(ლეგენდა)
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ძველად, ძველისძველად, როგორც ყველამ ვიცით, კაცობრიობა განადირებული სცხოვრებდა: ხვნა-თესვა არავინ იცოდა; სადგომი სახლი არავის მოეპოვებოდა, სადაც ვის დაუღამდებოდა, იქ გაუთენდებოდა; კაცი მოსძებნიდა გამოქვაბულს კლდეს, ან ხის ღრუვს და იმაში მოისვენებდა. ჭამის დროსაც არჩევანში არ შადიოდა, ღორივით, რასაც გაეწევოდა, შასჭამდა: მძოვრს, მწერს, ხვლიკს, გველს და სხვ. ცხვირს ზეით არ აიცილებდა; მისი გონებრივი სიმაღლე ხომ ერთის მაგალითითაც გამოიხატება: ქარი ცოცხალი არსება ეგონა და მუშტს უღერდა, თუ მოხვედი, თავპირს დაგამტვრევო. ეს კიდევ არაფერი.
იმ დროის კაცი თავისფერის კაცის ხორცს დაუზარავად შაექცეოდა. შაჭმის ნება იმასა ჰქონდა, ვინც ვის მოერეოდა; მკვლელი თავის მსხვერპლს კაცს სულ წინ-წინ გულს ამოარიდებდა და შასჭამდა, რა არის, ერთიორად გულადი გავხდეო, თვალებსაც ზედ დააყოლებდა, იქნება, ერთიორად შორს დავინახოვო. ეხლაც თუმც ეს ჩვეულება არის, მაგრამ სხვა სახით მოქმედობს: გულს იმიტომ ამოვარიდებთ ხოლმე ერთიმეორეს ამ მეცხრამეტე საუკუნეში, რომ იგი გული სამავნებლოდ მიგვაჩნია ჩვენის მშვიდობიანობის და მყუდროებისთვის; თვალებსაც დავთხრით ხოლმე კაცნი ერთმანერთს, მაგრამ საჭმელად კი არა, არამედ იმიტომ რომ ერთმა მეორე დავაბრმავოთ, - სხვისი სიბრმავე გვიყვარს.
ერთი იმ დროის კაცი, სახელად გოჩი, ზღვის პირად სცხოვრებდა გამოქვაბულში, სულ მარტოდ-მარტო; უზარმაზარი, ხშირის ბალნით დაფარულის ტანისა, თავდიდი, კბილდიდი, ცხვირდიდი იყო გოჩი; მისი გაწეწილი თმა-წვერი, კაცის გამხმარი სისხლით მორთული, შავს დიდრონს ხელებზედ დიდრონი ბრჩხილები, ადამიანის სისხლში ნათრევი, კაცს შეჰზარავდა. გოჩმა ახალგაზდობა კაცების ჭამაში გაატარა: იგი დადიოდა უღრანს, დაბურულს ტყეებში და სადაც კი მოიგდებდა ადამიანს, გაუჭეჭყდა თავსა, წამოიკიდებდა და მოიტანდა თავის ბინაზე.
გოჩი დაბერდა, იმას ცოცხალ კაცებზე ნადირობა აღარ შაეძლო, მუხლი და მკლავი აღარ მისდევდა, ეხლა გოჩი მხოლოდ ზღვაზე იყო დაიმედებული. გოჩი გამოვიდოდა ხოლმე და ზღვის პირად დაყიალობდა, მთის აჩრდილივით დიდი და ბნელი გოჩი, ალაგ-ალაგ მოიხრებოდა საზარლად, ზღვის ლამს და ქვიშას აცქერდებოდა. ეძებდა, აგები გამორიყული, დამრჩვალი კაცი ვიპოვნოვო. გოჩს წადილი ხშირად უსრულდებოდა. ბინა გოჩისა სავსე იყო კაცის ძვლებით. გამოქვაბულის ზემოთავში ელაგა გამოხრული კენჩხოები, კარებისაკენ წვრილი ძვლები, - ფერცხლები, კანჭები, სახსარში გადაკვნეტილი ხელის თითები. გოჩი როდესაც გაძღებოდა (მუდამ მაძღარი იყო მაინც), წამოჯდებოდა კლდის პირად და ათამაშებდა ძვლებს, ერთის ადგილიდამ მეორეზედ გადააწყობდა, ლუღლუღებდა ბალღივით, ხანდახან ხელებს დაბლა დააბარტყუნებდა.
გოჩი თავის სიცოცხლეში ყმაყოფილი იყო, არაფერი დაჰკლებია, მაგრამ ერთს დღეს, სიბერის ჟამს, ფრიად შესწუხდა. იგი ავად არ გამხდარა თავის სიცოცხლეში, დღეს კი ავადობასაებ რაღაც იგრძნო. ხორცი არ სტკიოდა, არამედ სული რაღაცას ითხოვდა გაბეზრებული; იგი წამოვარდებოდა გიჟივით, მოედებოდა ტყეს, ჩავარდებოდა ზღვის პირად, დარბოდა და დიდრონის ფეხებით ქვიშას აქეთ-იქით ისროდა, აწყვეტდა კლდეს თავს, კვნესოდა და ხვნეშოდა საზარლად; გოჩი დაიქანცა და გაიშხლარტა დაბლა, დედამიწაზე: ღმერთო! - დაიძახა იმან პირველად, - დამასვენე, მომეცი, რაც მაკლიაო. გოჩმა არ იცოდა, რა აკლდა. მოწყალე ღმერთს შაეცოდა გოჩი და გამოუგზავნა სიყვარული, რადგან მისი ნაკლი ის იყო.
სიყვარული პირველად მაშინ ჩამოვიდა ქვეყნად. სიყვარული წამოვიდა ციდამ პატარა, ნაზი, ნიბლია ჩიტის ტოლა, ჩიტის სახით; ნაცრის ფერი ჰქონდა და უმანკო იყო. დაჯდა გოჩის პირდაპირ ერთის კლდის თავზედ და მოჰყვა მღერას.
გოჩს რამდენის ჩიტის ხმა გაუგონია, მაგრამ ყური არ უგდია; სიყვარულის მღერაზე კი დაჰკიდა დიდრონი, გაწეწილი თავი, თვალები მოუწყლიანდა, გაეღიმა პირველად თავის სიცოცხლეში. საუცხოვო ძალა იგრძნო გოჩმა, მოინდომა სიყვარულთან ახლო მისვლა, მაგრამ მანამ ის ადგებოდა, სიყვარული თვითონ მიფრინდა და დაუჯდა წინ. სიყვარულმა ნახა ძვლები კაცისა, გასისხლული კარისპირი და შაეზარა.
- მოგეწონა ჩემი ხმა? - ჰკითხა მან გოჩსა.
- ფრიადო, - მიუგო გოჩმა, - ნეტავი სულ ჩემთან გამყოფა და ეგრე გაგალობაო.
სიყვარული გაფრინდა და ჩასახლდა გოჩის გულში. გოჩს სიყვარული ტყვიასავით მოჰხვდა. გოჩი გაყვითლდა, დაიწყო ღმეჭა და გრეხა, ბორგვნა; მისი ტანჯვა ეხლანდელი წინანდელს ბევრით აღემატებოდა: ღრიალებდა საშინლად, მისი და ზღვის ტალღების ბობოქრობა, ერთმანერთში არეული, მთა-ბარსა სძრავდა, ტყის ნადირი და ფრინველები გაფრთხნენ და გადიკარგნენ. გოჩი მისუსტებული ეგდო ერთი წელი, პირიდამ დორბლი და ქაფი სდიოდა. გოჩი ერთის წლის შემდეგ მორჩა და გადახალისებულად იგრძნო თავისი თავი. მიიხედ-მოიხედა და, რა კაცის ძვლები დახრული დაინახა, შესწუხდა. გაეღვიძა გულში სიბრალული, სინიდისი და ცრემლი მოსქდა თვალებიდამ, - დაიწყო ტირილი.
- ეს რა ჩამიდენიაო, - ჰყვიროდა გამწარებული, - ნუთუ მართლა კაცისმჭამელი ვიყავიო?
გოჩმა ეხლა სხვანაირად დაუწყო ძვლებს ცქერა, იგრძნო სიბრალული კაცისა; მოკრიფა ძვლები, აწყობდა ერთმანერთზე და თანაც ლუღლუღებდა: „ჰაი, თქვე საწყლებო, ჰაი, თქვე უბედურებო, ვაჰ, შენ ჩემო თავო!“ მაგრამ ამ აზრზე დიდხანს არ იდგა გოჩი. ერთხელ ის თავის სადგურის ახლო დადიოდა, დაინახა, რომ ერთის ჭანდრის ძირში, რომელსაც უსურვაზი აჰხვეოდა წვერამდის და სადაც ათასს ფრინველს დაესაბუდრა, წყაროს პირზე, ხშირს, მაღალს ბალახებში, დედაკაცი იჯდა, პატარა ბალღი გულზე მიჰხუტებოდა და ძუძუსა სწოვდა. გოჩმა შორიდამ თვალი შეასწრო თავის მსხვერპლს, წამოეპარა და დედა-შვილი ორივე ერთად დაიჭირა. დედა შვილს არ ანებებდა; გოჩმა მოჰკლა დედა და ბალღი ხელში აიყვანა. ფუნთუშა ბალღი გოჩს მოეწონა:
- გემრიელი ხორცი ექნებაო, - იფიქრა გოჩმა თავისთავად. მოინდომა მისი შეჭმა, მაგრამ გულიდამ ხმა მოესმა:
- რას შვრები, შე წყეულო, ბავშვი არ შასჭამოვო.
გოჩს კანკალი მოჰკიდა. იმან დასო ბალღი დაბლა, მიიხედ-მოიხედა, მოტრიალდა გაიარა ცოტად, შესდგა; ბალღის ხორცის გემო მოაგონდა, დაბრუნდა უკან; მივიდა, ბალღი ხელში აიყვანა.
- „ჰაა, ციცო!“ - მოესმა კიდევ ხმა. გოჩმა დასვა ბალღი ისევ ბალახებზე და გამობრუნდა: გეგონებოდათ, გადასწყვიტა, ეგ არი, აღარ შესჭამსო. მაგრამ უცებ მოტრიალდა, დაიღრიალა თავისებურად, ბევრი ფიქრი აღარ ეწადა, დაავლო ბალღს ხელი და სწრაფად გაგლიჯა შუაზე. გოჩმა ბალღი შაჭამა და სინანული დაიწყო, - რა მამივიდა ესაო… გოჩმა მას შემდეგ რამდენიმე სხვა შასჭამა და მხოლოდ მაშინ იწყებდა სინანულს, როდესაც გაძღებოდა. არ იქნა, გოჩის ერთის წლის სიყვარულმა ასის წლის ჩვეულება ვერ დასთრგუნა. გოჩი ეხლა უფრო მოუსვენრად და შეწუხებულად ჰგრძნობდა თავის თავს, ცალკე სინიდისი აწუხებდა, ცალკე - ჩვეულება. დაუწყო ღმერთს ხვეწნა:
- ღმერთო, მომაშორე, ეს რაღაც ბარგი ამკიდე - სინიდის-სიყვარულები, რომ დასვენებული ვიყო, ვიცხოვრო, როგორც აქამდის მიცხოვრიაო.
ღმერთმა იწყინა გოჩის ამგვარი თხოვნა, მოისაზრა მისი წარსული და ბრძანა:
- მაგას, რაკი სიკეთე არ ესმის, ისეთს მდგომარეობაში ჩავაგდებ, რომ თავისი თავი თვითონ დაასვენოს და მე აღარ შემაწუხოსო.
მართლაც, გამოუგზავნა დამბადებელმა გოჩს „გაუმაძღრობა“. რამდენიც ბევრსა სჭამდა გოჩი, იმდენი უფრო უცოფდებოდა კუჭი; არ იქნა, ვერ გაძღა. ბოლოს სთქვა გოჩმა:
- ესეთი სიცოცხლეც ღმერთმა შაარცხვინოსო. ადგა, მოძებნა ერთი მაღალი კლდე, შედგა იმაზედ და გადიჩეხა, ძირს ქვებზე ბღარტანი წაუვიდა. დაიმცხვრა გოჩი: ფეხები ცალკე გადაცვივდა, თავი ცალკე, ხელები ცალკე. დაისვენა გოჩმა? - რა თქმა უნდა, დაისვენა.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ნაცარი იქა, ფქვილი აქა,
ხაჭო იმას,
სიცოცხლე ჩვენა.


