ტყეში იდგა გარეული ვაშლის ხე. შემოდგომაზე მჟავე ვაშლი ძირს ჩამოუვარდა. ფრინველებმა გაძიძგნეს ვაშლი და აკენკეს მისი გულის მარცვლები. მხოლოდ ერთი მარცვალი გადაურჩა ფრინველების ნისკარტს, ჩაიმალა მიწაში და იქ ჩარჩა.
ზამთარი ვაშლის მარცვალმა თოვლის ქვეშ გაატარა. გაზაფხულზე, როცა მზემ სველი მიწა გაათბო, მარცვალი გაღვივდა, მიწაში პაწაწინა ფესვები ჩაუშვა, ზევით კი ამოაყოფინა თავი ორ პატარა ფოთოლს. ფოთლებს შუა ამოიზარდა პატარა ღერო კოკორით. კოკორი კოკორს მოჰყვა, ფოთოლი ფოთოლს, ტოტი ტოტს და ექვსი-შვიდი წლის შემდეგ, იმ ადგილას, სადაც მარცვალი დაეცა ლამაზი ვაშლის ხე იწონებდა თავს, მისი ტოტები ვაშლებით შეხუნძლული.
ტყეში მებაღე მოვიდა ბარით, დაინახა ვაშლის ხე, მოეწონა და თქვა: მე ამას კარგად გამოვიყენებ. მებაღე მაშინვე შეუდგა ვაშლის ამოთხრას. ვაშლმა საცოდავად დაიწყო კანკალი და ფიქრობდა "ახლა კი მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე", მაგრამ მებაღემ ბარით ფრთხილად მოთხარა ხე, ფესვები არ გაუფუჭა, მიიტანა თავის ბაღში და ნოყიერ მიწაში დარგო.
ბაღში ვაშლი გაამპარტავნდა: „უსათუოდ იშვიათი ხეხილი ვარ, რომ ტყიდან ბაღში ნებივრად გადმომიტანეს და აქ თავაზიანად დამაბინავესო“, ფიქრობდა ვაშლი, და მაღლიდან მისი წვერი ამპარტავნულად დასცქეროდა ძირს სხვა ხეების უშნო რტოებს, რომლებიც ჩვრებში იყვნენ შეხვეულები. ის კი არ იცოდა, რომ ის მოექცა ნამყენების სანერგეში.
მეორე წელს მოვიდა მებაღე დიდი მოღუნული დანით და დაუწყო ვაშლს ჭრა. აკანკალდა ვაშლი და ფიქრობდა: „ახლა კი მართლა მომესწრაფა დღეო“. მებაღემ ვაშლს ყველა ტოტები სულ ძირში დააჭრა, მხოლოდ ერთი შუა ტოტი უფრო მაღლა მოჭრა და შეუნარჩუნა მხოლოდ ერთი მაღალი რტო. რტო მან ზემოდან ერთი თითის სიგრძეზე გააპო; ნაპრალში ჩაარჭო კარგი ჯიშის ვაშლის ახალი ყლორტი. ნაპრალის კიდეები სპეციალური წასასმელით ამოავსო, ყლორტს ჩვრები შემოახვია და აქეთ-იქიდან სარები შეუდგა. ამ ხერხით გარეულ ვაშლზე ჩინებული ვაშლი დაამყნო და შინ წავიდა.
ჩვენი ტოტებდაჭრილი ვაშლი შეუძლოდ გახდა; მაგრამ ის ახალგაზრდა და ძალღონით სავსე იყო; ამიტომ სწრაფად და ადვილად შეიხორცა უცხო ყლორტები, ანუ ნამყენები. ნამყენები იღებდნენ ძირიდან მძლავრი ვაშლის წვენს და სწრაფად იზრდებოდნენ. კოკორი კოკორზე გამოჰქონდათ, ფოთოლი ფოთოლზე, ყლორტი ყლორტზე, ტოტი ტოტზე და სამი წლის შემდეგ ვაშლი თეთრ-წითელი ყვავილებით გადაიპენტა. ყვავილები მალე ჩამოცვივდა და მის ადგილას გამოჩნდა ნაყოფის ჩანასახები, ანუ კოკრები. ეს კოკრები საშემოდგომოდ ვაშლებად გადაიქცნენ და ისიც როგორი ვაშლებად? ტყის წვრილ და მჟავე ვაშლს კი არ ჰგავდნენ, ისინი იყვნენ დიდრონები, წითლები, ტკბილი და ხრაშუნა.
სეთი სანაქებო ვაშლი გამოდგა, რომ სხვა ბაღებიდან მოდიოდნენ და მიჰქონდათ მისი ყლორტები დასამყნობად.


