კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 10:24

 

ჭანეთი არის გრძელი და ვიწრო ქვეყანა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ იგი გადაჭიმულია ბათუმიდან ტრაპიზონამდე ას სამოცდაათი ვერსის მანძილზე. სიგანე კი შეადგენს ორმოც ვერსს და მომწყვდეულია ჭანეთის ქედსა და შავ ზღვას შუა. ზოგ ადგილზე ეს ქედი ისე უახლოვდება ზღვის ნაპირს, რომ ხმელეთის სიგანე ათი ვერსი ძლივს არის. მართალია ჩვენ ჭანეთის სამხრეთის საზღვრად ტრაპიზონი დავასახელეთ, მაგრამ მოგზაურები ამტკიცებენ, რომ ტრაპიზონის იქით მხარეც ჭანებით არის დასახლებული. მთელს ჭანეთში უნდა ცხოვრობდეს ასი ათასი ჭანი.

უწინ, თამარ მეფის დროს, ეს ქვეყანა ტრაპიზონამდე მთლიანად ძველ საქართველოს ეკუთვნოდა; მაგრამ შემდეგში უფრო ადრე დათმო ქრისტიანობა და მიიღო მაჰმადის სარწმუნოება. ამიტომ ამ ქვეყანაში ახლა უფრო ნაკლებად მოიპოვება ძველი ეკლესიები და ნაკლებად არის შემორჩენილი ქრისტიანული ჩვეულებები. ჭანეთი ახლაც თითქმის სრულიად ოსმალეთის ხელშია; მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი, რომელიც ჭოროხის მარცხენა ნაპირზე და ბათუმის სამხრეთით მდებარეობს, 1878 წელს, ომის დამთავების შემდეგ შემოიერთა რუსეთმა.

ჭანები მეგრელების ძმები არიან. ძველისძველად ჭანები და მეგრელები შეადგენდნენ ერთ ერს და ეჭირათ შავი ზღვის მთელი აღმოსავლეთ სანაპირო და სამხრეთ სანაპიროს ნახევარი. შემდეგში გურულებმა წინ წაიწიეს შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთით, შუაზე გაყვეს მეგრულ-ჭანური ტომი, დასახლდნენ ეხლანდელ საცხოვრებელ ადგილზე და გააცალკევეს დიდი ხნის განმავლობაში ერთად მცხოვრები ძმები.

ჩვენი პატივცემული ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძის აზრით, ახლანდელი გურულები მეგრელები არიან, მხოლოდ დროთა ვითარებით სრულიად გაქართველებულნი. თუმცა ეს მოხდა ძველისძველად და მართალია მეგრელები და ჭანები მას შემდეგ განცალკევებულად ცხოვრობენ, აქამდე ყოველმხრივ ძლიერ გვანან ერთმანეთს: შეხედულებით, ტანსაცმლით, ხასიათით, ნიჭიერებითა და ყოფა-ცხოვრებით. ჭანური ენა იგივე მეგრული ენაა ცოტაოდენი განსხვავებით. ქართული ენა ბევრმა ჭანმა ისევე კარგად იცის, როგორც მეგრელებმა.

ჭანებს უცხოელები ლაზებს, ხოლო მათ ქვეყანას ლაზისტანს, ანუ ლაზეთს ეძახიან. ეს ქვეყანა დაფენილია ჭანეთის ქედის ტოტებით. ამ ტოტებს შუა ჩამოსდევს თორმეტი უფრო მოზრდილი ხეობა, რომელიც მდიდარია მაღალი, მსხვილი ტყით და მრავალფეროვანი მცენარეებით. აქაური ბუნება ძლიერ ხელს უწყობს მცენარეულ საფარს. ნიადაგი ნოყიერია, წვიმა ხშირად მოდის, რადგან ჭანეთის ქედი აღმოსავლეთისაკენ ძნელად უშვებს შავი ზღვის ღრუბლებს და გარშემო იხვევს, რის გამც ჭანეთში ხშირად წვიმს. ჰაერის ტემპერატურაც მაღალია, რადგან თბილი დასავლეთის ქარი შავი ზღვიდან თავისუფლად მოდის, ხოლო გრილ აღმოსავლეთის ქარს ჭანეთის ქედი აკავებს. ამიტომ აქ ადვილად მოჰყავთ კარგი საგემოვნო თვისებების მქონე ხილი: ლიმონი, ფორთოხალი, ზეთის-ხილი და სხვა.

ჭანეთში მეტწილად არც მებაღეობას მისდევენ და არც ხვნა-თესვას. ჭირნახული ისე ნაკლები მოსდით, რომ ჭანები ყოველს წელს ბათუმსა და ფოთში ყიდულობენ სიმინდს და ფეტვს. მიზეზი არის მიწის სიმცირე. როგორც ვთქვით, მთელი ეს ქვეყანა დაფენილია მთებით და მხოლოდ ზღვის სანაპიროზე მისდევს ვიწრო ვაკე ადგილი, სადაც აქაური სოფლები მჭიდროდ არის ჩამწკრივებული. აქ შინაური საქონლის ყოლაც არა აქვთ ჩვეულებად. მაგრამ ტყუილად არ არის ნათქვამი ქართული ანდაზა: „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. მიწის სივიწროვემ ჭანები იმისთანა გზაზე დააყენა, რომლითაც ბლომად  შეიძინეს ქონება. ისინი ზღვის შვილებად იქცნენ, ისწავლეს ნავებისა და ხომალდების მართვა და ისე დახელოვდნენ ამ ძნელსა და საშიშ საქმეში, რომ ზღვაში მათ ხელში ძნელად თუ მოხდება ხოლმე უბედურება.

ზღვაში მათი ოსტატობა, სიმარდე, გულადობა და მოხერხებულობა ინგლისელებსაც კი უკვირდათ, რომელთაც ტოლი არა ჰყავთ ნაოსნობასა და მეხომალდეობაში. მენავეობა და მეხომალდეობა კარგად აჯილდოვებს და კეთილი ცხოვრების სახსარს აძლევს ჭანებს. ჭანები მარტო სხვისი ხომალდების მარჯვე ტარებას არ სჯერდებიან, მათ თავისი საკუთარი ნავები და ხომალდები აქვთ და სხვადასხვა საქონელი სავაჭროდ გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე. ზღვასთან ბრძოლამ და უცხო ქვეყნებში მისვლა-მოსვლამ ჭანები გახადა უფრო მოძრავი, გამბედავი, ფხიზელი და ახალი საქმეების მიმდევარი.

ჭანები უცხო ქვეყნებში ყიდიან ხე-ტყეს, ლიმონს, ფორთოხალს, ზეთის ხილს და და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს; უფრო კი სავაჭროდ უცხო ქვეყნის ნაწარმი დააქვთ, მაგალითად: ფოთში, ბათუმში და სოხუმში იაფად ყიდულობენ სიმინდს, ღომს, აბრეშუმს, ბზას და შავი ზღვის სამხრეთის სანაპიროებზე კარგ ფასად ჰყიდიან.

ჭანებს კარგად ეხერხებათ მედუქნეობაც. შავი ზღვის სანაპიროზე, სამეგრელოდან მოყოლებული სინოპამდე, სავაჭრო დუქნები როგორც ქალაქში, ისე სოფლებში, ძირითადად ჭანებს ეკუთვნის. ჭანებში გავრცელებულია სხვადასხვა ხელობის ცოდნაც; ხუროობასა და კალატოზობაში ძლიერ განთქმულნი არიან. სამხრეთ საქართველოში, აგრეთვე გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში და ზემო ქართლში ბევრი ხის სახლი მათი აგებულია.

ჭანელი დედაკაცები შრომაში ტოლს არ უდებენ მამაკაცებს. ისინი არა მხოლიდ ოჯახის მოვლასა და შინაურს საქმეებს სჯერდებიან, არამედ ხვნა-თესვა და მკასაც კისრულობენ, - ამით კაცებს შესაძლებლობას აძლევენ ვაჭრობას და ხელოსნობას მეტი დრო დაუთმონ. ამდენ შრომასა და ჯაფას, რამდენსაც ჭანელი დედაკაცები იტანენ, ქალები საქართველოს არა კუთხეში არ ეწევიან. ამიტომ ჭანეთი დოვლათითა და ქონებით თითქმის საქართველოს ყველა კუთხეს სჯობს. ჭანებს ლაზათიანი სახლები უდგათ, შიგნით-გარეთ თეთრად გალესილი, ფანჯრებიანი და ბუხრიანი; სუფთა ტახტები მოფენილი აქვთ ხალიჩებით და ქეჩებით. სისუფთავე და მორთულობა მათ სახლებს საამურ საცხოვრებლად ხდის.

ჭანების შეძლებას კიდევ უფრო აშკარად გვიჩვენებს ჩაცმა-დახურვა. მაუდის, შალისა და აბრეშუმის ტანისამოსი თითქმის ყველა კაცს და ქალს აქვს. აქაური ტანსაცმლის თარგი და სტილი გურულია; მაგრამ ბევრად უფრო კარგი და ძვირფასი ქსოვილისგან არის დამზადებული.

კეთილი ცხოვრებისა და გარჯის გამო ჭანები ჯანმრთელები, წარმოსადეგები და ამტანები არიან.

ჭანეთის უფრო მოზრდილი სოფლებია: გონია, ხოფა, ლაროგა, არხავე, ირიზა, ათინა და სხვა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen