანდებიან და ამდენ ყალბ, უაზრო, უშნო, უგულო ხმაურს შეჩვეულ ყურებს, რაღაცნაირი ამამაღლებელი, აღმადგენელი, პირველყოფილ სინათლეებადქცეულ ჟღერით მივსებენ.

საყდრის დედაბერი საყდრის ნანგრევებშივე მოკვდაო. იმ დღეს, საღამოზე, შიგ რომ აღარ მოსულა, მოუძებნიათ და ღამით აქ, ქვებს შორის უნახავთ გარდაცვლილი, აქვე დაუმარხავთ, ნასაყდრალზეო. ასე აღუსრულებიათ ანდერძი იმ დედაბრისა.

საყდარი დასტურ გამორჩეულ ადგილზე დაუდგამთ დალოცვილ ჩვენს ძველებს, აქედან მთელი სოფელი - დუბე, გადაღმა-გადმოღმა, ხელისგულივით მოჩანს, თითქოს სწორედ საყდრისათვის გააჩინა ღმერთმა ეს გორა სოფლის შუაგულში. თანაც ისე ამომაღლებული ალაგია, გეგონება, ზეციერთან დასაახლოებლადაა. სიტყვა, ლოცვა, მუდარა რომ ადვილად გააოგნა. არა, არა უნდა განიზრახო კაცმა რელიგიის მოკვლაო, ამბობდა მამაჩემი. მოკვლით მაინც ვერ მოკლავ, საქმე კი სააქაოშიც წაგიხდებაო. რელიგია საიქიოსი, ესე იგი, სიკვდილის სამსახურია, მაგრამ, - იტყოდა მამაჩემი, ალი, - სიკვდილში ხომ უფრო დიდხანს ვართ, ვიდრე სიცოცხლეში?! საიქიოს საქმეებსაც არანაკლები მოვლა-პატივი სჭირია, ვიდრე სიცოცხლისას. მთელი წარსული, კაცთა განაკეთები, და მთელი ისტორია, თითქოს მართლაც საიქიოშიაო, სიკვდილშია, მაგრამ განა იმაზე უფრო ცოცხალი სიცოცხლით რაიმე ცოცხლობს თვითეულ ჩვენთაგანში? ისევ იმ ჩვენი წამებული, მაგრამ წაუქცეველი წარსულის მძლავრმა სიცოცხლემ უნდა აცოცხლოს ეროვნული თავისთავადობის დღევანდელი იმედი და გადაარჩინოს მშობელი ქვეყნის ხვალინდელობაც.

მართალია, ქართული წერა-კითხვა არ ვიციო, - ამბობდა მამაჩემი - მაგრამ, განა ამ მთა-გორების სახელებს რომ ვიმეორებ გულში, იგი ჩვენი ისტორიის წაკითხვას არ ნიშნავსო? აჰა, გახედეთ, ნახეთ, გაიმეორეთ: გადაღმა იმ ხეობის ალაგებს ბერთვენახები ჰქვია, ქვეით ბარში, ზედიზედ არიან: ლიე, შამბაური, გობაი, წილობანი, ჭანჭახი, ხოხობაი, ნაპურვალაი, საძირულაი, საქერქიაი; მერე, ზეით: ლეღვათაი, ნაასლევი, ნაბაკევი, გვიმბირი, ნამინდერევი, ჭერულები, გვანცა, მელიკალო, ბორნალა, საქორიათი, აკეანეთი, ღომაი, ბეთლემი, ჯვარმინდორი… აჰა, ამ სახელთა უბრალო ჩამოთვლა ჩვენი ისტორიის კითხვა არააო?

მე ცალკე მითხრა იმ დღეს მამაჩემმა, - შუქრავ, ერთი რამე იცოდე, შვილო, ამ საყდარსაც, ამ მიწასაც და ამ მიწაზე სახელიან ყოველ ალაგსაც მუდამ პატრონი ყავდა. ახლაც ყავს პატრონი. ამიტომ, თუ იმ ძველს - ქვა იქნება თუ რამე ნატეხი სიძველისა, - უწმინდურ, უნამუსო, ქურდულ ხელს წააკარებ, ის პატრონი ამოხეთქავს მიწას, ამოანგრევს ლოდებს და ძირზე მოგაჭრის მკლავებს… ჰო, ასეა ესაო, მეტყოდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen